გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-58-57-(კ-06) 8 მაისი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2005წ. 8 ივლისს ც. ლ.-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სახელწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005წ. 17 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგზე:
1992 წლიდან იგი მუშაობდა ქუთაისის ...-ის მთავარ ბუღალტრად. 1996 წელს მოხდა ...-ის ლიკვიდაცია, რის შედეგად მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. 1996 წელს მოსარჩელე დაინიშნა ...-ის ნაცვლად შექმნილ სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციაში მთავარ ბუღალტრად, საიდანაც 2005წ. 17 ივნისის ბრძანებით გათავისუფლდა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი-სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევა.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლების საფუძველზე დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა დაუშვებელი იყო, ხოლო იგი 2005წ. 17 ივნისიდან 2005წ. 8 ივლისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ამასთან, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ იყო მითითებული‚ რა დარღვევა იქნა ჩადენილი მის მიერ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არასდროს დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა და‚ შესაბამისად, ადმინისტრაციას არ ჰქონდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის გამოყენების უფლება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ _ სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2005წ. ¹25 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქუთაისის ...-ის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ც. ლ.-ე 2005წ. ¹25 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის საფუძვლით გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნულის დასასაბუთებლად მოპასუხემ მიუთითა სააუდიტორო ფირმა «პარტნიორ გარანტის» მიერ ჩატარებულ აუდიტორულ შემოწმებაზე, რომლითაც გაირკვა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ თანხები გაიცა დარღვევით. აღნიშნული აუდიტორული შემოწმება ჩატარდა 2005წ. 24 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ც. ლ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005წ. 17 ივნისს. რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას მითითებული აუდიტორული დაკვნა არ არსებობდა, იგი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ც. ლ.-ის სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად მიიჩნია ...-ის ყოფილ უფროსზე გაცემული ორი თვის გასასვლელი დახმარების გაცემა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ¹11 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხის გაცემა მოხდა ...-ის უფროსის ბრძანების საფუძველზე. თანხის გაცემა წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას, მაგრამ _ არა უხეშ დარღვევას, ამასთან‚ აღნიშნული თანხა დაბრუნებულ იქნა.
სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა, მოცემულ შემთხვევაში კი ც. ლ.-ის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა არ ყოფილა გამოყენებული, შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლება არ გამომდინარეობდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნებიდან.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის მთავარმა ექიმმა ქ. ჩ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლომ ც. ლ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევად არ ჩათვალა მის მიერ ჩადენილი ფინანსური დარღვევები, რაც დასტურდებოდა სააუდიტო ფირმა «პარტნიორ გარანტის» მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ იყო უხეში დარღვევა, ვინაიდან აუდიტის დასკვნა შედგენილი იყო 2005წ. 15 აგვისტოს, ხოლო ც. ლ.-ე გათავისუფლდა 2005წ. 17 ივნისს. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა, ტ. ს.-ზე კომპენსაციის უკანონოდ გაცემასთან დაკავშირებული დარღვევის შეფასების დროს, როცა დაასკვნა, რომ დარღვევა არსებობდა, მაგრამ არა უხეში, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ტ. ს.-ის მიერ თანხა დაბრუნებულ იქნა 20 ივნისს. აპელანტის მითითებით‚ ც. ლ.-ე გათავისუფლდა 17 ივნისს, მაშინ, როცა თანხა არ იყო დაბრუნებული და გაურკვეველი იყო‚ დაბრუნდებოდა თუ არა, რაც წარმოადგენდა უხეშ დარღვევას და გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს. სასამართლომ არ იმსჯელა 2005წ. 4 აპრილის ბრძანების კანონიერებაზე, რომელიც რეგისტრირებული იყო ...-ის ბრძანებების წიგნში და შეეხებოდა ნ. უ.-ს შვებულებაში გასვლას.
მოწინააღმდეგე მხარის _ ც. ლ.-ის წარმომადგენელმა მ. დ.-მ არ სცნო სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო იანპექციის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო ინსპექციის მთავარი ექიმის ქ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ც. ლ.-ე გათავისუფლდა სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო. სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად აპელანტმა მიუთითა ...-ის ყოფილ უფროს ტ. ს.-სათვის გაცემული ორი თვის გასასვლელ კომპენსაციასა და აუდიტორულ ფირმა «პარტნიორ გარანტის» მიერ ჩატარებულ აუდიტორულ შემოწმებაზე, რომელიც შეეხებოდა პროგრამული დაფინანსებით მიღებული სახსრების ბუღალტრული აღრიცხვისა და დანახარჯთა მიხედვით წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ს.-ე ქ. ქუთაისის მერიის @¹90 განკარგულებით გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო ამ უკანასკნელმა გათავისუფლების დღეს გამოსცა ბრძანება, რომელშიც ინსპექციის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ჩ.-ს, მთავარ ბუღალტერ ც. ლ.-ეს კი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის დაუყოვნებლივ გაცემა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ს.-ს არ ჰქონდა აღნიშნული ბრძანების გაცემის უფლება, ვინაიდან იგი სამსახურიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ბრძანებაში მითითებულია ამავე მუხლის 109-ე მუხლი. ხსენებული ნორმა კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას. ტ. ს.-ე კი სამსახურიდან გათავისუფლდა ქალაქის მერის ბრძანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული ბრძანება უკანონო იყო, შესაბამისად ც. ლ.-ეს არ უნდა შეესრულებინა იგი და ვალდებული იყო‚ ეცნობებინა განკარგულების გამცემისათვის და მიეთითებინა უკანონობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. ლ.-ემ უხეშად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა, რაც გამოიხატა ფინანსების უკანონო განკარგვაში და განმარტა, რომ უხეში დარღვევა იყო შეფასებითი კატეგორია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში გამომდინარეობდა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. ც. ლ.-ის ქმედება შეფასდა, როგორც უხეში გადაცდომა, რაც სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით უხეში დარღვევა იყო აგრეთვე სააუდიტორო ფირმის მიერ ჩატარებული შემოწმება, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ შემოწმების პერიოდში, ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გამოყენების დროს ...-ში ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რომლის შედეგად უკანონოდ დაიხარჯა გარკვეული თანხა. აღნიშნული დარღვევები ეხებოდა ც. ლ.-ის მუშაობის პერიოდს, რაც აპელანტის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო და მისი გათავისუფლების შემდგომ ჩატარებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ეს ინფორმაცია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ლ.-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის საფუძვლები:
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, კასატორის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო, ხოლო სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად მიიჩნია კასატორის, როგორც მოხელის, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ...-ის ინსპექციის ყოფილი უფროსის ტ. ს.-ის მიერ გაცემული ბრძანების შესრულება კასატორის მოსაზრებით, ს.-სადმი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხი უნდა ასახულიყო მერიის ¹90 ბრძანებაში, ხოლო აღნიშნული ბრძანების რევიზია მის კოპეტენციაში არ შედიოდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მან შეასრულა ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნა, რაც არ შეიძლება მიჩნეულიყო ადმინისტრაციულ გადაცდომად, პირიქით ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობა იყო ადმინისტრაციული გადაცდომა, ხოლო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტ. ს.-ს არ ჰქონდა ბრძანების გაცემის უფლება არ ეხებოდა მის უფლებამოსილებას. კასატორის მოსაზრებით, არასწორ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული ქ. ჩ.-ის მიერ წარმოდგენილი სააუდიტორო ფირმის «პარტნიორ გარანტის» შემოწმების შედეგები, ვინაიდან, 2005წ. 17 ივნისის ბრძანების საფუძველი ვერ გახდებოდა ქ. ჩ.-სა და სააუდიტორო ფირმას შორის 2005წ. 24 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული შემოწმება და 2005წ. 15 აგვისტოს წერილი აღნიშნული შემოწმების თაობაზე, რადგან ქ. ჩ.-მ კასატორი ჯერ გაათავისუფლა თანამდებობიდან და შემდეგ შეუდგა მტკიცებულებების შეგროვებას. მით უფრო, რომ კასატორი არ დასწრებია აუდიტის შემოწმებას.
მოწინააღმდეგე მხარემ ქუთაისის ...-ის საქალაქო ინსპექციის უფროსმა ტ. ს.-მ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში ცნო ც. ლ.-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ც. ლ.-ის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს 2006წ. 20 აპრილის განჩინებით ც. ლ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ბ» პუნქტის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სახელმწიფო ...-ის სამსახურის უფროსის ტ. ს.-ის განცხადება ც. ლ.-ის საკასაციო საჩივრის ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ც. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 დეკემბრის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებები და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ც. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი _ ც. ლ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც ც. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც სასამართლომ უხეშ დარღვევად შეაფასა ც. ლ.-ის მიერ სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულება, კერძოდ, ქუთაისის ...-ის საქალაქო სამსახურის უფროსზე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109.1. მუხლის შესაბამისად კომპენსაციის გაცემა, რაც დაადასტურა აუდიტორული ფირმა «პარტნიორ გარანტის» მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით, რომლითაც ირკვეოდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გამოყენების დროს ...-ში ადგილი ჰქონდა დარღვევებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, რამდენადაც კასატორის ც. ლ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის სახით წარმოდგენილი იქნა აუდიტორ შ. გუმბერიძის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად შპს «აუდიტ გარანტის» მიერ წარმოდგენილი ანგარიში /რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას/ არ შეეფერებოდა სინამდვილეს, უფრო მეტიც, დასკვნის თანახმად‚ თანხების ხარჯვის შესახებ დასკვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ...-ის ხელმძღვანელობის მიმართ საჯარიმო ღონისძიებების გატარებისათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი მოტივი, რაც საფუძვლად დაედო კასატორის «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.3. მუხლის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლებას მითითებული დასკვნის თანახმად‚ არ წარმოადგენდა წინაპირობას ც. ლ.-ის სამსახურიდან გასათავისუფლებლად.
საქმის განხილვის სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარემ ქუთაისის სახელმწიფო ...-ის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ტ. ს.-მ ცნო ც. ლ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მხარი დაუჭირა კასატორის სამუშაოზე აღდგენას და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას..
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ ქუთაისის სახელმწიფო ...-ის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ტ. ს.-მ ცნო რა ც. ლ.-ის საკასაციო საჩივარი, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის ტ. ს.-ის მიერ ც. ლ.-ის საკასაციო საჩივრის ცნობის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა არამართლზომიერად, კერძოდ: სახელმწიფო ...-ის ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის ადმინისტრაციამ უხეშ დარღვევად მიიჩნია ც. ლ.-ის მიერ ...-ის ყოფილ უფროსზე ორი თვის გასასვლელი დახმარების გაცემა, რომელიც 2005წ. 20 ივნისს დაბრუნებულ იქნა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ დარღვევას ადმინისტრაციულმა ორგანომ არაობიექტური შეფასება მისცა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.2. მუხლის თანახმად სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა, რასაც ც. ლ.-ის მიმართ არ გამოყენებულა, შესაბამისად არ არსებობდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.3. მუხლის გამოყენების წინაპირობა. ასევე, ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტ. ს.-ე კასატორს ახასიათებს, როგორც მაღალკვალიფიციურ, საქმის მცოდნე ბუღალტერს, სურვილი აქვს მასთან, როგორც მთავარ ბუღალტერთან‚ აღადგინოს სამსახურებრივი ურთიერთობა, ამასთან, განმეორებით ჩატარებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომელიც ჩატარებული იქნა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ნაცვლად პირველი დასკვნისა, რომელიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დადასტურებულ იქნა ის გარემოება, რომ ც. ლ.-ის მიერ მთავარ ბუღალტრად მუშაობის პერიოდში თანხების არამიზნობრივად არ განკარგულა.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს უფლება აქვს‚ მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო «შრომის კანონთა» კოდექსის 207.1. მუხლის თანახმად სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ მუშაკს და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ლ.-ეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 37.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პროცესის ხარჯებს წარმოადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ამასთან ადვოკატის მომსახურების გაწეული ხარჯები განეკუთვნება სასამართლო გარეშე ხარჯებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ლ.-ის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებაზე გადახდილი თანხის 150 ლარის ოდენობით მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრების თაობაზე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, კასატორის მიერ არც საკასაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი და ასეთად ვერ მიიჩნევა საკასაციო საჩივარზე თანდართული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ასლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და ც. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სსკ-ის 53.1. მუხლის შესაბამისად ქუთაისის სახელმწიფო ...-ის სამსახურს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ც. ლ.-ე აღდგენილ იქნას სახელმწიფო ...-ის ქუთაისის საქალაქო ინსპექციაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, მასვე აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან;
5. ც. ლ.-ის მოთხოვნა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;
6. ქუთაისის სახელმწიფო ...-ის სამსახურს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.