№ას-1022-957-2012 10 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სს “პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ“ მოპასუხე სს „პ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 72 232.25 ევროს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 29 დეკემბერს სს „ტპ-სა” და რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან დასმულია სფფ-ს პრეიზდენტის ნ. ა-ის ფაქსიმილე;
რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ 2008 წლის 22 დეკემბრის №226 ბრძანების თანახმად, ნ. ა-ს პირადი განცხადების საფუძველზე 2008 წლის 22 დეკემბრიდან მიეცა კუთვნილი შვებულება 24 დღით, 2009 წლის 24 იანვრამდე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2011 წლის 12 აპრილის №12/5/8/1-442973 წერილის თანახმად, ნ. ა-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები და საკონტროლო გამტარი პუნქტების გავლით 2008 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა „აეროპორტ-თბილისის“ გავლით;
სს „პ-ს“ რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან“ მიღებული აქვს 72 232.45 ევროს ოდენობის თანხა პირგასამტეხლოს სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ წესდების 38-ე პუნქტის თანახმად, ხელმოწერის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებანი ხორციელდება სფფ-ს პრეზიდენტის ან მისი არყოფნის შემთხვევაში სფფ-ს გენერალური მდივნის მიერ. ნ. ა-ი 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების დროს იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და მას გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი. დასახელებული პუნქტის თანახმად, ფედერაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილება უნდა განხორციელებულიყო არა სფფ-ის პრეზიდენტის, არამედ სფფ-ს გენერალური მდივნის მიერ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის, აუცილებელი პირობა იყო გარიგების არსებით პირობებზე შეთანხმება შესაბამისი ფორმით და მასში მონაწილე სუბიექტების უფლებამოსილება შეთანხმების საგანზე. მოცემულ შემთხვევაში კი 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქალაქო სასამართლომ ასევე გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც ხელშეკრულება წარმოდგენილ მხარეებს შორის არ არსებობდა, ვინაიდან სახეზე არ იყო რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ წარმომადგენლის ნების გამოვლენა და ამგვარი ხელშეკრულება ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა, ანუ შემთხვევა, როდესაც ერთი პირის გამდიდრება მოხდა მეორის ხარჯზე და ეს გამდიდრება მოკლებული იყო იურიდიულ საფუძველს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ დამდგარი ობიექტური შედეგი, ხოლო ის, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - საქმისათვის არ იყო რელევანტური. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო არაუფლებამოსილი სუბიექტისგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2008 წლის 29 დეკემბერის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო გაფორმებული და, შესაბამისად, ნამდვილ გარიგებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მასში მონაწილე სუბიექტის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა ამგვარი ხელშეკრულების დადებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 29 დეკემბრის №ს/ც 0098 საკრედიტო ხელშეკრულებაზე მსესხებლის მხრიდან დასმულია რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტის - ნ. ა-ის ფაქსიმილე, ანუ ხელშეკრულების დადების ნება ამ შემთხვევაში გამოვლენილია სფფ-ს პრეზიდენტის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს არასამეწარმეო იურიდიული (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხებს. ამ ნორმის დანაწესით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის დამფუძნებელი-წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა-წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. საქმეში წარმოდგენილი რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ წესდების 38-ე მუხლით განისაზღვრება იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მქონე სუბიექტი, რომელსაც მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით წარმოადგენს სფფ-ს პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, სფფ-ს გენერალური მდივანი. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის, კერძოდ 2008 წლის 29 დეკემბერს რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტი - ნ. ა-ი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 2008 წლის 22 დეკემბრიდან 24 დღით, 2009 წლის 24 იანვრამდე (ტ. I. ს.ფ. 78). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2011 წლის 12 აპირილის წერილით დასტურდება, რომ ნ. ა-ი 2008 წლის 29 დეკემბერს საქართველოში არ იმყოფებოდა (ტ. I. ს.ფ. 134-135). ამდენად რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სახელით მესამე პირებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტს წარმოადეგნდა არა ნ. ა-ი, არამედ სფფ-ს გენერალური მდივანი. შესაბამისად, რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სახელით საკრედიტო ხელშერკულების დადების ნებაც სფფ გენერალურ მდივანს უნდა გამოევლინა. ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 29 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე დადებული გარიგება არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა, რომლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის დასაბუთება იმის თაობაზე, რომ ვიანიდან მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მიერ გადახდილი პირგასამტეხლო არ წარმოადგენდა უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულ თანხას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ამ ნორმის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე, ანუ ქონებრივი შეღავათის შეძენას ადგილი უნდა ჰქონდეს სხვისი ქონების ხელყოფის შედეგად. აუცილებელი პირობაა ისიც, რომ შესრულება სამართლებრივ საფუძველს მოცილებული უნდა იყოს. კერძოდ, გარიგება მისი ბათილობის გამო უნდა შეწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით სს „პ-ს“ გადაუხადა 72 232.45 ევრო. გამომდინარე იქიდან, რომ გამოიკვეთა საკრედიტო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, სახეზე იყო სს „პ-ის“ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტიც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „პ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, ვინაიდან ვალდებულების შესრულება მოხდა კანონის სრული დაცვით გაფორმებული საკრედიტო ხელშერკულების შესაბამისად და სასამართლოს მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ ჰქონდა. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო გარიგება ხელმოწერილია რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტის მიერ, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერის დროს რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ წესდების 36-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენდა მოსარჩელის წარმომადგენელს მესამე პირებთან ურთიერთობაში და გააჩნდა ხელმოწერის უფლება;
კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც სადავო გარიგება არაუფლებამოსილი პირის მიერ ყოფილიყო ხელმოწერილი, შემდეგში მოსარჩელემ მოიწონა ეს გარიგება და დაეთანხმა მას, შესაბამისად დაკარგა შეცილების უფლება სამოქალაქო კოდექსის 61-ე და 111-ე მუხლების თანახმად. შემდგომი თანხმობა (მოწონება) კი გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელემ მიიღო სადავო ხელშეკრულებით გამოყოფილი თანხა და გამოიყენა იგი. ეს გარემოება დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე, ასევე ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ არბიტრაჟში საქმის განხილვის დროს რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ“ საარბიტრაჟო სარჩელი ცნო და აღიარა ბანკის წინაშე დავალიანების არსებობა. ამასვე მოწმობს 2011 წლის 11 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც მოსარჩელე აღიარებს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების არსებობას;
კასატორი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სადავო გარიგება ნამდვილია, ამიტომ განსახილველ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს სკ-ის 976-ე მუხლი;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით (სადავო გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით), პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეთანხმება არბიტრაჟის განსახილველად დავის გადაცემის შესახებ (საარბიტრაჟო შეთანხმება) იდება წერილობით.
მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონი (ამოქმედდა 2010 წლის 1-ლი იანვრიდან). კერძოდ, მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელის და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებულ მხარეთა შეთანხმებას, დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, აქვს იურიდიული ძალა, რომელიც ავალდებულებს შეთანხმების მხარეებს, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია.
დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს სარჩელი იმ დავაზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ხოლო, თუ რომელიმე მხარე მაინც მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მაშინ სასამართლო ვალდებულია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება. სასამართლოს ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე და 272-ე მუხლებიდან, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-9 მუხლიდან, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს, ხოლო, „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება იმ დავაზე შეტანილ სარჩელზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. ამასთან, სასამართლოს ამ საპროცესო მოქმედებების შესრულება შეუძლია თავისი ინიციატივითაც, თუ გამოარკვევს, რომ არსებობს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან საქმის წარმოების შეწყვეტის ზემოხსენებული საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:
სს „ტპ-სა“ (უფლებამონაცვლე სს “პ-ი“) და რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ შორის 2008 წლის 29 დეკემბერს დაიდო # ს/ც 0098 საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 12.2 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმე განსახილველად გადაეცემა მუდმოვმოქმედ (კერძო) არბიტრაჟს, რომლის შერჩევა ხდება საარბიტრაჟო პრეტენზიის შემტანის ინიციატივით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 14-17);
სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2010 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით: 1. სს „ტპ-ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ სს „ტპ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 399649.31 ევროს გადახდა; 3. რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ სს „ტპ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 266.31 ევროს ოდენობით 2010 წლის 15 ივლისიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4. რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ სს „ტპ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის (საარბიტრაჟო შენატანის) გადახდა;
ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე ცნო საარბიტრაჟო სარჩელი, აღიარა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არსებობა და საარბიტრაჟო სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება (ტომი 1, ს.ფ. 60-63);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ცნობილ იქნა და აღსრულებას დაექვემდებარა სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2010 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რაზედაც 2010 წლის 15 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 64).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის მიხედვით, სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება განსახილველად გადაეცა მუდმოვმოქმედ (კერძო) არბიტრაჟს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ - რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ“ მონაწილეობა მიიღო საარბიტრაჟო განხილვაში, პრეტენზია არ გამოუთქვამს საქმის განმხილველი არბიტრაჟის კომპეტენციაზე და ცნო საარბიტრაჟო სარჩელი. აღსანიშნავია ასევე, რომ რკ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ არც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავისა და უთანხმოების არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე ბათილი ან ძალადაკარგული არ არის, იგი იურიდიული ძალის მქონეა, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო და განეხილა სარჩელი 2008 წლის 29 დეკემბერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომელიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები, თუ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის რაიმე განსხვავებული წესი არც საკასაციო და არც სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის არაა დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის რაიმე განსხვავებულ წესს სააპელაციო და საკასაციო წარმოება არ ითვალისწინებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლოს განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, თუ სარჩელზე წარმოება წყდება სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაშინ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით უნდა გაუქმდეს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. მართალია, ასეთი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამოქალაქო საპროცესო ნორმა არ არსებობს, მაგრამ, ვინაიდან სარჩელზე წარმოების შეწყვეტით, სამოქალაქო საქმის წარმოება მთავრდება სარჩელის განხილვის გარეშე, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება შენარჩუნებული საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. ზემოაღნიშნული მსჯელობის მართებულობას ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას, სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მართალია, სარჩელის გამოხმობისას მოსარჩელე იტოვებს უფლებას, კვლავ აღძრას იგივე სარჩელი, მაგრამ საქმის წარმოება ამ შემთხვევაშიც მთავრდება სარჩელის არსებითი განხილვის გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მითითებული ნორმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი ვალდებულია, შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამ დროს მხედველობაში მიიღება არა მარტო საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი, არამედ, ის ხარჯებიც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა ქვემდგომ ინსტანციებში საქმეთა განხილვისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა - მოპასუხის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, ამიტომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო წარმოებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება, საქმე #ას-795-849-2011).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „პ-ს“ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 7000 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 190), ხოლო, საკასაციო საჩივარზე - 8000 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 95). აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 15000 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე, - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სარჩელის გამო მოპასუხე სს „პ-ის“ მიმართ უსაფუძვლოდ გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნების თაობაზე;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
3. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ სს „პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 15000 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე