Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-297-283-2013 1 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ს-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ას მიმართ 2011 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ი. ს-ას უკანონო მფლობელობიდან ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩის პირველი შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩის პირველი შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შ. ს-ას სახელზე.

2011 წლის 6 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულებით შ. ს-ას წარმომადგენელმა ც. ს-ამ სადავო ქონება 10 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ი. ს-ას. გარიგება დაიდო მოტყუებით. მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს დარჩებოდა უძრავი ნივთით სარგებლობის უფლება. ამასთან, სახლი შეფასებული იყო 30 000 ლარად, გარიგება კი მხოლოდ 10 000 აშშ დოლარზე დაიდო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 6 იანვარს შ. ს-ას წარმომადგენელ ც. ს-ასა და ი. ს-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულებით ი. ს-ამ შეიძინა ქ. ქუთაისში, მ-ის პირველ შესახვევში მდებარე №5 ბინა და გამყიდველს გადაუხადა 10000 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა უძრავი ქონება შეაფასეს 30000 აშშ დოლარად.

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მოტყუებით დადების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შ. ს-ას.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტები.

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება ბათილია მაშინ, როცა გარიგების დასადებად ერთ-ერთი მხარე მეორეს მოატყუებს.

სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ შ. ს-ასა და ი. ს-ას სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. მათ შორის ხელშეკრულება რეალურად დაიდო, ი. ს-ამ გამყიდველს თანხა გადაუხადა და გახდა ქონების მესაკუთრე. ამის გამო, სადავო გარიგება მოტყუებით დადებული არ არის.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სადავო გარიგებით ი. ს-ამ სინამდვილეში შეიძინა სახლის მხოლოდ ერთი ოთახი, რადგან ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მეტიც, აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ სახლი შეიძინა იმ პირობით, რომ გამსხვისებელსა და მის შვილიშვილებს ექნებოდათ სახლით სარგებლობის საშუალება, ეს კი მის პირვანდელ განმარტებას ეწინააღმდეგება. სადავო გარიგებით შ. ს-ას სახლის მხოლოდ ერთი ოთახი რომ განეკარგა, სახლის დანარჩენი ოთახებით სარგებლობაზე ცალკე შეთანხმება საჭირო აღარ იქნებოდა.

სასამართლოს მოსაზრებით, ნასყიდობის საგანი რომ მთელი სახლი იყო, მტკიცდება ასევე მოწმე დ. ხ-ას ჩვენებითაც. ამ მოწმემ არაერთხელ განმარტა, რომ სადავო გარიგებით ი. ს-ას სახელზე „გადაფორმდა სახლი“ და არა მისი ნაწილი და რომ ეს გარიგება „ჩვეულებრივი სახლის გადაფორმება იყო“. მისი განმარტებით, სახლი გაყიდეს ვალების გასასტუმრებლად. აღსანიშნავია, რომ ეს დაადასტურა ც. ს-ამაც.

პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ სადავო გარიგება დაიდო ი. ს-ას მიერ შ. ს-ას მოვლის პირობით.

სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე მუხლების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ წერილობით, ზემოხსენებულ პირობაზე კი მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან. ამავდროულად, როგორც მოწმეთა – დ. ხ-ასა და ნ. ფ-ის ჩვენებებით, ასევე აპელანტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო სახლი გარიგების დადებამდე მრავალი წლით ადრე დაკეტილი იყო და შ. ს-ა ამ სახლით არ სარგებლობდა. ამ ვითარებაში, აპელანტის პოზიცია არადამაჯერებელია.

ასეც რომ არ იყოს, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ გარიგების ბათილობა ნიშნავს ნების გამოვლენის ბათილობას. უფრო ზუსტად, გარიგება ბათილია მაშინ, როცა ბათილი, ანუ არანამდვილია მხარეთა მიერ გარიგების დადებისას გამოვლენილი ნება. ამის გამო, ვალდებულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება გარიგების ბათილობას არ იწვევს, რადგან ამ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია. სწორედ, ამის გამო, არსებობს ვალდებულება, რომელსაც ერთ-ერთი მხარე არაჯეროვნად ასრულებს. მხარეთა მიერ გარიგების დადებისას გამოვლენილი ნება ნამდვილი რომ არ იყოს, გარიგებიდან გამომდინარე, ვალდებულებაც არ იარსებებდა. ეს ნიშნავს, რომ აპელანტის პოზიციის დადასტურების შემთხვევშიც კი, გარიგება ბათილი არ იქნებოდა.

სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სახლის საფასურად, 30000 აშშ დოლარის ნაცვლად, გადაიხადა 10000 აშშ დოლარი. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინ, როცა მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით.

ნასყიდობის არსებითი პირობა არის ნასყიდობის ფასი და, რადგან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, მის ფასზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ ამავე ფორმით. სადავო ხელშეკრულებაში მხარეებმა ნასყიდობის საგანი შეაფასეს 30000 აშშ დოლარად. აღნიშნული ნიშნავს, რომ მხარეები, კანონით დადგენილი ფორმით შეთანხმდნენ ნასყიდობის ამ ფასზე. საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ი. ს-ას ნასყიდობის საზღაური სრულად არ გადაუხდია, თუმცა, როგორც აღინიშნა, მის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ს-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დარღვევით მყიდველს ნასყიდობის ფასი არ გადაუცია, არამედ თანხა მიიღო მოწმე დ. ხურცილავამ და მისმა აწ გარდაცვლილმა მამამ. აღნიშნული დაადასტურა მოწმეებმაც.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ ც. და ი. ს-ებმა გარიგების დადებისას სადავო უძრავი ქონება 30 000 აშშ დოლარად შეაფასეს. რეალურად კასატორი ყველა ინსტანციის სასამართლოში განმარტავდა, რომ მხარეები ნასყიდობის ფასზე საერთოდ არ შეთანხმებულან. ი. ს-ამ მოატყუა ც. ს-ა, რომ არ აპირებდა სადავო ბინის გაყიდვას და სთხოვა, თავის სიცოცხლეშივე გადაეფორმებინა უძრავი ნივთი მისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე