№ას-1682-1578-2012 2 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა., ნ., თ. რ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., ნ. და თ. რ-ების წინააღმდეგ და მოითხოვა მას და მოპასუხე ა. რ-ას შორის 2011 წლის 20 ივნისს დადებული, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრუელბის ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ გაყიდა და მოპასუხე, როგორც ა. რ-ას წარმომადგენელმა, იყიდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 28 კვ.მ №2 შენობა, ხოლო მიწის ნაკვეთი დარჩა თანასაკუთრებაში. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შემდეგაც, მოსარჩელის მიერ გასხვისებული ქონება დარეგისტრირდა მას და ა. რ-ას თანასაკუთრებაში. ქონება შეფასებული იყო 3000 ლარად, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო 2011 წლის ბოლომდე.
მოპასუხე ა. რ-ამ სარჩელი ცნო.
მოპასუხეება ნ. და თ. რ-ებმა სარჩელი არ ცნეს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ა-ის მოთხოვნა მოპასუხეების: ა., ნ. და თ. რ-ების მიმართ და გაუქმდა შ. ა-სა (პირადი №...) და ა. რ-ას (პირადი №...) შორის 2011 წლის 20 ივნისს შედგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თანმდევი შედეგებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. რ-ებმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით თ. და ნ. რ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, შ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 20 ივნისს შ. ა-სა და ა. რ-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, ა. რ-ამ 3000 ლარად შეიძინა შ. ა-ის კუთვნილი, საჩხერეში, ბ. ქ-ის №6-ში მდებარე ქონება - 28 კვ.მ. ფართის №2 ნაგებობა;
2011 წლის 16 ივლისს ა. რ-ა გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეები არიან შვილები: თ. რ-ა, ნ. რ-ა და ა. რ-ა.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის შესახებ უკავშირდებოდა ნების გამოვლენის ნამდვილობას. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ სარჩელით შ. ა-მა მოითხოვა იმის აღიარება, რომ მას და ა. რ-ას შორის ნამდვილი გარიგება არ დადებულა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება იმთავითვე, ანუ დადების მომენტიდანვე ბათილი იყო. ამ მოთხოვნას მოსარჩელემ საფუძვლად დაუდო ორი ფაქტობრივი გარემოება: ა) ის, რომ მიუხედავად გარიგებისა შემძენი ქონებას არ დაუფლებია, ხოლო გამსხვისებელს ნასყიდობის საზღაური არ მიუღია, რადგან შემძენი გარდაიცვალა და ბ) გარიგება, შემძენის სახელით, დადო იმ პირმა, რომელსაც არ ჰქონდა ეს უფლებამოსილება. ის, რომ გარიგება მოსაჩვენებლად დაიდო და, სინამდვილეში, მხარეებს არ სურდათ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა, მოსარჩელეს არ აღუნიშნავს არც სარჩელში და არც სასამართლოს სხდომაზე; ეს სასამართლოს მთავარ სხდომაზე თქვა, მხოლოდ, ერთ-ერთმა მოპასუხემ, ა. რ-ამ, თუმცა მოსარჩელეს არც ამის შემდეგ მიუთითებია ზემოხსენებულ ფაქტზე. პირიქით, მოსარჩელის წარმომადგენელმა პაექრობის ეტაპზეც მხარი დაუჭირა, მხოლოდ, სარჩელსა და ახსნა-განმარტებაში მითითებულ სარჩელის საფუძვლებს და მათთვის სხვა გარემოებები არ დაუმატებია (ს.ფ. 96). ამის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომელსაც მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად არ უთითებდა. თუმცა, პალატის მოსაზრებით, ასეც რომ არ ყოფილიყო,, მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ა. რ-ამ ნასყიდობის საზღაური ვერ გადაიხადა და ქონებას ვერ დაეუფლა გარდაცვალების გამო, გამორიცხავდა გარიგების მოჩვენებითობას - თუ შემძენს შეძენილი ქონების საფასური უნდა გადაეხადა და ქონებას დაუფლებოდა, მას ნამდვილად სდომებია ქონების შეძენა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის მიღება. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რაიონულმა სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნია მოსაჩვენებლად დადებულად, პალატამ დაუსაბუთებელად მიიჩნია. ამასთან, პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ვერ ამართლებდა.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ ა. რ-ას მიერ შ. ა-ისათვის ნასყიდობის საზღაურების გადაუხდელობის ფაქტის დადასტურებაც კი, გარიგების ბათილობას ვერ გამოიწვევდა. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, შ. ა-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ა. რ-ას მიერ ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; თავად ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ქონება ”გაიყიდა” 3000 ლარად. ე.ი. ხელშეკრულებაში მხარეებმა თანხის გადახდა მოიხსენიეს წარსულ დროში, როგორც უკვე დამდგარი ფაქტი.
მხოლოდ ერთი მოპასუხის, ა. რ-ას განმარტება პალატამ არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ ა. რ-ა თავიდანვე ცნობდა სარჩელს და მისი მოქმედებები, იმთავითვე, მიმართული იყო შ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისაკენ აპელანტების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, პალატის მოსაზრებით, ა. რ-ას მიერ ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობა გარიგების ბათილობის საფუძვლადაც რომ მიჩნეულიყო, მოსარჩელის მოთხოვნა მაინც დაუსაბუთებელი იქნება.
პალატამ არ გაიზიარა შ. ა-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ა. რ-ას წარმომადგენელს არ ჰქონდა მისი სახელით სადავო გარიგების დადების უფლება.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც დაიდო სადავო გარიგება შედგენილი იყო 2011 წლის 11 ივნისს, ანუ გარიგების დადებამდე. მინდობილობით მარწმუნებელმა ა. რ-ამ მიანდო რწმუნებულ ა. რ-ას საჩხერეში, ქ-ის ქ. №6-ში მდებარე ბინაზე გარიგებების დადებისა და ამისთვის საჭირო ყველა სხვა მოქმედებების განხორციელების უფლება. მინდობილობაში მითითებული ბინა ა. რ-ამ შეიძინა მინდობილობის გაფორმების შემდეგ. აქედან გამომდინარე, პალატამ ცხადყო, რომ ა. რ-ამ მინდობილობა გასცა სწორედ სადავო გარიგების დადების მიზნით და გარიგების დადების დროს წარმომადგენელი მოქმედებდა დავალების ფარგლებში. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, პალატის აზრით, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იყო წარმოდგენილი პირის, ა. რ-ას თანხმობაზე. მოსარჩელეს არ განუცხადებია, რომ ა. რ-ა გარიგებას არ დასთანხმებია. პირიქით, სარჩელის შინაარსიდან და მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ა. რ-ა გარიგებას ეთანხმებოდა და მისი პირობების შესრულებასაც აპირებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა გარდაცვალების გამო. აქედან გამომდინარეობს, რომ ა. რ-ას წარმომადგენელს შესაბამისი უფლებამოსილების გარეშეც რომ ემოქმედა, სადავო გარიგება მაინც ნამდვილი იქნებოდა. გარდა ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით უკვე დადებული ხელშეკრულების შეცილების უფლება ჰქონდა წარმოდგენილ პირს და არა მის კონტრაჰენტს, ანუ მოსარჩელეს. ამის გამო, პალატამ დაადგინა, რომ შ. ა-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და რაიონულ სასამართლოს იგი არ უნდა დაეკმკაყოფილებინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი მასზე, რომ თიტქოსდა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, აწ გარდაცვლილ ა. რ-ას თანხა არ გადაუხდია მისი მარწმუნებლისათვის, მიუხედევად იმისა, რომ მითითებული გარიგების მონაწილე ა. რ-ამ (უმცროსი) სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ მისთვის მამამისს და მის მარწმუნებელს აწ გარდაცვლილ ა. რ-ასთანხა არ გადაუცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით შ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შ. ა-ს დაუბრუნდეს მ. ყ-ს მიერ 2013 წლის 18 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე