№ ას-1210-1139-2012 2 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს “ჯ. ც-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ი. 21“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენების აკრძალვა და მოპასუხის მართლზომიერი ფლობიდან მისი გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ი. 21-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ჯ.ც-ის“ წინააღმდეგ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-18 და 59-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის კუთვნილი მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენების აკრძალვა და ამ ბაზის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ი. XXI-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ჯ. ც-ს” აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება და დაევალა ამ ბაზის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ. ც-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს “ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2001 წლიდან დღემდე სს ,,ი. XXI“ ეწევა სატელეფონო საინფორმაციო მომსახურებას და ბაზარზე წარმოდგენილია ,,საინფორმაციო ცენტრ 09-ის” სახელით.
სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაწევისათვის მოსარჩელე იყენებს ნუმერაციის რესურს 09-ს, რომლის გამოყენების უფლებას მას ამ საქმიანობისათვის 2007 წლიდან დღემდე ანიჭებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა ეფუძნება სისტემური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით შექმნილ ინფორმაციის საძიებელ ბაზას ე.წ მონაცემთა ბაზას, რომელიც დამუშავებულია ელექტრონულ ფორმატში კომპიუტერული პროგრამის უზრუნველყოფით. ამ მონაცემთა ბაზის მეშვეობით მოსარჩელის მიერ წარმოებს კონკრეტული სატელეფონო აბონენტისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და მისთვის მიცემა.
მოსარჩელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ყველა შესაძლო მოთხოვნადი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავება და სათანადო მონაცემთა ბაზაში მოქცევა, რისთვისაც მოსარჩელემ ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით განახორციელა არსებითი ინვესტიცია, შექმნა უნიკალური მონაცემთა ბაზა და მოახდინა მისი დეპონირება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრში - საქპატენტში. ხსენებული მონაცემთა ბაზა ეფუძნება წლების განმავლობაში მოპოვებულ და დამუშავებულ ინფორმაციას. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს წარმოუდგენია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მითითებული გარემოებები მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 217–229), მან მხოლოდ საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, ეჭვქვეშ დააყენა მოსარჩელის საკუთრების უფლება მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე.
2007 წელს მოპასუხე გ. ქოჩლაძე გათავისუფლდა სს ,,ი. XXI-ს“ გენერალური დირექტორის თანმდებობიდან.
2006 წლიდან დღემდე შპს ,,ჯ. ც” ეწევა სატელეფონო საინფორმაციო მომსახურებას და ბაზარზე წარმოდგენილია ,,საინფორმაციო ცენტრ 08-ის” სახელით.
სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაწევისათვის მოპასუხე იყენებს ნუმერაციის რესურს 08-ს, რომლის გამოყენების უფლებას მას ამ საქმიანობისათვის 2006 წლიდან დღემდე ანიჭებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
მოპასუხე შპს ,,ჯ. ცს” ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი გ. ქოჩლაძე.
ნუმერაციის რესურს 08-ის გამოყენებას სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურებისათვის 2008-2009 წლებში ეწეოდა მოპასუხე შპს ,,ცნობარი 08”, 2010-2011 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვემდე (ჩათვლით) – შპს ,,საინფორმაციო სამსახური 08” და 2011 წლის 29 ნოემბრის შემდგომ კი მონაცემთა ბაზით სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსი 118-08-ის გამოყენების უფლება მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ შპს ,,ჯეო ცნობარს”.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,ჯ. ც-დან” ამოღებული მონაცემთა ბაზა წარმოებულია სს ,,ი. XXI-ის“ მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ჯ. ც-ს” მონაცემთა ბაზის წყაროს წარმოადგენს მოსარჩელე სს ,,ი. XXI-ის“ მონაცემთა ბაზა. პალატამ, აღნიშნული დასკვნა დააფუძნა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნაზე იმის შესახებ, რომ „იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელთა შედარებაც მოხერხდა და იქნა გამოვლენილი მსგავსებები (იხ. დანართი №11-50), გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ ისინი აღებულია საერთო წყაროდან (მონაცემთა ბაზიდან, ცხრილებიდან ან სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან)“. აღნიშნული გარემოება ექსპერტებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზეც და იგი არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ამასთან, სადავო მონაცემთა ბაზა შექმნილია სს ,,ი. XXI-ის“ მიერ, რომელმაც 2008 წელს განახორციელა მისი დეპონირება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრში - საქპატენტში. მითითებული გარემოებები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელ უტყუარ არგუმენტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102- ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, პალატამ სრულად გაიზიარა ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოპასუხე შპს ,,ჯ. ც-ს” არ წარმოუდგენია მათი გამაბათილებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ შპს ,,ჯ. ც-ი” არსებული მონაცემთა ბაზის საწყისად აღებული იყო სს ,,ი. XXI-ში“ დამუშავებული მონაცემთა ბაზის ვერსია, რომელიც არსებობდა საინფორმაციო ცენტრ „09-ში„ გ. ქ-ის დირექტორად მუშაობის მომენტისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-4, მე-18, 54-ე და 59-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ. ც-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამათლომ არასწორად განმარტა გამოყენებული კანონები, გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, კერძოდ – სამართლებრივ შეფასებაში სასამართლო ეყრდნობა საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ პირველი, მე-4, მე-18, 54-ე და 59-ე მუხლებს, აღნიშნულ მუხლებში ძირითადად მოცემულია ტერმინთა განმარტებები და ავტორის, უფლებათმფლობელების უფლებების დაცვის ფარგლები. თუმცა მოსამართლემ საერთოდ არ იმსჯელა, ჩვენს მიერ დასმულ, დავის სამართლიანი გადაწყვეტისათვის საჭირო, უმნიშვნელოვანეს შემდეგ საკითხებზე – თუ კონკრეტულ დავაში რა არის მონაცემთა ბაზა, რით დასტურდება მოსარჩელის (“ი. 21“) კუთვნილება, განსაკუთრებული უფლებები მონაცემთა ბაზაზე და რითი დასტურდება (მტკიცდება) აპელანტის მიერ მოპასუხე მხარისაგან საინფორმაციო ბაზის მითვისების ფაქტი.
პირველ რიგში მოსამართლეს უნდა შეეფასებინა და განეხილა თუ რა არის კონკრეტულ შემთხვევაში საავტორო სამართლის ობიექტი „მონაცემთა ბაზა“, რაზეც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა. თუმცა ეს საკითხიც მნიშვნელოვანია დავის სამართლიანი გადაწყვეტისათვის. კერძოდ „ავტორი“ არის – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები (ამავე კანონის მე-4 მუხლი, ტერმინთა განმარტება, ა) პუნქტი) შესაბამისად, თუკი ვსაუბრობთ საავტორო უფლებაზე და კანონის მე-18 მუხლით (ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები) განსაზღვრულ განსაკუთრებულ ქონებრივ უფლებებზე (რითაც იხელმძღვანელა მოსამართლემ), მაშინ აღნიშნული უფლებები მოპასუხე მხარეს უნდა ქონდეს მოპოვებული თავად ავტორისაგან. როგორც მოგეხსენებათ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის“ 35-ე მუხლის 1. პუნქტის შესაბამისად „საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით“. ასევე ამავე კანონის მე-16 მუხლის 1. პუნქტის შესაბამისად ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან, ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ჩვენს შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მონაცემთა ბაზაზე განსაკუთრებული საავტორო უფლებები უნდა მიეღო შრომითი, განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულების ან ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავტორისგან განსაკუთრებული უფლებების გადაცემის ფაქტს, იმ შემთხვევაში თუ ეს უფლებები მას მოპოვებული ჰქონდა „სამსახურებრივი ნაწარმოების“ ფარგლებში მაშინ მას უნდა წარმოედგინა შრომითი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა შრომითი ურთიერთობების შედეგად ბაზაზე ან მის ცალკეულ ნაწილზე განსაკუთრებული უფლებების წარმოშობის ფაქტს, ხოლო თუ ეს უფლებები „09“-ს მოპოვებული აქვს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე მაშინ მას უნდა წარმოედგინა განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება (საავტორო კანონის 37-ე მუხლი), იმ შემთხვევაში კი თუ ბაზის შექმნა დაუკვეთეს ავტორს და ამის შედეგად მოხდა მასზე განსაკუთრებული უფლებების მიღება, მაშინ მოპასუხე მხარეს უნდა წარმოედგინა ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მოპასუხე მხარემ, როგორც განსაკუთრებულ საავტორო უფლებათმფლობელმა აუკრძალოს ვინმეს რაიმე ფორმით ბაზის გამოყენება (კანონის 18-ე მუხლი), მაშინ მას უნდა ჰქონდეს თავად, ლეგიტიმურად მოპოვებული ეს უფლებები რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ხოლო თუკი განვიხილავთ საკითხს კანონის 54-ე მუხლის დეფინიციიდან დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება), აქაც ანალოგიურ საკითხთან მივდივართ, კერძოდ როგორც ეს მუხლი განმარტავს ბაზის დამამზადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ. მოსამართლემ ამის დადასსტურებად მიიჩნია, მხოლოდ “ი. 21-ის“ წარმომადგენლის ზეპირი განცხადებები (იხ. სარჩელი, 30.04.12 წ. სხდომის ოქმი, ჩანაწერი 035 მოსარჩელის ახსნა-განმარტება), არადა, ყველა პოზიციის დადასტურების დადგენას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა მხოლოდ ზეპირი განცხადების საფუძველზე მიიჩნია მოსამართლემ აღნიშნული დადასტურებულად. მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია “ი. 21-ის“ განცხადებები და წარმოდგენილი 2 მტკიცებულება, კერძოდ მტკიცებულება ნუმერაციის რესურსი 09-სა და დეპონირების მოწმობის ფლობა იმისათვის რათა დაესკვნა, რომ სადაო მონაცემთა ბაზა ნამდვილად ეკუთვნის “ი. 21-ს“ და თითქოს სწორედ ამ ბაზის უკანონო მითვისება მოხდა შპს “ჯ-ის“ მიერ. რასაც ასევე ვერ დავეთანხმებით. რაც შეეხება დეპონირების საკითხს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად 1) საავტორო უფლება მეცნეიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა“. 2) „საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა“. ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე დაასკვნა მოსამართლემ “ჯ-ის“ მხრიდან ი. 21-ის მონაცემთა ბაზის მითვისების ფაქტი, კერძოდ იგი მითვისების ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირ განცხადებების საფუძველზე და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ “ჯ.ც-ის“ მომქმედი დირექტორი გ. ქ-ე 2006-2007 წლებში მუშაობდა „ი. 21-ის“ დირექტორად და მას თანამდებობიდან გამომდინარე ხელი მიუწვდებოდა „09-ს“ მონაცემთა ბაზასთან. თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რაც დაადასტურებდა აღნიშნულს და მხოლოდ ის ფაქტი რომ გ. ქ-ეს ეკავა დირექტორის თანამდებობა „09-ში“ არ შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ მან ნამდვილად მოახდინა მონაცემთა ბაზის მითვისება და მისი შემდგომი „08-ში დანერგვა. მოგეხსენებათ ბიზნეს სექტორში ხშირია სხვადასხვა თანამდებობის პირთა გადაადგილება ერთი კომპანიიდან მეორეში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შესაბამისად ეს გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დადასტურებულად.
ამასთანავე გადაწყვეტილებაში ბაზის მითვისებისა და იდენტურობის საფუძვლად მითითებულია საექსპერტო დასკვნა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №010200-2012/09/1) და იმის საფუძველზე, რომ დასკვნაში ნათქვამია – „იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელთა შედარებაც მოხერხდა და იქნა გამოვლენილი მსგავსებები, გვაძლევს იმის საშუალებს დავასკვნათ, რომ ისინი აღებულია საერთო წყაროდან, თუმცა დასკვნის, როგორც ეს ნაწილი ასევე დასკვნაზე მომუშავე ექსპერპტების განცხადებები ცხადყოფს მხოლოდ საერთო წყაროს არსებობას თანაც მხოლოდ იმ ნაწილში რაშიც საერთო ბაზის მცირე ნაწილის მონაცემები დაემთხვა ერთმანეთს და არც დასკვნით და არც ექსპერტების განცხადებებით არ დასტურდება, რომ “ჯ.ც-ის“ ბაზის წყარო არის „ი. 21-ის“ ბაზა (იხ. დანართი საექსპერტო დასკვნა, ფურცელი 11-27, სასამართლო სხდომის ოქმი 17.04.2012 დანომრილი 031 ფაილად).
გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ არ შეაფასა და არ განმარტა, თუ რა არის მონაცემთა ბაზა, შესაბამისად გადაწყვეტილებიდან არ ჩანს თუ რა იქნა მიჩნეული მონაცემთა ბაზად და რისი გამოყენების აკრძალვა და უკან დაბრუნება დააკისრა “ჯ. ც-ს“? თუ საუბარია „08“ მიერ, მისი მთლიანი მონაცემთა ბაზები მათი ტექნიკური, სტრუქტურული წყობით, ბიზნეს ლოგიკით, 19 ცხრილის გარდა ყველა სხვა ცხრილებით და ა.შ. სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან (იხ.დანართი საექსპერტო დასკვნა) და მოწინააღმდეგე მხარეს არც მოუთხოვია მთლიანი ბაზის გამოყენების აკრძალვა და დაბრუნება, მეტიც მოპასუხე მხარე ბაზად მიიჩნევს და შესაბამისად მოითხოვდა მხოლოდ ბაზის ცხრილების იმ ნაწილის გამოყენების აკრძალვას და დაბრუნებას, სადაც მოხდა ინფორმაციისა და სერვისების (მომსახურეობების) დამთხვევა და თუნდა დადასტურდეს (ხაზს ვუსმევთ „თუნდაც“) ერთმანეთს იდენტურად დამხთვეული მონაცემებისა და ცხრილების „09-ზე“ კუთვნილების ფაქტი, მაშინ რატომ უნდა აეკრძალოს “ჯ. ც-ს“ მთლიანი ბაზის გამოყენება, ხოლო თუ საუბარია ბაზის ცხრილების იმ ნაწილზე, რომელიც იდენტურად დაემთხვა ერთმანეთს და წარმოადგნენს ბაზის მინიმალურ ნაწილს, მაშინ რატომ არ მოხდა მოსამართლის მიერ ამის დაკონკრეტება, მითუმეტეს, რომ საქმის მასალიდან გამომდინარე ცალსლახად არ დასტურდება, რომ დამთხვეული მონაცემების წყარო არის „09-ს“ ბაზა და იგი მითვისებულია „08-ს“ მიერ. თავად ცხრილი და მასში შეტანილი მონაცემები წარმოადგენს ინფომაციის თავმოყრის ადგილს, სადაც შეტანილი მხოლოდ ინფორმაცია, მონაცემები, რაც არ შეიძლება იყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის ობიექტი, შესაბამისად, შეუძლებელია ვინმეს აეკრძალოს ინფორმაციის გამოყენების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასრულია და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მეტიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, უარი ეთქვას მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჯ.ც-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლებისა და ზემომითითებული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს “ჯ. ც-დან“ ამოღებული მონაცემთა ბაზა წარმოებულია სს “ი. XXI–ის“ მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისად, მოპასუხე შპს”ჯ. ც-ის“ მონაცემთა ბაზის წყაროს წარმოადგენს მოსარჩელე შპს “ი. XXI”–ის მონაცემთა ბაზა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული დასკვნა ეფუძნება საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რომ „იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელთა შედარებაც მოხერხდა და იქნა გამოვლენილი მსგავსებები (იხ. დანართი #11–50), გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ ისინი აღებულია საერთო წყაროდან (მონაცემთა ბაზიდან, ცხრილებიდან ან სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან)“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული საკითხებით არ დგინდება საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელია სწორი სამართლებრივი დასკვნებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ,საკასაციო სასამართლოში განსახილველი საქმის თავისებურებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მხარეთა მონაცემთა ბაზების (რომლებიც არ წარმოადგენენ ნაწარმოებს) შედარებით მათი მთლიანი ან მნიშვნელოვანი ნაწილის დამთხვევის გარკვევა. ასევე მის დამზადებაში არსებითი ინვისტიციის განხორციელების ფაქტის დადგენა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გასარკვევად პასუხი უნდა გაიცეს შემდეგ კითხვებზე: არის თუ არა სს “ი. XXI“ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის დამამზადებელი? რა სახის მონაცემთა ბაზა წარმოადგენს განხილვის საგანს? იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტიზის მიერ შედარებულ მონაცემებს შორის დადგენილ მსგავსების შედეგად ვასკვნით, რომ ეს მონაცემები აღებულია საერთო წყაროდან (მონაცემთა ბაზიდან, ცხრილებიდან ან სხვა საინფორმაციო საშუალებიდან) მიუთითებს თუ არა მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევაზე?
პირველ კითხვასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის დამამზადებელს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს დადგენილ პროცესუალურ ფაქტზე, რომ კასატორმა მხოლოდ საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, დააყენა ეჭვისქვეშ სს “ი. XXI–ის“ საკუთრების უფლება მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე. კასატორი ამის საწინააღმდეგოს არ უთითებს საკასაციო საჩივარში, ამდენად, ამ ფაქტების მიმართ კასატორს არ გააჩნია დასაბუთებული პრეტენზია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, რაც მიუთითებს ამ ფაქტების სავალდებულო ძალაზე საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 ნაწილით რეგულირდება მონაცემთა ბაზის ავტორის განსაკუთრებული უფლებები (საავტორო უფლება მონაცემთა ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს ნაწარმოებს), თუმცა ამავე კანონის 54–ე მუხლი გვაძლევს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის დეფინიციას (მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მომიჯნავე უფლება, რომელიც არ არის ნაწარმოები) და აზუსტებს მონაცემთა ბაზის ავტორის, დამამზადებლის განსაკუთრებულ უფლებებს.
განსახილველი ნორმები მიგვითითებენ იმაზე, რომ მონაცემთა ბაზები შეიძლება დაიყოს ნაწარმოებ და ისეთ მონაცემთა ბაზებად, რომლებიც არ წარმოადგენენ ნაწარმოებს.
იმისათვის, რომ მონაცემთა ბაზა მივიჩნიოთ საავტორო უფლების ობიექტად, იგი უნდა იყოს მასალის შერჩევისა და განლაგების ინტელექტუალურ–შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი („საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 ნაწილი, მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი, მე–6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მომიჯნავე უფლება (ამავე კანონის 54–ე მუხლი) ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ნაწარმოებს (არაშემოქმედებითია), მაგრამ სამართლებრივ დაცვას იძენენ იმ შემთხვევაში, თუ მის შედგენასთან დაკავშირებით განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია, ამიტომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მნიშვნელობას იძენს, მონაცემთა ბაზის შინაარსი, მაგრამ არა ცალ-ცალკე აღებული, არამედ ამ ინფორმაციის მთელი მოცულობა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ქმნის ერთიან სისტემას.
იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ მოცემული მონაცემთა ბაზები ეხება ნაწარმოებს, რომლებიც წარმოადგენენ განსახილველი კანონით საავტორო უფლების დაცვის ობიექტს, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სახის მონაცემთა ბაზის სამართლებრივი დაცვის თავისებურება, როგორც შედგენილი ნაწარმოების, მდგომარეობს იმაში, რომ დაცვის საგანს წარმოადგენს არა მასში შემავალი ინფორმაცია (რაც შეიძლება დაცვის ობიექტი იყოს დამოუკიდებლად მონაცემთა ბაზისაგან), არამედ მონაცემთა ბაზაში მასალის ორიგინალური შერჩევა და განლაგება, ხოლო, თუ მივიჩნევთ, რომ მითითებული ბაზები არ წარმოადგენენ ნაწარმოებს, მაშინ მნიშვნელობა ენიჭება მის შინაარს, როგორც ერთიან საინფორმაციო მასივს და მისი დამზადებისათვის მნიშვნელოვანი რესურსის გაღებას.
აქედან გამომდინარე, სწორი სამართლებრივი დასაბუთების ორგანიზებისათვის აუცილებელია, განისაზღვროს რა სახის ინფორმაციისაგან შედგება მონაცემთა ბაზა და როგორ ხდება მისი მოქცევა მონაცემთა ბაზაში.
მითითებული პირობების განსაზღვრა განაპირობებს მონაცემთა ბაზის სახეობის დადგენას. მხოლოდ ამ სახეობის განსაზღვრის შემთხვევაშია შესაძლებელი მისი სწორი სამართლებრივი შეფასება.
აქედან გამომდინარე, უნდა განვასხვავოთ ის არსებითი პირობები, რომლებიც ახასიათებს მონაცემთა ბაზას, რომელიც წარმოადგენს ნაწარმოებს (მოითხოვს შემოქმედებით საქმიანობას), იმ მონაცემთა ბაზისაგან, რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს (არ მოითხოვს შემოქმედებით საქმიანობას).
მონაცემთა ბაზის საერთო დეფინიცია მოცემულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად მონაცემთა ბაზა არის სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ანდა სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ; მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება; ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.
განსახილველი ნორმა (რომელიც ეხება საავტორო და არა მომიჯნავე უფლებებს) იცავს მონაცემთა ბაზის საავტორო უფლებას, რომელიც წარმოადგენს ნაწარმოებს (განსხვავებით ამავე კანონის 54-ე მუხლით განსზღვრულ მონაცემთა ბაზისაგან), კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებულია მონაცემთა ბაზა, როგორც შედგენილი ნაწარმოები. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, მონაცემთა ბაზას, როგორც შედგენილ ნაწარმოებს, ახასიათებს ზოგადად ნაწარმოების ყველა ნიშან-თვისება იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ახასიათებდეს შედგენილ ნაწარმოებს, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს წარმოადგენს შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს, ხოლო ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად, ანუ უნდა იყოს ინდივიდუალური.
აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც საუბარია მითითებული სახის (ნაწარმოების) მონაცემთა ბაზაზე, აუცილებელია, რომ ის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს უკავშირდებოდეს, სადაც გამოკვეთილია ავტორის პიროვნება, რომელმაც შესძინა ნაწარმოებს სიახლე და ორიგინალობა, მაგრამ, ასევე ყურადსაღებია, რომ ამ სახის მონაცემთა ბაზისათვის მნიშვნელობა ენიჭება არა მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ინფორმაციას, არამედ, მასალის შერჩევასა და განლაგებას. აქედან გამომდინარე, ამ სახის მონაცემთა ბაზის, როგორც საავტორო უფლების დაცვის ობიექტის განსაზღვრისათვის აუცილებელია ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, რაც უკავშირდება მასალის შერჩევასა და განლაგებას.
საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად ავტორის აზრები და წარმოდგენები ხორციელდება ობიექტური ფორმაში, რაც უნდა წარმოადგენდეს ახალ, ორიგინალურ, განსხვავებულ ობიექტს.
აქედან გამომდინარე ამ სახის მონაცემთა ბაზაზე შეიძლება გავრცელდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი. კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამ ნორმის თანახმად შემდგენელი არ წარმოადგენს ორიგინალური ნაწარმოების ავტორს, მას ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, თუ იგი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს.
მონაცემთა ბაზის მეორე სახეობას წარმოადგენს იმ მონაცემთა ბაზა, რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს. მხედველობაშია, მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება ფაქტებისაგან, ინფორმაციებისაგან, სხვადასხვა ხასიათის ცნობებისაგან და ა.შ., რომლებიც არ მოითხოვენ ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს ასეთი სახის მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ის რესურსები, რომლებიც დაიხარჯა მონაცემთა ბაზის დამზადებაში.
„საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ანდა რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ანდა ხელახალი გამოყენება.
ამდენად, მეორე კითხვასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული სადავო მონაცემთა ბაზები ის მონაცემთა ბაზებია, რომლებიც არ წარმოადგენენ ნაწარმოებს და, ამდენად, მოითხოვენ შეფასებას ზემომითითებული მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ექსპერტისადმი დასმული კითხვების შინაარსი განპირობებული უნდა იქნეს შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით, რომლითაც რეგულირდება ამ სახის მონცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილოთ ექსპერტიზის დასკვნაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ექსპერტისადმი სასამართლოს მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, შედარებულ იქნა მხარეთა მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს “ჯ. ც-დან“ ამოღებული მონაცემთა ბაზის სქემები, პროცედურები, მომხმარებლები და ტრიგერები არ ემთხვევა შპს “ი. XXI–ის“ მიერ წარმოდგენილ მონაცემთა ბაზის შესაბამის ელემენტებს.
ამასთან ერთად, სს “ი. XXI–ის“ მონაცემთა ბაზის 242 ცხრილიდან 205 ცხრილი ვერ მოიძებნა შპს “ჯ. ც-ი“-ს მონაცემთა ბაზაში ან შედარება ვერ მოხერხდა ცხრილების სტრუქტურებიდან გამომდინარე. შპს “ჯ.ც-ის“ მონაცემთა ბაზის 176 ცხრილიდან 139 ცხრილი ვერ მოიძებნა სს “ი. XXI”–ის მონაცემთა ბაზაში ან შედარება ვერ მოხერხდა ცხრილების სტრუქტურებიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლეული და შედარებულია, კერძოდ, ცხრილების სახელები, საერთო დასახელების მქონე ცხრილები, სერვერის მიწოდებისათვის საჭირო ცხრილების მონაცემები და მათი შეყვანის თანმიმდევრობა.
ორივე მონაცემთა ბაზაში მონაცემების შესადარებლად ექსპერტიზამ აირჩია ორი მეთოდი: მსგავსი შეცდომების მოძიება და შედარება; ცხრილის მონაცემების დალაგება იდენტიფიკატორის მიხედვით და მონაცემების შეყვანის თანმიმდევრობის დადგენა ამ მეთოდის საშუალებით, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამთხვევა დაფიქსირდა ცხრილების სახელების შედარებისას მაგალითად, სამარშრუტო ავტობუსების, ქალაქების, ქუჩების და ა.შ. შესახებ ინფორმაცია, (ექსპერტიზის დასვნის №5 დანართი), ასევე საერთო დასახელების მქონე ცხრილების შესაბამისი ველების დასახელებებს შორის (ექსპერტიზის დასვნის №6 დანართი).
წარმოდგენილ ბაზებს შორის დამთხვევა დადგინდა სერვერის მიწოდებისათვის საჭირო ცხრილებს შორის (ექსპერტიზის დასვნის №11 დანართი). კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შედარებულ შემდეგ ცხრილებზე: აბონენტისა და ორგანიზაციის შესახებ; საეკლესიო კალენდრის შესახებ; ქალაქების შესახებ; ქალაქებს შორის მანძილების შესახებ; ქალაქების რეგიონების შესახებ; ქალაქების ტიპების შესახებ; ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ; ღონისძიებათა ადგილმდებარეობის შესახებ; ღონისძიებების ტიპების შესახებ; სოფლებისა, ქალაქების და რაიონების ინდექსების შესახებ; აბონენტების გვარების ცხრილების შესახებ; ორგანიზაციების იურიდიული სახეობების შესახებ; ორგანიზაციების შესახებ; ტელეფონის ნომრის შესახებ; ვალუტის შესახებ; სერვისების შესახებ; სატრანსპორტო საშუალებების, კომპანიების და სადგურების და ა. შ. ინფორმაციის არსებობაზე.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მონაცემთა ბაზებში შეყვანილი ინფორმაცია აბონენტების, ორგანიზაციების, სატრანსპორტო საშუალებების, ქალაქების და ა.შ. შესახებ არ წარმოადგენენ მითითებული კანონის დაცვის ობიექტს და წარმოადგენენ იმ სახის ინფორმაციას, რაც არ მოითხოვს ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას და არ გამოირჩევა ორიგინალობით ანდა არ მოითხოვს არსებით რესურსების გაღებას (საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ მონაცემებზე, რომლებიც დაემთხვა, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას), მაგალითად, ტელეფონების ცნობარი, რომელიც შედგენილია ანბანის მიხედვით, ამ ქსელით მოსარგებლე აბონენტების ავტომატურად შეყვანის გზით და ა.შ.
„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის“ მე–2 მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება დღის ახალ ამბებზე ან სხვადასხვა ფაქტებზე, რომლებსაც უბრალო პრესინფორმაციის ხასიათი აქვს.
მაგრამ დაცვის ობიექტს შეიძლება, წარმოადგენდეს მთელი საინფორმაციო მასივი, სისტემა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია (კანონის 54-ე მუხლი). ამ შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში განთავსებული ცალკეული მონაცემების დაცვაუნარიანობას მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა, ასევე, არა აქვს ცალკეული მონაცემების (ინფორმაცია, ფაქტები და ა. შ) დამთხვევას. დაცვას ექვემდებარება მხოლოდ საინფორმაციო მასივი, ანუ მთლიანი შემცველობა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა ეხება მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებას, რაც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54–ე მუხლით.
განსახილველი მუხლის თანახმად, დამამზადებლის მომიჯნავე უფლების დაცვისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი სამართლებრივი ელემენტები: მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ დამამზადებლის მიერ ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიციის განხორციელება. ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი აკისრია მონაცემთა ბაზის დამამზადებელს.
ამ შემთხვევაში იგი სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი ან მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ანდა ხელახალი გამოყენება.
ამდენად, თუ მონაცემთა ბაზა ატარებს ისეთ ინფორმაციულ ხასიათს, რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს, მაშინ მნიშვნელობა ენიჭება განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ კრიტერიუმებს: ხარისხობრივი, რაოდენობრივი და არსებითი ხასიათის ინვესტიციას.
ამ შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ დეფერენცირება, ერთ შემთხვევაში, მონაცემთა ბაზის შედგენასთან დაკავშირებული ხარჯებისა იმ ხარჯებისაგან, რომლებიც გაღებულ იქნა შესაბამისი მასალის მოსაპოვებლად და წარმოადგენდა კომპანიის ძირითადი კომერციული საქმიანობის გვერდით შედეგს. ამდენად, ის ხარჯები, რომლებიც გაღებულ იქნა სატელეფონო ქსელისა და მომსახურების გაწევის შედგენაზე, რის შედეგადაც მოპოვებულია ეს მონაცემები (გვერდითი შედეგი) არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის შექმნაში ინვისტიციის ოდენობის განსაზღვრაში, მაგალითად, სატელეფონო–ინფორმაციულ კომპანიას შეიძლება, გააჩნდეს სხვადასხვა ინფორმაცია აბონენტებზე (სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ) მხოლოდ თავისი ძირითადი კომერციული საქმიანობის შედეგად, რაც მათთან ხელშეკრულებების დადებით მიიღწევა.
ამდენად, არსებითი, რაოდენობრივი და ხირისხობრივი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ ამ მასალის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენაზე (განსახილველი კანონის 54–ე მუხლით პირველი ნაწილი) და არა ისეთ ინფორმაციაზე, რაც წარმოადგენდა ამ იურიდიული პირის ძირითადი კომერციული საქმიანობის თანმდევ (გვერდით) შედეგს.
ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ბაზის შინაარსის მიღებაში ინვისტიციის განხორციელება ნიშნავს ამ მონაცემების მოძიებასა და შეგროვებაში ინვისტიციის განხორციელებას და არა ამ მონაცემთა ბაზაში მასალების შესაქმნელად ( რომლებიც ქმნიან მონაცემთა ბაზის შემადგენლობას). (მაგალითის სახით იხ. „მონაცემთა ბაზების სამართლებრივი დაცვის შესახებ“ ევროკავშირის 96/9/ დირექტივის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და ამ ნორმის განმარტება ევროკავშირის სასამართლო გადაწყვეტილებით C-46/02 (Fixtures Marketing Ltd v. Oy Veikkaus Ab); C-203/02 (The British Horseracing Board Ltd and Others v. William Hill Organisation Ltd); C-338/02 (Fixtures Marketing Limited v. ABSvenska Spel).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაემთხვა არა მონაცემთა ბაზის მთლიანი მოცულობა, არამედ ნაწილი. ამდენად, შემდეგი საკითხი, რაც მოითხოვს კვლევას, მდგომარეობს იმაში, თუ რამდენადაა ეს ნაწილი მნიშვნელოვანი. მონაცემთა ბაზის ნაწილის მნიშვნელობა განისაზღვრება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაოდენობრივი მაჩვენებელის განსაზღვრაში ყურადსაღებია გამოყენებული მასალის წილი მონაცემთა ბაზის საერთო მოცულობასთან მიმართებით. ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრაში ყურადსაღებია მონაცემთა ბაზაში გამოყენებული მასალების მნიშვნელობა, როდესაც, მაგალითად, კოპირებული მონაცემები, მიუხედავად მათი სიმცირისა, საკმაოდ მნიშვნელოვან ხასიათს ატარებენ. ორივე შემთხვევაში დამამზადებელს გაღებული უნდა ჰქონდეს არსებითი ხასიათის ინვესტიცია.
ამდენად, მესამე კითხვასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის მიერ შედარებულ მონაცემებს შორის დადგენილი მსგავსების დადგენა არ შეიძლება, მიუთითებდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაღვევაზე, რადგან სააპელაციო სასამართლო არ აფასებს (არ იკვლევს), რამდენად არსებითი, მნიშვნელოვანი ნაწილი დაემთხვა. ამასთან ერთად არ იქნა გათვალისწინებული დამთხვეული მონაცემების მიღების წყარო, კერძოდ, მონაცემთა ბაზებში მოცემული მასალები (ინფორმაცია, ფაქტები) ხელმისაწვდომია ნებისმიერ პირისათვის პირველადი წყაროდან და ამ ინფორმაციის მიღების აკრძალვა კონსტიტუციური უფლების დარღვევაა (გარდა, კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციისა). საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
აქედან გამომდინარე მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სახის ინფორმაციის (მონაცემთა ბაზის შემცველობის) შეძენას, მოპოვებას, დაზუსტებას ან წარმოდგენას, რომელიც მოითხოვს არსებითი ინვისტიის განხორციელებას, რა დროსაც ღირებულს წარმოადგენს ამ მასალის თავმოყრა ერთიან ბაზაში. მნიშვნელობა ზუსტად, რომ ერთიანობას გააჩნია. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა ბაზის ერთიანობას მისი სტრუქტურა ანიჭებს, რაც მისი შინაარსის ადეკვატური უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: სს “ი. XXI–მ“ განახორციელა თუ არა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ; კონკრეტულად რაში გამოიხატა არსებითი ინვესტიციის განხორციელება;
თუ სს “ი.XXI-ს“ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო სხვა წყაროდან უნდა დადგინდეს მაღალი ალბათობით ამ მასალის, როგორც ერთიანი მასივის ან/და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაღება, კოპირება სს “ი. XXI–ს“ მონაცემთა ბაზიდან შპს “ჯ.ც-ის“ მიერ, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის მხრიდან სახსრების დაზოგვა.
ზემომითითებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს კოპირებული, გადმოტანილი და სხვაგვარი მასალები, რამდენად წარმოადგენენ ხარისხობრივად ანდა რაოდენობრივად მნიშვნელოვან ნაწილს.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლება დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54–ე მუხლის პირველი ნაწილი მიგვითითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი აკისრია სს “ი. XXI–ს“ (მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ჯ.ც-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე