Facebook Twitter
¹ბს-586-172(კ-05) 2 ნოემბერი, 2005 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ბესიკ კობერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ა. დ-ე, მ. დ-ე, ნ. გ-ე და გ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

მესამე პირი – ი/მ ,,ი. გ-ე”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 2 აგვისტოს ა. დ-ემ, მ. დ-ემ, ნ. გ-ემ და გ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს მიმართ აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2004 წლის 2 თებერვლის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 2004 წლის 2 თებერვალს აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ი/მ ,,ი. გ-ეს” მიეცა გარემოსდაცვითი ნებართვა შუახევის რაიონის სოფ. ... მრგვალი ხე-ტყის სახერხი საამქროს მოწყობის თაობაზე, რითიც დაირღვა მათი კანონიერი ინტერესები, კერძოდ, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მიღებისას აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უნდა ეხელმძღვანელა ,,გრემოსდაცვითი ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით, აღნიშნული კანონი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფაქტობრივად არ გამოუყენებია.
მოსარჩელეების განმარტებით, ზემოაღნიშნული აქტის გამოცემისას არ არის დაცული სანიტარული ნორმები სოფლის მაცხოვრებლებთან მიმართებაში, რაც გამოიხატება იქ არსებული სასმელი წყლის მოსალოდნელ დაბინძურებაში და ზომაზე მეტ ხმაურში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საამქროს ექსპლუატაციის შედეგად. ასევე არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან სახერხი მდებარეობს სოფლის სამანქანე გზიდან 2-3 მეტრის დაშორებით.
მოსარჩელეების განმარტებით, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ არ გაითვალისწინა აჭარის პარლამენტის კომისიის 2002 წლის 27 აგვისტოს დასკვნა, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა იმ ადგილში სახერხი დაზგის ჩადგმას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2004 წლის 2 თებერვალს გაცემული ¹0001 გარემოსდაცვითი ნებართვის ბათილად ცნობას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად ჩაება ი/მ ,,ი. გ-ე”.
მოპასუხე - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. დ-ის, მ. დ-ის, ნ. გ-ისა და გ. თ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად, საქმიანობის განხორცილების პროცესში დაცული უნდა იქნეს ადამიანის ჯანმრთელობა და ბუნებრივი გარემო. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმიანობა, რომელიც ინდმეწარმე ,,ი. გ-ემ” წამოიწყო, განეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საქმიანობას, რადგანაც ხის სახერხი საამქრო, რომელიც მან უნდა ააშენოს, არის 900 მ3-მდე წარმადობისა წელიწადში, რის გამოც კანონის მე-4 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ასეთი წარმოება გამოიწვევს უმნიშვნელო ზემოქმედებას გარემოზე, ამიტომ ასეთი საქმიანობისთვის ნებართვას ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანო.
,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანოის მე-10 მუხლის შესაბამისად, მე-4 კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისთვის საჭიროა: რეგიონალურ ორგანოში დაინტერესებული პირის განაცხადის შეტანა, რომლის საფუძველზეც ტარდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის თაობაზე.
,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლები აწესრიგებს გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, სადაც ამომწურავადაა ჩამოთვლილი გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობა.
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, ი/მ ,,ი. გ-ეს” აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში წარმოდგენილი ჰქონდა ზემოთ მითითებული ყველა დოკუმენტი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ჯერ სახერხი საამქრო ექსპლოატაციაში არ არის შესული, არც სანიტარული განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოებია დამთავრებული, ამიტომ ხმაურს არ შეეძლო შეეწუხებინა მოსარჩელეები და არც წყაროს წყალი დაბინძურებულა, ვინაიდან სახერხის სანიტარული მოწყობა-განაშენიანება ითვალისწინებს სახერხისათვის სპეციალური ბეტონის ორმოს მოწყობას და ნახერხის გადაზიდვას სხვა ტერიტორიაზე.
,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ თუ საქმის განხორციელების შედეგად ადგილზე ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, მაშინ საწარმოს მიეცემა ვადა სხვა ახალი ნორმების დასაცავად.
სასამართლო კოლეგია ასევე მიუთითებს, რომ ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობაზე ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ დასკვნის გაცემა ,,სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ნორმებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ”, ე.ი. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის დასკვნა საჭიროა არა იმისთვის, რომ ნება მიეცეს საწარმოს ამა თუ იმ ადგილზე მშენებლობისათვის, არამედ ამ სამსახურის ნებართვის გაცემის საგანია თვითონ საქმიანობის შესაბამისობა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებთან, რაც შეეხება გარემოს დაცვას და მისი დაბინძურებისაგან დაცვის საკითხს, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა 2005 წლის 20 იანვარს სწორად ცნო ბათილად შუახევის მთავარი სანიტარული ექიმის 2002 წლის 23 მაისის აქტი, რომლითაც, იგი ფაქტობრივად მშენებლობის ნებართვას აძლევდა მეწარმეს და ამით იჭრებოდა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საქმიანობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ ი/მ ,,ი. გ-ე” არ იყო ვალდებული სცოდნოდა თუ რამდენად კომპეტენტურად და პროფესიულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას სახელმწიფო მოხელეები. მან, როგორც მეწარმემ, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად მასზე მოთხოვნილი ყველა პირობა შეასრულა და წარადგინა საჭირო დოკუმენტები გარემოს დაცვის სამინისტროში, შემდეგ მიიღო რა გარემოსდაცვითი ნებართვა და განახორციელა საჭირო ინვესტიციები პროექტის შესასრულებლად, ისარგებლა ამ ნებართვით და სახელმწიფო მოხელეთა მიერ გაცემული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტებიდან გამომდინარე კანონიერი ნდობის უფლებით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. დ-ემ, მ. დ-ემ, ნ. გ-ემ და გ. თ-ემ.
კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მიერ გაცემული 2004 წლის 2 თებერვლის გარემოსდაცვითი ნებართვა ¹0001 შუახევის რაიონის სოფ. ... მრგვალი ხის სახერხი საამქროს მშენებლობაზე, არის უკანონო, ვინაიდან ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესხაებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახერხის ფუქნციონირების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები, საფრთხე შეექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. ,,საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის ¹234/ნ ბრძანების შესაბამისად, სანიტარული დაცვის ზონა ესაა - მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით დადგენილი დაცვის ზონა, რომელიც წარმოადგენს დაცილების ტერიტორიას სამრეწველო მოედნებს, მასალებს, რეაგენტებს, დახურული საწყობებსა და საცხოვრებელი განაშენიანების ზონებს შორის. ამავე ბრძანების 41-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საამქრო წარმოადგენს IV კლასის საწარმოს. რა შემთხვევაშიც სანიტარული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100 მეტრია. კონკრეტულ შემთხვევაში ეს მანძილი 90 მეტრს არ აღემატება.
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტით დგინდება, რომ მფლობელს არ გააჩნია სანიტარული დაცვისა და მშენებლობის ზონის სიდიდის დასაბუთების პროექტი, ხოლო მავნე ფაქტორების შესაძლო ზეგავლენის განმსაზღვრელი ლაბორატორიულ-საცდელი გამოკვლევები ჩატარებული არ არის.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი, რომლის შესაბამისად, სადავო ხის სახერხი საამქროს მშენებლობა ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ შეჩერებას. ასევე შედარების მიღმა დარჩა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, სახერხის მოწყობისას ი/მ ,,ი. გ-ის” მიერ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვანში მითითებული შენიშვნები. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსახლეობის აზრი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 აგვისტოს ¹234/ნ ბრძანების 21-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მათი საცხოვრებლი მიმდებარე ტერიტორია განეკუთვნება წყალმომარაგების, წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის პირველ სარტყელს, რაც მკაცრი რეჟიმის ზონაა და აკრძალულია ნებისმიერი სახის მშენებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2004 წლის 2 თებერვლის გარემოსდაცვითი ნებართვა ¹0001.
კასატორები ზემოაღნიშნულ ნებართვას მიიჩნევენ კანონდარღვევით გამოცემულად და თვლიან, რომ მითითებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას და გადაწყვეტილების მიღებისას აჭარის ა/რ უამაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დარღვეულია “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონისა და “საწარმოების, ნაგებობების და სხვა ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის ¹234/6 ბრძანების მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული პრეტენზიის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეტენზია რიგ გარემოებებთან მიმართებაში საფუძვლიანია და ექვემდებარება გაზიარებას.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კუთვნილი ხის საამქრო მიეკუთვნება წელიწადში 900 მ3-მდე წარმადობის მქონე საწარმოს, რის საფუძველზეც ი. გ-ის საქმიანობა “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის 4. 5 მუხლის შესაბამისად, მიეკუთვნება მე-4 კატეგორიას განკუთვნებულ საქმიანობას.
“საწარმოს, ნაგებობისა და სხვა ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კვალიფიკაციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹234/ნ ბრძანებით დამტკიცებული ნორმების 41-ე მუხლის შესაბამისად, მერქნის დამამუშავებელი მე-4 კლასის წარმოებისათვის სანიტარული დაცვის ზონის სიდიდე შეადგენს არანაკლებ 100Mმეტრს.
ამავე ბრძანების 2.4 მუხლის შესაბამისად, სანიტარული დაცვის ზონა წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით დადგენილ დაცვის ზონას, რომლის არსებობის სავალდებულობასაც ადგენს ამავე ბრძანების 5.1 მუხლი.
ამდენად, უდავოა, რომ ნებისმიერი საწარმოსათვის, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების წყაროს, სავალდებულოა დაცვის ზონისათვის დადგენილი პარამეტრების დაცვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ¹0001 გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას არ მომხდარა ზემოაღნიშნული ზონისათვის განსაზღვრული პარამეტრების შემოწმება, რითაც დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მოთხოვნები.
“გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბინებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები გასცემენ საქმიანობაზე ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში არ დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში არ დაირღვა საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმები;
გ) საქმიანობის განხორციელება მიზანშეწონილი იქნება მისი განლაგების, შინაარსის ან მასშტაბების გამო;
დ) სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულია დასკვნა სანიტარულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ დებულებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი სანიტარული ექიმის 2005 წლის 20 იანვრის ¹1 დადგენილებით ბათილადაა ცნობილი შუახევის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის ის აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო ნებართვის გაცემას.
ამდენად, მიმდინარე დავის განხილვის პროცესში ბათილადაა ცნობილი ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენილია, რამდენად შეესაბამება საწარმოს საქმიანობა სანიტარულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს.
ყოველივე აღნიშნული კი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - ¹0001 ნებართვა _ გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული ნებართვა და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა “გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. დ-ის, მ. დ-ის, ნ. გ-ისა და გ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. დ-ის, მ. დ-ის, ნ. გ-ისა და გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2004 წლის 2 თებერვლის გარემოსდაცვითი ნებართვა ¹0001 და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ბ. კობერიძე