საქმე №ას-1432-1351-2012 20 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასესხო ვალდებულების შესრულება, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის მიმართ, 2005 წლის 6 სექტემბრის №29084 საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 5273,63 აშშ დოლარის, საპროცენტი სარგებლის – 5120,04 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 49231,34 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2005 წლის 6 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება სესხის სახით 6000 აშშ დოლარის გაცემის თაობაზე 60 თვის ვადით წლიური 19%-ის დარიცხვით.
მოპასუხემ გარიგებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და თანხის გადახდის გრაფიკს მნიშვნელოვნად გადააცილა. ამდენად, მას უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს, სულ – 59 625,01 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2006 წლის სექტემბერში. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე, 145-ე მუხლების, ასევე 144-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და გ.დ-ს მისი შესრულების ვალდებულება აღარ ეკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. დ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 6 სექტემბრის №29084 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 3082,78 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის – 652,58 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 49 231,34 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სს “ს. ბ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2005 წლის 6 სექტემბერს სს „ს. ბ-სა“ და გ. დ-ს შორის დაიდო №29084 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს 60 თვის ვადით გადაეცა საბანკო კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 19%-ის ოდენობით სარგებლის დარიცხვით. მსესხებელმა მიიღო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 6 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, კრედიტი დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 7-9 რიცხვში.
მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო გადახდა განახორციელა 2006 წლის 17 აგვისტოს.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით საკრედიტო თანხის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლისას თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „ს. ბ-ს“ შეიძლება, აუნაზღაურდეს მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანება, კერძოდ, ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2011 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით საკრედიტო თანხის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აითვლება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობით დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის განხორციელების ვადას შეადგენს სამი წელი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოული პერიოდისათვის (რაც ამ შემთხვევაში დაყოფილია თვეების მიხედვით) ცალ-ცალკე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა 2008 წლის ოქტომბრიდან მიუღებელი თანხის მიღების უფლება.
სს „ს. ბ-ის“ მიმართ მოპასუხის საკრედიტო დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი) შეადგენს 3735,36 აშშ დოლარს (24 (2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდი) X 155,64 (სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიურად დასაფარი საკრედიტო ვალდებულება – კრედიტი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი).
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის მიხედვით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მხარეთა შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის, 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებმა გაითვალისწინეს სარგებელი სესხისათვის წლიური 19%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებები მოვალის მიერ სრულად არ შესრულებულა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით საკრედიტო თანხის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის, 145-ე მუხლის თანახმად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე სს „ს. ბ-ს“ უნდა აუნაზღაურდეს გ. დ-ის მიერ 2005 წლის 6 სექტემბერს დადებული №29084 საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 2008 წლის ოქტომბრიდან სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიურად დასაფარი საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში, სულ – 3735,36 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია პირგასამტეხლოს ოდენობაზე, ვალდებულების დარღვევის ვადაზე, იმ გარემოებებზე, დარიცხვა განხორციელდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად შესატან თანხაზე მზარდი თანმიმდევრობით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილ მთლიან თანხაზე. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნა ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მართებულად ჩათვალა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება სს “ს. ბ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადა, როდესაც ვადის ათვლის მომენტად, 2010 წლის ნაცვლად, 2005 წელი ჩათვალა. შესაბამისად, სესხის ნაწილი ხანდაზმული არ არის.
სასესხო ვალდებულება სასამართლომ პერიოდულად შესასრულებელ გარემოებად უკანონოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის მოთხოვნისათვის კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2006 წლის აგვისტოში, სასამართლომ კი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის სექტემბრიდან, მაშინ, როდესაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2010 წლის სექტემბრიდან – ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია სესხის ნაწილი ჩაითვალოს ხანდაზმულად. ასევე სასესხო ვალდებულება ვერ მიიჩნევა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად. სესხი ან მთლიანად ხანდაზმულია, ან არა.
საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.11 პუნქტის შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, ბ-ის მიერ დაკისრების შემთხვევაში, კლიენტი ბ-ს აუნაზღაურებს გადახდის დაგვიანებით მიყენებულ ზიანს და გადაიხდის პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ბ-ის მიერ მისი დაკისრების შემთხვევაში. პირგასამტეხლოს გადახდა კლიენტს არ ათავისუფლებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს განმარტება, რომ პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელი ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა გათვალისწინებულ იქნა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს გ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მიერ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველია სააპელაციო პალატის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასრულად გამოკვლევა, რასაც შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა არასწორად დადგენა და უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზემოხსენებული კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის ძალით, იმპერატიულად ავალებს სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ყოველი ფაქტობრივი გარემოება უნდა დაადგინოს მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესწავლა-გამოკვლევას მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად შეისწავლა და გამოიკვლია განსახილველი დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებანი, როდესაც უარი უთხრა სს „ს. ბ-ს“ გ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ 2005 წლის 6 სექტემბერს სს „ს. ბ-სა“ და გ. დ-ს შორის დაიდო №29084 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს 60 თვის ვადით გადაეცა საბანკო კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 19%-ის ოდენობით სარგებლის დარიცხვით. მსესხებელმა მიიღო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 6 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, კრედიტი დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 7-9 რიცხვში.
მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო გადახდა განახორციელა 2006 წლის 17 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით საკრედიტო თანხის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია პირგასამტეხლოს ოდენობაზე, ვალდებულების დარღვევის ვადაზე, იმ გარემოებებზე, დარიცხვა განხორციელდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად შესატან თანხაზე მზარდი თანმიმდევრობით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილ მთლიან თანხაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარში არსებულ მითითებას მხარეთა შორის 2005 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.11 პუნქტზე, რომლითაც სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, ბ-ის მიერ დაკისრების შემთხვევაში, კლიენტი ბანკს აუნაზღაურებს გადახდის დაგვიანებით მიყენებულ ზიანს და გადაიხდის პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ბ-ის მიერ მისი დაკისრების შემთხვევაში. პირგასამტეხლოს გადახდა კლიენტს არ ათავისუფლებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
გარიგების მითითებული პუნქტის შეფასება ცხადჰყოფს, რომ მხარეები საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას მკაფიოდ შეთანხმდნენ კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის – ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ვადაგადაცილებული ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე, რომლის ოდენობაც განისაზღვრა მოთხოვნის მომენტისათვის გადაუხდელი თანხის (ძირითადი სესხისა და საპროცენტო დანარიცხის ჯამის) 0,5%-ით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და მათი შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება – პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ერთ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და, კანონის ზემოხსენებული მოთხოვნის შესაბამისად, სრულად არ გამოუკვლევია საქმის მასალებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის გათვალისწინებით დართული მტკიცებულება – მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასა და მის ფარგლებს მოიცავს. აღნიშნული გარემოება კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მითითებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.
ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შეაფასოს სს „ს. ბ-სა“ და გ. დ-ს შორის 2005 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, კერძოდ კი, მისი 4.1.11 პუნქტი, რომელიც ზუსტად ასახავს მხარეთა ნებას სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის წესთან დაკავშირებით და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად გამოიანგარიშოს პირგასამტეხლოს მოცულობა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც სასამართლოს მიერ ხანდაზმულად ცნობილი არ არის და რა ნაწილშიც იგი დაკმაყოფილდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტს გ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა სააპელაციო პალატის მიერ მოცემული განჩინების კვლევით ნაწილში ასახული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულად ცნობის არამართლზომიერების შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულიად კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა მხარემ ვერ დაადასტურა.
იურიდიულ დასაბუთებასაა მოკლებული სს „ს. ბ-ის“ მითითება, რომ სასამართლომ განსახილველი სასესხო ურთიერთობა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს არასწორად მიაკუთვნა და უკანონოდ გაავრცელა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2005 წლის 6 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, გ. დავლიშვილს სს „ს. ბ-ისაგან“ კრედიტის სახით მიღებული 6000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული 19%-იანი სარგებელი უნდა გადაეხადა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ, თვეში ერთხელ 60 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელთაგან უკანასკნელი შესრულდა 2006 წლის 17 აგვისტოს.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვარვს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე ხანდაზმულია, ვინაიდან სარჩელით ბანკმა სასამართლოს მიმართა 2011 წლის 15 სექტემბერს.
ამდენად, მოსარჩელეს სავსებით კანონიერად აუნაზღაურდა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება.
დასკვნის სახით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ (გ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) უნდა გაუქმდეს და საქმე მოცემული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საკითხის ხელახლა გამოსაკვლევად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება გ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე