Nას-1476-1392-2012 10 მაისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ა. დ. გ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჩ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ა. დ.ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბათუმში, ვ-ს ქ. N9-ში მდებარე N3 ბინის 74,46 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინაში ჩაწერილი იყო ზ. ჩ-ი. 1990 წელს მოსარჩელის მამამ ა. ჩ-მა ზ. ჩ-ს სადავო ბინის შესაძენად 12000 მანეთი გადაუხადა. ზ. ჩ-ი რუსეთში გაემგზავრა, ხოლო ბინას მოსარჩელის ოჯახი ფლობდა. ისინი ყველა გადასახადს იხდიდნენ. 1994 წელს ა. ჩ-ი იძულებული გახდა ზ. ჩ-ის სახელზე განეხორციელებინა ბინის პრივატიზება, ვინაიდან ბინაში სწორედ ეს უკანასკნელი იყო ჩაწერილი. 2008 წლიდან მოპასუხე აწარმოებდა მოლაპარაკებას გ. ჩ-თან. მოსარჩელემ ზ. ჩ-ს ბინის გადაფორმება მოსთხოვა, რაზეც მან უპასუხა, რომ ავტოავარიაში მოჰყვა და საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. 2011 წლის დეკემბერში კი, ზ. ჩ-ი საქართველოში ჩამოვიდა, ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანიასთან და კვლავ გაემგზავრა. აღნიშნულით გ. ჩ-ის ინტერესები შეილახა, ვინაიდან, ეს უკანასკნელი სადავო ბინის მოსარგებლეა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჩ-ის წარმომადგენელმა თ. ი-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი, შპს „ა. დ. გ-ისათვის“ 61075 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ვ-ს ქ. N9-ში მდებარე N3 ბინის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 1925 წლიდან, გ. ჩ-ის წინაპრები ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ვ-ს ქ. №9, ბინა №3-ში;
2. ქ. ბათუმში, ვ-ს ქ№9-ში მდებარე №3 ბინა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირიცხებოდა ზ. ჩ-ის საკუთრებად 1994 წლის 30 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე;
3. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და სადავო ბინით 1990 წლიდან 2012 წლამდე სარგებლობდა ჯერ მისი ბიძა ა. ჩ-ი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ა. ჩ-ის შვილი, გ. ჩ-ი;
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა (ზ. გ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ა-ის) ჩვენებებით დადგენილია, რომ 1990 წელს, გ. ჩ-ის მამამ, ა. ჩ-მა, მის ძმისშვილ ზ. ჩ-ს გადასცა 12 000 მანეთი, სადავო ბინის სყიდვის თანხა;
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ. გ-ის ჩვენებით, ის თავად ესწრებოდა ქ. თბილისში, ჩ-ების ოჯახში, 1990 წელს ზ. ჩ-ისათვის აღნიშნული თანხის გადაცემის ფაქტს;
6. მოწმე ლ. ბ-ის ჩვენებით, 1990 წელს, თბილისში ჩ-ებთან იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც გ. ჩ-მა ბათუმიდან ჩაიყვანა მისი ბიძაშვილი ზ. ჩ-ი. მართალია, ის უშუალოდ იმ ოთახში არ იმყოფებოდა, სადაც ფულის გასდაცეს, თუმცა მისთვის ცნობილი იყო ჩ-ების ოჯახში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რადგან იყო ოჯახის ახლობელი;
7. საქმეში არსებული ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ვ-ს ქ. №9-ში მდებარე ბინა №3-ის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა გ. ჩ-ი;
8. 2012 წლის 9 იანვარს, ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც სადავო უძრავი ქონება შპს „ა. დ. გ-ის“ საკუთრებაა;
9. ზ. ჩ-მა შპს „ა. დ. გ-ის“ სახელზე გაასხვისა ისეთი საცხოვრებელი სადგომი, რომელზეც სარგებლობის უფლება დათმობილი ჰქონდა გ. ჩ-ისათვის;
10. ს.ფ.138-ზე განთავსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ვ-ს ქ№9-ში მდებარე ბინა №3-ის მდებარე საბაზრო ღირებულებაა 244 300 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 25 წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლის ფლობა, კომუნალური გადასახადების გადახდა, აგრეთვე გარკვეული საფასურის მესაკუთრისათვის გადახდა, მიჩნეული უნდა იქნეს შეთანხმებად გ. და ა. ჩ-სა და ზ. ჩ-ს შორის საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ, რის გამოც გ. ჩ-ის სარჩელი საფუძვლიანია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ. ჩ-ი არ იყო რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელ ფართში, პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს, ვინაიდან, საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების დასადასტურებლად, მხოლოდ თანხის გადახდაც საკმარისი ფაქტობრივი გარემოებაა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავებზე მხარეა ერთი მხრივ მოსარგებლე, ხოლო, მეორე მხრივ - მესაკუთრე და არა მომავალი მესაკუთრე. სასამართლოს მითითებული კანონი არ უნდა გამოეყენებინა. გ. ჩ-სა და ზ. ჩ-ს შორის არ დადებულა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება. ამგვარი გარიგების დადებას თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება გამორიცხავს: გ. ჩ-ის მითითებით, მათ სადავო ბინა ვერ გადაიფორმეს პრივატიზების არქონისა და მინდობილობის ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საუბარი არაა ხელშეკრულებაზე, რომლის შინაარსიც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები მოსარჩელის ნათესავ-მეგობრები არიან და მათი ჩვენება არაობიექტურია, გარდა ამისა, მოწმე ზ. გ-ე, რომელიც თითქოსდა ა. ჩ-ის მიერ ზ. ჩ-ისათვის თანხის გადაცემას ესწრებოდა, ვერ ადასტურებს ამ თანხის დანიშნულებას. არც მოსარჩელე და არც ა. ჩ-ი სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილან. საქმეში ასევე არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე 1990 წლიდან იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, გარდა ამისა, მხოლოდ გადასახადების გადახდა გარიგების დადებას არ ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია „ა. დ.სა“ და ზ. ჩ-ს შორის დადებული ხელშეკრულება და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ზ. ჩ-ის უფლება-მოვალეობებზე. სასამართლოს ზ. ჩ-ი საქმეში მხარედ უნდა ჩაერთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ა. დ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. გ. ჩ-ის წინაპრები 1925 წლიდან ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ვ-ს ქ. №9, ბინა №3-ში;
2. ქ. ბათუმში, ვ-ს ქ№9-ში მდებარე №3 ბინა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირიცხებოდა ზ. ჩ-ის საკუთრებად 1994 წლის 30 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე;
3. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და სადავო ბინით 1990 წლიდან 2012 წლამდე სარგებლობდა ჯერ მისი ბიძა ა. ჩ-ი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ა. ჩ-ის შვილი, გ. ჩ-ი;
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით (ზ. გ-ე, ლ. ბ-ე, ლ. ა-ი) დადგენილია, რომ 1990 წელს, გ. ჩ-ის მამამ, ა. ჩ-მა, მის ძმიშვილ ზ. ჩ-ს გადასცა 12 000 მანეთი, სადავო ბინის სყიდვის თანხა;
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ. გ-ის ჩვენებით, ის თავად ესწრებოდა ქ. თბილისში, ჩ-ების ოჯახში, 1990 წელს ზ. ჩ-ისათვის აღნიშნული თანხის გადაცემის ფაქტს;
11. მოწმე ლ. ბ-ის ჩვენებით, 1990 წელს, თბილისში ჩ-ებთან იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც გ. ჩ-მა ბათუმიდან ჩაიყვანა მისი ბიძაშვილი ზ. ჩ-ი. მართალია, ის უშუალოდ იმ ოთახში არ იმყოფებოდა, სადაც ფულის გასდაცეს, თუმცა მისთვის ცნობილი იყო ჩ-ების ოჯახში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რადგან იყო ოჯახის ახლობელი;
6. საქმეში არსებული ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ვ-ს ქ. №9-ში მდებარე ბინა №3-ის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა გ. ჩ-ი;
7. 2012 წლის 9 იანვარს ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც სადავო უძრავი ქონება შპს „ა. დ. გ-ის“ საკუთრებაა;
8. ზ. ჩ-მა შპს „ა. დ. გ-ის“ სახელზე გაასხვისა ისეთი საცხოვრებელი სადგომი, რომელზეც სარგებლობის უფლება დათმობილი ჰქონდა გ. ჩ-ისათვის;
9. ს.ფ.138-ზე განთავსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ვ-ს ქ№9-ში მდებარე ბინა №3-ის მდებარე საბაზრო ღირებულებაა 244 300 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიზნებისათვის „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ისარგებლა 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ, განიხილა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ პირი მოსარგებლედ უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მარტივი წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მაინც არსებობს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, ხოლო 11 მუხლის მიხედვით კი, მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავად კანონი გამოყოფს სარგებლობის უფლების დათმობის 3 საფუძველს: 1) სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2) გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ 3) ადმინისტრაციული აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მეორე შემთხვევაში არ არის სავალდებულო, გარიგება წერილობითი ფორმით იყოს დადებული, მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ საკმარისია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოცემული კანონით მოწესრიგებისათვის, ამასთან, ამგვარი გარიგების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მამამ, ა. ჩ-მა ზ. ჩ-ს ბინის საფასური გადაუხადა, რის შემდეგაც, სადავო ბინას გ. ჩ-ის ოჯახი ფლობდა, ამასთან, კომუნალურ გადასახადებს გ. ჩ-ი იხდიდა.
კასატორის მტკიცებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. ჩ-ი კომუნალურ გადასახადებს იხდიდა, არ არის საკმარისი მისი ე.წ. „ატსტუპნიკად“ მიჩნევისათვის, ვინაიდან საცხოვრებელი ფართის დამქირავებელი ასევე შეიძლება იხდიდეს გადასახადებს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ქვითრების თანახმად, გ. ჩ-ი ფიქსირდება არა მხოლოდ თანხის შემტან პირად, როგორც ამას კასატორი უთითებს, არამედ ბუნებრივი აირის აბონენტადაა რეგისტრირებული. სხვა სახის გადასახადებზე კი, აბონენტად გ. ჩ-ის ბებია, ა. ჩ-ია რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ ბუნებრივი აირის ქვითარზე აღნიშნული ბინის ნომერი არ ემთხვევა სადავო ბინის ნომერს. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ. ჩ-ს საკუთრებაში იმავე მისამართზე მდებარე სხვა ბინა გააჩნია და შესაბამის კომუნალურ გადასახადებს იხდის, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ნომრებს შორის განსხვავება კი, სასამართლოს მოსაზრებით, გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არასარწმუნოა, ვინაიდან ისინი მოსარჩელის ახლობლები არიან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მის მიერ დასახელებულ მოწმეებს შორის ნათესაური ან მეგობრული კავშირი, თავისთავად, მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობას არ ნიშნავს. ამგვარი ეჭვი ობიექტური მიზეზებით უნდა იყოს განპირობებული. მოცემულ შემთხვევაში კი, მოწმეთა ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. ამგვარ საფუძველზე ვერც მხარე მითითებს.
კასატორის მორიგი პრეტენზიაა, რომ 09.01.2012 წელს ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, ამდენად, სადავო ფართზე საკუთრების უფლება „ა. დ. გ-ს“ ჯერ არ გადასცემია, შესაბამისად, იგი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავაზე მხარე ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის შესაგებლების თანახმად, მხარეს ქვემდგომ ინსტანციებში დავის განხილვისას არ მიუთითებია, რომ საკუთრების უფლება „ა. დ. გ-ისათვის“ გადაცემული არ არის. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მუდმივად აღნიშნავდა, რომ იგი სადავო ფართის კეთილსინდისიერი შემძენია, ასევე არაერთგზის მიუთითებს, რომ ბინა ამჟამად მათ საკუთრებას წარმოდგენს (იხ. მაგ. ტ. 1-ლი, ს.ფ. 57, 59, 62 ).
ვინაიდან წინარე ხელშეკრულებასა და საკუთრების უფლების გადაცემის საკითხზე მხარე პირველად საკასაციო საჩივარში მიუთითებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამ მტკიცებასთან დაკავშირებით იმსჯელოს. კასაციის დანარჩენი მიზეზები კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. დ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე