№ ას-1247-1176-2012 2 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ლ. ა-სა და ბ. დ-ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით, ერთი მხრივ, ქ. გ-სა და, მეორე მხრივ, ლ. ა-სა და ო. ა-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც ქ. გ-ი ვალდებული იყო გადაეხადა ლ. ა-ის 7000 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული თანხა გადაუხადა ერთ-ერთ კრედიტორს ო. ა-ს და ეს თანხა გამოყენებულ იქნა ქ. გ-ის საჭიროებისამებრ. საქმეში წარმოდგენილია ო. ა-ის ხელწერილი, სადაც ის ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. თუმცა 2011 წლის აგვისტოში ლ. ა-ამ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხსენებულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელიც იძულებით აღსასრულებლად წარადგინა აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.ქ. გ-ს მიეცა 7-დღიანი ვადა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. ამასთან, საინკასო დავალებით მისი ანგარიშიდან ჩამოჭრილ იქნა ანგარიშზე არსებული თანხა.
მოსარჩელის მითითებით, მან ვალდებულება შეასრულა სრულად ანუ ლ.ა-ა საინკასო დავალებით თანხის ანგარიშიდან ჩამოჭრით უსაფუძლოდ გამდიდრდა და, შესაბამისად, ის ვალდებულია, დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული სარგებლი.
გარდა ამისა, მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ლ. ა-სა და ბ. დ-ეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ის დადებულია მოჩვენებით, იმ განზრახვის გარეშე, რომ მოჰყოლოდა შესაბამისი იურიდიული შედეგი.
მოპასუხე ბ. დ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და არ არსებობს მას და ქ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხე ლ. ა-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. გ-ს მის მიმართ შესასრულებული ვალდებულება არ შეუსრულებია, არ გადაუცია 7000 აშშ დოლარი, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის სფუძველზე, საინკასო დაავალებით მის საბანკო ანგარიშებს ჩამოეჭრა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ დაკაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკამყოფილიდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. გ-ის მოთხოვნა 7000 აშშ დოლარისა და 7000 აშშ დოლარის 7%-ის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ა-ას ქ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარისა და 490 აშშ დოლარის, სულ 7490 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის „გ“ პუნქტის მიხედვით ქ. გ-ი, ვალდებულია, გადაუხადოს ლ. ა-ას 7000 აშშ დოლარი, აქედან 2000 აშშ დოლარის გადახდა წარმოებს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს, ხოლო დანარჩენი 5000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს ლ. ა-სა და ო. ა-ის მიერ ხელვაჩურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოში შემავალ სოფ.მ-ი - სოფ. ა-ი მდებარე ქ. გ-ის საკუთრებაში არსებული და მამის, ვ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებისა და ქ. გ-ის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემისთანავე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაზე 2011 წლის 18 აგვისტოს ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღმასრულებელმა განახორციელა სააღსრულებო წარმოება. საინკასო დავალების საფუძველზე ქ. გ-ის საბანკო ანგარიშიდან ჩამოირიცხა 10138.18 ლარი. აღნიშნული თანხიდან აღსრულების საფასურის გამოკლებით 9664.43 ლარი გადაერიცხა ლ. ა-ას წარმომადგენელ ბ. დ-ეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 11 იანვარს ლ. ა-სა და ბ. დ-ეს შორის დაიდო გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ლ. ა-ამ მის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურში დ.ა-ის ქ. №56 ბ-ში მდებარე №4 საცხოვრებელი ბინა, გადახდის განვადებით, მიჰყიდა ბ. დ-ეს 15000 აშშ დოლარად. მყიდველს 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2011 წლის 11 იანვარს, ხოლო 13000 აშშ დოლარი - 2011 წლის 25 ივლისს, რომელიც იყო გამოსყიდვის ბოლო ვადა.
ზემოაღნიშნული გარიგება თავად გარიგების მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2011 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ. დ-ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ხელვაჩაურში დ.ა-ის ქ. №56 ბ-ში მდებარე №4 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაზე 2011 წლის 18 აგვისტოს ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორებად მითითებულია დედა-შვილი ლ. ა-ა და ო. ა-ი. ასევე დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ სადავო ქონება სოფელ ა-ი 2006 წელს ო. ა-მა და ლ. ა-ამ გაათავისუფლეს და ნებაყოფლობით გადასცეს ქ. გ-ს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გ-სა და ო. და ლ. ა-ს შორის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების შემდგომ დღემდე მითითებულ დავასთან დაკავშირებით, რაიმე დამატებითი შეთანხმება არ ყოფილა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაში მითითებული 7000 აშშ დოლარი უშუალოდ მიიღო ო. ა-მა - ერთ-ერთმა კრედიტორმა, რასაც ადასტურებს თავად ო. ა-ი საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. იგი ამავე დოკუმენტში განმარტავს, რომ თანხა მიიღო მან პირადად და ის გამოიყენა საჭიროებისამებრ, დედის მკურნალობისა და სხვა სახის ხარჯებისათვის.
ო. ა-ი დედას პერიოდულად უგზავნიდა გარკვეულ თანხას, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტებით.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული მორიგებით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანხის გადაცემის ნაწილში კრედიტორებად წარმოდგენილი არიან ლ. და ო. ა-ი, მოვალე კი, ქ. გ-ა; უძრავი ქონების განთვისუფლების ნაწილში, კრედიტორს წარმოადგენს ქ. გ-ი, მოვალეებს კი _ ლ. და ო. ა-ი. მხარეთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია თანმიმდევრობით, ერთი მხარის მიერ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ქ. გ-ის მიერ შესრულდა ვალდებულება, ანუ თანხა გადახდილ იქნა ერთ-ერთი კრედიტორის, ო. ა-ის, ო. ა-მა და ლ. ა-ამ ამის სანაცვლოდ ნებაყოფლობით ჩააბარა ქ. გ-ს ხელვაჩაურში სოფელ ა-ი მდებარე სადავო უძრავი ქონება. ო. და ლ. ა-მა აღნიშნული ქონება ნებაყოფლობით გაათავისუფლეს 2006 წელს და ამჟამადაც არ ფლობენ მას, აგრეთვე, დადგენილია, რომ აღნიშნული მორიგების აქტის შემდგომ, მხარეებს შორის რაიმე სხვა სახის შეთანხმება არ გაფორმებულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე ლ. ა-ას რაიმე პრეტენზია ან სადავო თანხის და ან უძრავი ქონების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 458-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ქ. გ-მა 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მთლიანად.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ქ. გ-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
რაც შეეხება მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 477-ე, 56-ე, 185 მუხლებზე მითითებით და იმ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (ლ. ა-ა –გამყიდველი და ბ. დ-ე – მყიდველი) სადავოდ არ ხდიან არც ხელშეკრულებას და არც ნასყიდობის თანხის გადაცემისა და უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამდენად, პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობადა, სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, ლ. ა-ას ქ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშ დოლარისა და 490 აშშ დოლარის, სულ 7490 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟის 854 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ამ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად, ამასთან, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
კასატორი პრეტენზიას აცხადებს ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ის მიუთითებს, რომ პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ქ. გ-ის საბანკო ანგარიშიდან 10138.18 ლარის გადმორიცხვის თაობაზე, საიდანაც 9664.43 ლარი გადაერიცხა ლ. ა-ას წარმომადგენელ ბ. დ-ეს და განმარტავს, რომ საინკასო დავალებით გადმორიცხული 11121.50 ლარი შეადგენს 6089.95-ს და არა 7000 აშშ დოლარს, შესაბამისად, პალატამ არასწორად გამოიანგარიშა აღნიშნული თანხის ოდენობა, რის საფუძველზეც არასწორად გამოიანგარიშა სახელმწიფო ბაჟიც. ის გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოპასუხეს დააკისრა იმაზე მეტი, ვიდრე მოსარჩელე ითხოვდა.
კასატორის განმარტებით, მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინება შედგება რამდენიმე პუნქტისაგან, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თანხის მიღების ნაწილში კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ ლ. ა-ა. განჩინების იმ ნაწილში კი, რომელიც ეხება სოფელ ა-ი მდებარე სადავო ბინის განთავისუფლებას მოვალედ მითითებულია არა მარტო ლ. ა-ა, არამედ ო. ა-იც. რაც შეეხება სადავო ბინის ნებაყოფლობით განთავისუფლების ფაქტს, ლ. ა-ა ამ ფაქტს აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან და მისმა შვილმა სოფელ ა-ი მდებარე უძრავი ქონება ნებაყოფლობით გაათავისუფლეს 2006 წელს, არა ქ. გ-ის მიერ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, არამედ იმ მიზეზით, რომ მას შეეშინდა 50000 ლარი არ ჰქონოდა გადასახდელი ბინის განთავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს, რომ, მართალია ო. ა-ი ლ. ა-ას დროდადრო ურიცხავდა თანხას, მაგრამ საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ ეს იყო ის თანხა, რომელიც ქ. გ-მა მას გადასცა, ის ფულს უგზავნიდა ლ. ა-ას, როგორც შვილი დედას, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა.
პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ლ. ა-ა უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან ერთადერთ კრედიტორს თანხის - 7000 აშშ დოლარის აღების ნაწილში წარმოადგენდა ლ. ა-ა და არა ო. ა-ი, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელე, როგორც სარჩელში, ასევე სააპელაციო საჩივარში.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ქ. გ-ი ვალდებულია გადაუხადოს ლ. ა-ას 7000 აშშ დოლარი, აქედან 2000 აშშ დოლარის გადახდა წარმოებს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღეს, ხოლო დარჩენილი 5000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს ლ. ა-სა და ო. ა-ის მიერ ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოში შემავალ სოფ. მ-ი - სოფ. ა-ი მდებარე ქ. გ-ის საკუთრებაში არსებული და მამის ვ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებისა და ქ. გ-ის გადაცემისთანავე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე დადგენილია, რომ მითითებული განჩინების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ქ. გე-ის საბანკო ანგარიშიდან ჩამოირიცხა 10138.18 ლარი, საიდანაც აღსრულების ხარჯების გამოკლებით 9664.43 ლარი გადაერიცხა ლ. ა-ას წარმომადგენელ ბ. დ-ეს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაში მითითებული 7000 აშშ დოლარი უშუალოდ მიიღო ერთ-ერთმა კრედიტორმა. მიღების ფაქტს ადასტურებს თვით ო. ა-ი საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტით. იგი ამავე დოკუმენტში განმარტავს, რომ თანხა გადაეცა მას პირადად და ეს თანხა მოხმარდა დედის რჩენასა და მკურნალობას, ბინის ქირას და სხვა (ს.ფ 18).
სააპელაციო პალატამ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ა-ი დედას პერიოდულად უგზავნიდა გარკვეულ თანხას, რაც დადასტურებლად მიიჩნია საქმეში არსებული საბანკო ამონაწერების მიხედვით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სადავო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, ისმის შემდეგი კითხვები: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგებისა და ამის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, 7000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ქ. გ-ის კრედიტორებს წარმოადგენდნენ ლ. ა-ა და ო. ა-ი თუ მხოლოდ ლ. ა-ა; იმ შემთხვევაში თუ კრედიტორს წარმოადგენდა მხოლოდ ლ. ა-ა, ქ. გ-ის მიერ ო. ა-ის თანხის გადახდით შეასრულა თუ არა მან ვალდებულება ლ. ა-ას სასარგებლოდ.
უპირველეს ყოვლისა, გავამახვილოთ ყურადღება პროცესუალური ხასიათის პრეტენზიებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სათანადოთ საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნია, რომ ქ. გ-ის კრედიტორს 7000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ლ. ა-ას გარდა წარმოადგენდა, ასევე ო. ა-ი.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე (მაგალითად, მტკიცებულების არ შეფასება ან არასათანადოთ შეფასება), რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა ან დაუდგენლობა, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს სამართლებრივმატერიალური ნორმის არასწორად გამოყენებით ან განმარტებით.
ამდენად, კასატორი უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულების არასათანადოთ შეფასებაზე, რაც გავლენას ახდენს სამართლებრივ შედეგებზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაზე 2011 წლის 18 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, რომლის ტანახმად, ორივე მხარეს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ, როგორც უფლებები, ასევე - ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი დავიდან გამომდინარე, ინტერესს წარმოადგენს ქ. გელაზარაშვილის 7000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების მქონე პირის განსაზღვრა.
კასატორის საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით ყურადსაღებია am დოკუმენტში მითითებული 7000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნის უფლების მქონე პირი, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის „გ“ პუნქტში მითითებულია, რომ „ქ. გ-ი ვალდებულია, გადაუხადოს ლ. ა-ას 7000 აშშ დოლარი...“ ასევე „დ“ პუნქტში მითითებულია, რომ ლ. ა-ა და ო. ა-ი იღებენ ვალდებულებას, „ლ. ა-ის მიერ თანხის მიღების შემდეგ“ არ აღძრან სარჩელი და ა.შ.
ამავე დოკუმენტის „ბ“ პუნქტში, ასევე მითითებულია, რომ ლ. ა-ა და ო. ა-ი ვალდებული არიან, ლ. ა-ის მიერ ქ. გ-ან შესაბამისი თანხის მიღების და გარკვეული პირობების დაცვით გამოათავისუფლონ და გადასცენ ქ. გ-ს ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
ამდენად, მითითებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მხარეებს გააჩნდათ სხვადასხვა ვალდებულებები, რასაც სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების და ამის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცელი და დაადგინოს გამომდინარეობდა თუ არა ამ დოკუმენტიდან, რომ ქ. გ-ის მიერ 7000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ლ. ა-ას მიმართ უნდა შეესრულებინა თუ, ასევე ო. ა-ის მიმართაც.
იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ქ. გ-ს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ლ. ა-ას მიმართ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არაუფლებამოსილი პირის (ო. ა-ი) მიერ შესრულების მიღების სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე ვალდებულია, შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც, კანონით, ან სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება, მაგალითად, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შესრულების მიღების უფლებას ანიჭებს არასრულწლოვანის მშობლებს ან მეურვეებს და ა.შ.
ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, თუკი კრედიტორმა ამის თანხმობა განაცხადა ან მიიღო შესრულებისგან სარგებელი.
ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. მოვალე ვალდებულებას ასრულებს კრედიტორის წინაშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ითვალისწინებს იმ სამართლებრივ მარეგულირებელ მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ უფლებამოსილ პირებს, ვის მიმართაც, მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება, კერძოდ, ეს პირები არიან უშუალოდ კრედიტორი, ასევე კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შესრულების მიღების უფლებამოსილი პირები, ხოლო მეორე მხრივ კანონი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი პირების მიერ ვალდებულების შესრულების მიღების წესებს, რა დროსაც ვალდებულება შესრულებულად ითვლება, კერძოდ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც არსებობს არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების კრედიტორის თანხმობა ან როდესაც ამ შესრულებით კრედიტორი იღებს სარგებელს. განსახილველ შემთხვევაში, არც პირველი და არც მეორე შემთხვევა გამოკვლეული არ არის.
სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილი ო. ა-ის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებაში მითითებული 7000 (შვიდი ათასი) დოლარი უშუალოდ გადაეცა მას (ო. ა-ს) პირადად და ეს თანხა მოხმარდა დედის რჩენას, მკურნალობას, ბინის ქირას და სხვა (ს.ფ.18).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ ამ განცხადების მიხედვით სადავო თანხა ო. ა-იმ გადასცა ლ. ა-ას, ზემომითითებული მტკიცებულებებებთან ერთობლივად შეფასების მიხედვით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ამ თანხის მიღების უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ლ. ა-ა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ (როგორც ეს დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ) „ეს თანხა მოხმარდა დედის რჩენას, მკურნალობას, ბინის ქირას და სხვა“, ანუ ყურადღება გამახვილებულია კრედიტორისათვის არა თანხის გადაცემაზე, არამედ იმაზე, რომ ეს თანხა კრედიტორს მოხმარდა სხვაგვარად. სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ ო. ა-ის განცხადებას, მაგრამ არ იკვლევს, მიიღო თუ არა სარგებელი ლ. ა-ამ.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას და დამატებით განმარტავს, რომ მითითებული გარემოებები წარმოადგენენ სადავოს და, შესაბამისად, იმ მხარემ, რომელიც ამ გარემოებებს იშველიებს (სსკ-ის 373-ე მუხლის მიხედვით), თავისი სამართლებრივი პოზიციის დასასაბუთებლად უნდა დაამტკიცოს (საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე), თანახმა იყო თუ არა ლ. ა-ა, 7000 აშშ დოლარი მიეღო ო. ა-ს და მიიღო თუ არა ეს თანხა ამ უკანასკნელმა ანდა ო. ა-ის ვალდებულების შესრულებით, მიიღო თუ არა სარგებელი ლ. ა-ამ (სსკ-ის 373-ე მუხლი).
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება ო. ა-ის მიერ დედისთვის პერიოდულად თანხის გაგზავნის თაობაზე. გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რომელ თანხაზეა ყურადღება გამახვილებული.
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმეზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება (იხ. სასამართლო პრაქტიკა ას-951-989-2011 10.11.2011 წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე