№ას-1639-1536-2012 15 მაისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
1. კასატორი – რ. ს-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
2. კასატორი - თ. გ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გაწეული ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ს-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში თ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის რჩენისათვის გაწეული ხარჯის, 20 000 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და თ. გ-ეს შორის 2002 წლის 8 თებერვალს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც საკუთრებაში გადაეცა ქ. ზესტაფონში, ნ. ნ-ის 1-ლი შესახვევის N9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, სიცოცხლის ბოლომდე ერჩინა მოპასუხე, რაც გულისხმობდა მის უზრუნველყოფას ბინით, კვებით, სამედიცნო მომსახურებითა და მედიკამენტებით. 2011 წლის სექტემბრამდე რ. ს-ე ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებდა. 2011 წლის სექტემბერში თ. გ-ემ მოულოდნელად გამოუცხადა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურდა, რადგანაც ბინას ახლო ნათესავს უტოვებდა ანდერძით. თ. გ-ემ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება შეწყდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება შეუძლებელი იყო, მაგრამ არსად უთითებს, რომ რ. ს-ე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მისი შეწყვეტის შემთხვევაში, მარჩენალს აუნაზღაურდება სარჩენის სასარგებლოდ გაწეული ხარჯები, შესაბამისად, თ. გ-ე ვალდებულია აუნაზღაუროს მისი რჩენისათვის გაღებული ხარჯი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ. ს-ისაგან დახმარება არასოდეს მიუღია. იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა, რაც გახდა კიდეც ხელშეკრულების მოშლის მიზეზი. რ. ს-ის ოჯახს თ. გ-ის ვალი აქვს, რადგანაც წლების მანძილზე მისი პენსიით სარგებლობდნენ, ასევე ხარჯავდნენ მის დანაზოგს.
2012 წლის 7 მაისს თ. გ-ემ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა რ. ს-თვის 16 502 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, სახლი დაზიანებულია და ესაჭიროება 2562 ლარის ღირებულების რემონტი, გარდა ამისა, რ. ს-ის ოჯახმა მას ჯამში 1650 ლარი გამოართვა, ასევე წაართვა 290 ლარის ღირებულების ნივთები, ასევე, მოსარჩელე 10 წლის მანძილზე მისი კარ-მიდამოთი სარგებლობდა, რის საფასურადაც თ. გ-ეს შეუძლია მოითხოვოს წელიწადში 1200 ლარი, სულ 12000 ლარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი და თ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება რ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს რ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6863 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 1997 წლის 27 ივნისს თ. გ-ესა და რ. ს-ეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულების სახით და, ამის გამო, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, 1999 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, იგი ბათილად სცნო;
2. 2002 წლის 8 თებერვალს მხარეებმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ისევ დადეს;
3. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით რ. ს-ემ აიღო ვალდებულება გადაეხადა სარჩო თ. გ-ისათვის ნატურალური სახით, რაც გულისხმობდა სარჩენის უზრუნველყოფას ბინით, კვებით, სამედიცინო მომსახურებით, მედიკამენტებით, სხვა აუცილებელი დახმარებით და განისაზღვრებოდა ყოველთვიურად. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სარჩენი, თ. გ-ე ვალდებული იყო მარჩენალის, რ. ს-თვის აენაზღაურებინა ხელშეკრულების შეწყვეტამდე სარჩენის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი;
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 2002 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულება შეწყდა;
5. თ. გ-ე ხელშეკრულების დადების დროს იყო 83 წლის. იგი არის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერი და მისი პენსია, ხელშეკრულების დადების შემდეგ, სხვადასხვა დროს შეადგენდა: 1. 2002 წლის თებერვლიდან 2004 წლის 1 აპრილამდე, ყოველთვიურად - 14 ლარს; 2. 2004 წლის 1 აპრილიდან 2004 წლის 1 მაისამდე - 17 ლარს; 3. 2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 ივლისამდე, ყოველთვიურად - 18 ლარს; 4. 2004 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 20 ლარს; 5. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად - 28 ლარს; 6. 2006 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველთვიურად - 33 ლარს; 7. 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე, ყოველთვიურად - 38 ლარს; 8. 2007 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 1 აპრილამდე, ყოველთვიურად - 55 ლარს; 9. 2008 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 70 ლარს; 10. 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 ნოემბრამდე, ყოველთვიურად - 75 ლარს; 11. 2009 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 80 ლარს. გარდა ამისა, 2006 წლის 1 სექტემბრიდან თ. გ-ე იღებს სოციალურ დახმარებას, ყოველთვიურად 30 ლარს;
6. ხელშეკრულების დადებიდან 2011 წლის 1 იანვრამდე თ. გ-ემ პენსიისა და დახმარების სახით სულ მიიღო 5977 ლარი;
7. 2002-2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური საარსებო მინიმუმი შეადგენდა, საშუალოდ, 120 ლარს;
8. 2002 წლის თებერვლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე გავიდა 107 თვე. ე.ი 2002 წლის თებერვლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე თ. გ-ის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის საჭირო იქნებოდა: 120X107=12840 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თ. გ-ეს არჩენდა მხოლოდ აპელანტის ოჯახი. სხვა გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თ. გ-ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, პირიქით, მანვე მიუთითა - სხვები ვერ მეხმარებოდნენ, რადგან ამას მათ რ. ს-ე უკრძალავდაო.
სასამართლომ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ საარსებო მინიმუმი არის 120 ლარი, შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, თ. გ-ის, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები მაინც იყო დაკმაყოფილებული, რადგანაც ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, რაც ნიშნავს, რომ რ. ს-ე მას საარსებო მინიმუმით მაინც უზრუნველყოფდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თ. გ-ის მიერ აღძრული სარჩელის მიხედვით, რ. ს-ე თ. გ-ესთან საცხოვრებლად გადავიდა სარჩელის აღძვრამდე ერთი წლით ადრე, ანუ, დაახლოებით, 2010 წლის აგვისტოში. ამის შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთობა გამწვავდა, თუმცა, გარკვეული პერიოდი მაინც გრძელდებოდა. იგი შეწყდა მაშინ, როცა თ. გ-ესთან, მისივე თხოვნით, ჩავიდნენ მისი ნათესავები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ს-ემ ვალდებულების შესრულება დაახლოებით 2011 წლის იანვარში შეწყვიტა, ამგვარად, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს არჩენდა 2002 წლის 8 თებერვლიდან 2011 წლის იანვრამდე და ამ დროის განმავლობაში, თ. გ-ის შემოსავლის გათვალისწინებით, თ. გ-ის სარჩოდ მის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა - 12840-5977=6863 ლარი. სხვა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
რ. ს-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მან 6863 ლარის ხარჯი გასწია. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მან თ. გ-ის რჩენისათვის 20 000 ლარი დახარჯა. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.
თ. გ-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არ არსებობს იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ რ. ს-ემ რაიმე თანხა გაიღო თ. გ-ის სარჩენად. ხელშეკრულების მიხედვით, სარჩოს ოდენობა მხარეებს ყოველთვიურად უნდა განესაზღვრათ. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს პირობა სრულდებოდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ. ს-ე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გაითვალისწინა. სასამართლომ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ საარსებო მინიმუმი არის 120 ლარი, შესაბამისად, თუ ადამიანს ამ ოდენობის შემოსავალი მაინც არ გააჩნია ყოველთვიურად, იგი ვერ იცოცხლებს. ამგვარი დასკვნა ქვეყანაში არსებული რეალობიდან არ გამომდინარეობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შესწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ს-ე თავის საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე არ მიუთითებს. იგი სადავოდ მხოლოდ თ. გ-ისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობას ხდის, აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თ. გ-ის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 1997 წლის 27 ივნისს თ. გ-ესა და რ. ს-ეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულების სახით და, ამის გამო, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, 1999 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, იგი ბათილად სცნო;
2. 2002 წლის 8 თებერვალს მხარეებმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ისევ დადეს;
3. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით რ. ს-ემ აიღო ვალდებულება გადაეხადა სარჩო თ. გ-ისათვის ნატურალური სახით, რაც გულისხმობდა სარჩენის უზრუნველყოფას ბინით, კვებით, სამედიცინო მომსახურებით, მედიკამენტებით, სხვა აუცილებელი დახმარებით და განისაზღვრებოდა ყოველთვიურად. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სარჩენი, თ. გ-ე ვალდებული იყო მარჩენალის, რ. ს-თვის აენაზღაურებინა ხელშეკრულების შეწყვეტამდე სარჩენის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი;
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 2002 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულება შეწყდა;
5. თ. გ-ე ხელშეკრულების დადების დროს იყო 83 წლის. იგი არის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერი და მისი პენსია, ხელშეკრულების დადების შემდეგ, სხვადასხვა დროს შეადგენდა: 1. 2002 წლის თებერვლიდან 2004 წლის 1 აპრილამდე, ყოველთვიურად - 14 ლარს; 2. 2004 წლის 1 აპრილიდან 2004 წლის 1 მაისამდე - 17 ლარს; 3. 2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 ივლისამდე, ყოველთვიურად - 18 ლარს; 4. 2004 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 20 ლარს; 5. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად - 28 ლარს; 6. 2006 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 სექტემბრამდე, ყოველთვიურად - 33 ლარს; 7. 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე, ყოველთვიურად - 38 ლარს; 8. 2007 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 1 აპრილამდე, ყოველთვიურად - 55 ლარს; 9. 2008 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 70 ლარს; 10. 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 ნოემბრამდე, ყოველთვიურად - 75 ლარს; 11. 2009 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად - 80 ლარს. გარდა ამისა, 2006 წლის 1 სექტემბრიდან თ. გ-ე იღებს სოციალურ დახმარებას, ყოველთვიურად 30 ლარს;
6. ხელშეკრულების დადებიდან 2011 წლის 1 იანვრამდე თ. გ-ემ პენსიისა და დახმარების სახით სულ მიიღო 5977 ლარი;
7. 2002-2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური საარსებო მინიმუმი შეადგენდა, საშუალოდ, 120 ლარს;
8. 2002 წლის თებერვლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე გავიდა 107 თვე. ე.ი 2002 წლის თებერვლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე თ. გ-ის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის საჭირო იქნებოდა: 120X107=12840 ლარი;
9. თ. გ-ეს არჩენდა მხოლოდ აპელანტის ოჯახი. სხვა გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თ. გ-ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, პირიქით, მანვე მიუთითა, სხვები ვერ მეხმარებოდნენ, რადგან ამას მათ რ. ს-ე უკრძალავდაო.
10. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საარსებო მინიმუმი არის 120 ლარი, შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, თ. გ-ის, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები მაინც იყო დაკმაყოფილებული, რადგანაც ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, რაც ნიშნავს, რომ რ. ს-ე მას საარსებო მინიმუმით მაინც უზრუნველყოფდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული გულისხმობს, მხარის მითითებას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე, ან მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაზე, რის შედეგადაც ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული შედავების უფლებით და მე-10 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
იმავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.
მარტივად რომ ითქვას, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმ ვარაუდს დააყრდნო, რომ რადგანაც თ. გ-ე დღემდე ცოცხალია, რ. ს-ე მას საარსებო მინიმუმით მაინც უზრუნველყოფდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მსჯელობა არასწორია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცებით, მან თ. გ-ის რჩენისათვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 20 000 ლარი დახარჯა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ რ. ს-ის ოჯახი მას არათუ არ არჩენდა, არამედ მის პირად დანაზოგს ხარჯავდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თ. გ-ე იღებს პენსიას და სოციალურ დახმარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა ახსნა-განმარტება ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ამასთან როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის განმარტება თანაბარი იურიდული ძალის მქონეა და თანაბრად უნდა შეფასდეს სარწმუნოობის თვალსაზრისით. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას კი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სხვა მტკიცებულებებზე დარყდნობით უნდა დადგინდეს.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რ. ს-ე, რომელიც თანხის დაკისრებას ითხოვდა, ვალდებული იყო წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან თ. გ-ის რჩენისათვის ეს თანხა გაიღო, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად განაწილების პირობებში, როდესაც მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას შესაბამის მტკიცებულებებზე ვერ ამყარებს, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.
იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლითგათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, განსახილველ საქმეზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, ასევე დავის ფაქტობრივი გარემოებები დადგენას არ საჭიროებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ს-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ამდენად სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
4. რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე