№ას-291-277-2013 14 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - დ. ხ-ი, ი. ხ-ი, მ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დ. ხ-ის, ი. ხ-სა და მ. კ-ის სასარგებლოდ 12900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება, ასევე დ. ხ-ის, მ. ხ-სა და მ. კ-ის ქ.თბილისში, ჭ-ის ქუჩა #9-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
მოსარჩელის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ დ. ხ-ი, ი. ხ-ი და მ. კ-ი არიან ქ. თბილისში, ჭ-ის ქუჩა #9-ში ადმინისტრაციული აქტით შესახლებული პირები. მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 12900 აშშ დოლარს შეადგენს. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანასთა სამინისტრო ვალდებულია, მოსარგებლეებს საცხოვრებელი სადგომის ღირებულება აუნაზღაუროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად დ. ხ-ი, ი. ხ-ი, მ. კ-ი ჩაებნენ.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ. კ-ის, დ. ხ-ის და ი. ხ-ის სასარგებლოდ 12900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაკისრა, ნ. ლ-ის სარჩელი მ. კ-ის, დ. ხ-ის, ი. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, ჭ-ის ქუჩა #9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ა. ლ-ის, ბ. გ-ის, ე. ლ-ის, მარინე ლ-ის, ნ. ე-ის, ნ. ლ-ის, ო. ა-ის, ც. კ-ას და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საკუთრებად. აღნიშნული უძრავი ქონებიდან ნ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია: ლიტერი ,,ა -ს” პირველ სართულზე არსებული 14,59 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი, 85,01 კვ.მ დახმარე ფართი, 85,86 კვ.მ სარდაფი, მე-3 სართულზე მდებარე 14,50 კვ.მ დამხარე ფართი, 15,40 კვ.მ ავტოფარეხი, 23 კვ.მ #3 ნაგებობა, 5 კვ.მ ნაგებობა #5, , ლიტერი ,,ბ -ში“ 43,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი, 22,08 კვ.მ დახმარე ფართობი, ლიტერი ,,ა -ს“ მე-3 სართული საერთო ფართით 308,18 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი 257,81 კვ.მ) 50,37 კვ.მ დამხმარე ფართი;
2. მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს 1952 წლის 10 მაისის №151 საბინაო ორდერის საფუძველზე, ჰ. ა. ძე ხ-ი ოჯახის 5 წევრთან ერთად შესახლებულ იქნა ქ. თბილისში, ჭ-ის ქ. №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის №16 ოთახში;
3. 1985 წელს ჰ. ხ-მა მიიღო ვარკეთილში მდებარე 58 კვ.მ ბინა ოჯახის 6 წევრზე. აღნიშნული პერიოდისათვის ამ უკანასკნელის ოჯახის წევრთა რაოდენობა 8 პირს შეადგენდა და მისი შვილი – ს. ხ-ი, მეუღლესა და შვილებთან ერთად, დარჩა ქ. თბილისის, ჭ-ის ქ. №9-ში მდებარე სახლის №16 და №17 ოთახებში საცხოვრებლად;
4. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ც. თ-ეს უარი ეთქვა მ. კ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებაზე ქ.თბილისში, ჭ-ის ქუჩა #9-ში მდებარე #16 ბინიდან. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ჰ. ხ-ი ოჯახის წევრებთან ერთად (შვილი ს. ხ-ი, რძალი მ. კ-ი და მათი შვილები) აღნიშნულ ბინაში შესახლებული იყვნენ ადმინიტრაციული აქტის საფუძველზე;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ის სარჩელი ქ.თბილისში, ჭ-ის ქ. №9-ში მდებარე ნ. ლ-ის საკუთრებად აღრიცხული №16 ოთახის მესაკუთრედ ცნობის შესახებ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. კ-ის, დ. ხ-სა და ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას ჰ. ხ-ის ჭ-ის ქ. №9-ში მდებარე №16 ოთახის თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს მიერ 1954 წლის 10 მაისის ორდერის საფუძველზე ფლობის შესახებ პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა. გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ დ. ხ-ი, ი. ხ-ი და მ. კ-ი სადავო ბინას ფლობენ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე;
6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 15 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ჭ-ის ქუჩა #9-ში მდებარე #16 ოთახის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 490 აშშ დოლარს, შესაბამისად მთლიანი 26,30 კვ.მ-ის ღირებულება 12900 აშშ დოლარია.
სასამართლომ მიუთითა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებზე და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ. კ-ის, დ. ხ-ის, ი. ხ-ის სასარგებლოდ 12900 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა.
რაც შეეხება მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი სადგომის გამოთხოვის შესახებ, სასამართლოს მითითებით, ნ. ლ-ეს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, მოითხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა, როდესაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აპელანტი უთითებდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბინაში შესახლებულ იქნა ჰ. ხ-ი, ბინა ნ. ლ-ის მამკვიდრებლის საკუთრებაში არ იყო.
აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს უფროს ო. შ-ას წერილის თანახმად, 1950 წლის ჩანაწერებით, ჭ-ის №9-ში მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხებოდა დ. თ-სა და თ. თ-ის სახელზე, ხოლო წერილის გაცემის დროისათვის - ც. თ-სა და ნ. თ-ის სახელზე. 2009 წლის 20 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობებით დგინდება, რომ ც. თ-ის პირველი რიგის მემკვიდრე ნ. ლ-ემ მიიღო მემკვიდრეობით ქ. თბილისში, ჭ-ის ქ. №9-ში მდებარე უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილია ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ ფაქტის, ნ. ლ-ის მამკვიდრებლები იყვნენ თუ არა ის პირები, ვის ბინაშიც შეასახლეს ჰ. ხ-ი, დადგენას არსებითი მნიშვნელობა დავის მოწესრიგებისათვის მაინც არ შეიძლება მიენიჭოს, ვინაიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას არსებული ურთერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი უფლებამოსილ პირად მიიჩნევს იმ პირს, რომელზედაც საკუთრების უფლებით ირიცხება ნივთი დღეისათვის და არა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარება აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ნათესაური კავშირი მ. კ-სა და ჰ. ხ-ს შორის და არ მტკიცდება მ. კ-ის მიერ საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად და ფაქტობრივად ფლობის ფაქტი.
პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 18 ივნისისა და 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებებით, აგრეთვე, საბინაო წიგნის ჩანაწერებით (ტ.1. ს.ფ. 77) მ. კ-ის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი უდავოდაა დადგენილი. რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას არსებული ურთერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის საფუძველზე, ნათესაური კავშირის არსებობა, თავისთავად, არაა გადამწყვეტი პირის მიერ მოსარგებლის უფლებების მოსაპოვებლად.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტი (მოპასუხე) მხოლოდ უარყოფს გარკვეულ ფაქტებს, მაგრამ ამ უარყოფას რაიმე კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ ამყარებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სასამართლო დაეყრდნო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვტილებას და არ გაითვალისწინა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ფინანასთა სამინისტრო მხარე არ ყოფილა. ნ. ლ-ეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იმ პერიოდში, როცა ბინაში შესახლებულ იქნა ჰ. ხ-ი, ბინა ნ. ლ-ის მამკვიდრებლის საკუთრება იყო, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გაითვალისწინა. სასამართლომ არც ის მიიღო მხედვეობაში, რომ მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა ნათესაური კავშირი მ. კ-სა და ჰ. ხ-ს შორის, გარდა ამისა, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 1998 წლის 25 ივნისისათვის, ანუ, კანონის მიღების მომენტისათვის, მოსარგებლე მ. კ-ის მიერ საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად და ფაქტობრივად ფლობას .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
თ. თოდრია