¹ ბს-586-507-კ-04 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ვნებით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ.-მ, ა. წ.-მა, გ. გ.-მა, ო. გ.-მ, ლ. ა.-მ, ვ. ჯ.-მ 25.10.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების: საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას”, სს “ს.-ს”, სს “ე.-ს”, სს “თ.-ს”, ქ. თბილისის მერიას, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ორი მილიონი ლარის დაკისრება და გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად თითო სულის სასარგებლოდ 200-200 ლარის დაკისრება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე სს “თ.-ის” მხრიდან მოსარჩელეთა სახლის დარბაზებში წყლის ჩადინების აღკვეთა, მოპასუხე ორგანიზაციებისათვის ცხელი წყლის, გათბობის და ელექტროენერგიის მოსარჩელეებისათვის უფასოდ მიწოდების დავალება.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. მოპასუხეებისათვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3 მილიონი ლარის დაკისრება, საიდანაც მორალური ზიანის საზღაური 500000 ლარს შეადგენს; 2. გადაწყვეტილების მიღების დღიდან ყოველდღიურად თითო სულის სასარგებლოდ მოპასუხე ორგანიზაციებისათვის 200-200 ლარის გადახდის დაკისრება; 3. სს “თ.-სათვის” მოსარჩელეთა სახლის საძირკველსა და სარდაფებში წყლის ჩადინების აღკვეთის დავალება, სახლის დანესტიანებისა და დატბორვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება; 4. სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულებისათვის 500000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, სამუშაოთა შესასრულებლად გონივრული ვადის დაწესება; 5. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სკ-ის 403-ე მუხლის თანახმად, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე თანხის 3%-ის გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 07.03.02წ. განჩინებით საქმეზე დაინიშნა ოთხი სახის კომპლექსური ექსპერტიზა. 29.01.04წ. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა რიცხვიდან.
მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ემიჯნება სს “თ.-ის” ტერიტორიას, სადაც დამონტაჟებულია უზარმაზარი რეზერვუარები და საქვაბეები, მძლავრი ელექტრო-გენერატორები და მაღალი ძაბვის სადენები. დარღვეულია ყველა სანიტარული ნორმა, რამაც განაპირობა კიდეც საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებელთათვის არანორმალური პირობების შექმნა. მოხდა ავარიები, რამაც სერიოზული ხიფათი შეუქმნა სახლის მაცხოვრებლებს. სს “თ.-ის” საკვამურიდან ამოფრქვეული შავი მტვერი, ელექტროგენერატორები და ახლოს გამავალი მაღალი ძაბვის ხაზები დამანგრევლად მოქმედებს მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე. სს “თ.-დან” კორპუსის გარე კედლის გავლით შენობის საძირკველში სისტემატურად ჩაედინება წყალი, დაგროვილი წყლის გამო დაწყებულია კედლების დაბზარვა, იქმნება შენობის ჩამოქცევის საშიშროება.
მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ იქნა თსუ ქიმიური ტექნოლოგიის ლაბორატორიის დასკვნა, რომლის მიხედვით, მავნე ნივთიერებათა შემცველობა ჰაერში ზოგჯერ ათჯერ და მეტად აღემატება დასაშვებ ნორმას. მოსარჩელეებმა, აგრეთვე, წარმოადგინეს თსუ შრომის ფსიქოლოგიის კათედრის დასკვნა, რომლის თანახმად, საცხოვრებელ სახლში ხმაური გამოწვეულია 1000-1200 ჰერცის სიხშირის ტალღებით, ხმაურის ინტენსივობა 45-50 დეციბალის ფარგლებში მერყეობს, ხმაურის წყაროა ბინებიდან 20-25 მეტრით დაშორებული მაღალი ძაბვის სამი ელექტროტრანსფორმატორი, ხმაურის ფიზიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად აჭარბებს ხმაურის გამომწვევი ტალღების ინტენსივობის დასაშვებ ნორმებს. დასკვნის თანახმად, არა თუ 40-45 დცბ, არამედ 20 დცბ-ის ინტენსივობის ხმაურიც კი იწვევს სმენადობის დაქვეითებას, 25 დცბ აძნელებს ბგერის აღქმადობას, ხოლო უფრო მაღალი ინტენსივობა იწვევს არტერიული წნევის რეჟიმის დარღვევას და მთელ რიგ ფსიქოსომატურ დაავადებებს, რადგან ხმაური არის არა მომენტალური ან პერიოდული, არამედ უწყვეტი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უარყოფითი ზემოქმედების ეფექტს.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ... სახლის მაცხოვრებელთა სარჩელის განხილვისას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სს “თ.-ის” ხელმძღვანელობამ იკისრა, ჰუმანიტარული დახმარების სახით უსასყიდლოდ მიეწოდებინა სახლის მაცხოვრებელთათვის ცხელი წყალი და ელექტროენერგია, მობინადრეებმა თავის მხრივ იკისრეს ვალდებულება, წესრიგში მოეყვანათ ცხელი წყლის გაყვანილობა. მობინადრეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულების მიუხედავად, მოპასუხეს არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელეები ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებდნენ სკ-ის 318-ე, 408-ე, მე-1000 მუხლებზე მითითებით. მოსარჩელეები უთითებენ, რომ 18 მეგავატი ენერგიის მისაღებად სს “თ.-ი” ერთ საათში წვავს დაახლოებით 10000 მ3 ჟანგბადს, რადგან ჰაერში ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით 30%-ია, ამიტომ ყოველ საათში ნადგურდება 10000 მ3 ჰაერი. სს “თ.-ი” გაზზე მუშაობისას დღე-ღამეში ანადგურებს 2400000 მ2 ჰაერს და მის ნაცვლად გამოაფრქვევს მავნე გამონაბოლქვს, რის გამო მოსარჩელეთა ბინებში ჰაერის ნაკლებობა და მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მეტობას აქვს ადგილი. მხედველობაშია მისაღები ის, რომ სს “თ.-ი” გაზით მოხმარების რეჟიმზე რამდენიმე წლის წინ გადავიდა, მანამდე საწვავად იყენებდნენ მაზუთს, რაც უფრო მეტად აძლიერებდა მავნე ზემოქმედებას. ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი ეკოლოგიური მდგომარეობის რუკის თანახმად, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მაღალი დაბინძურების ზონაში, სადაც ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია საგრძნობლად აღემატება საშუალო მონაცემებს ქ. თბილისში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს “თ.-ს” დაეკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში სს “თ.-ის” მხრიდან მზიდ კედელში შემავალი წყლის დინების აღკვეთა და ამ მზიდი კედლის აღდგენა. კოლეგიის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს თბილისის მერიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სს “თ.-ს” სოლიდარულად დაეკისრათ ა. წ.-ის და თ. ქ.-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულისათვის 5000 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი ემიჯნება ჯერ კიდევ 1911 წელს აშენებულ სს “თ.-ის” ტერიტორიას, რომელზეც განლაგებულია ძაბვის ტრანსფორმატორები, გენერატორები, აგრეთვე გადის 50 ჰც სიხშირის ელექტრონული ველის წყარო, მაღალი ძაბვის ხაზები. 2001 წლის თებერვლიდან სს “თ.-ი” აღარ ფუნქციონირებს სრული დატვირთვითა და გენერაციის რეჟიმში, მიუხედავად ამისა მის ტერიტორიაზე დღესაც უწყვეტად მოქმედებს ელექტროენერგიის ძაბვის მძლავრი რამოდენიმე ტრანსფორმატორი რის გამოც წარმოიქმნება ხმაური. კოლეგიამ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ თ. ქ.-ის და ა. წ.-ის საცხოვრებელ ბინაში ხმაური აჭარბებს დასაშვებ დონეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილ დიაგნოსზე დაყრდნობით, კოლეგია მივიდა დასკვნამდე, რომ უარყოფით ზეგავლენას შედეგად მოჰყვა მათი სხვადასხვა ავადმყოფობებით დაავადება. ამასთანავე, კოლეგიამ დაუდასტურებლად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ჯანმრთელობას ვნება მიადგა სს “თ.-ის” საკვამურებიდან გამოფრქვეული ნივთიერებათა ზეგავლენის გამო. კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას 2500000 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად თითო სულისათვის 200-200 ლარის გადახდას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოსარჩელეები არ უთითებენ კონკრეტულად როდის და რა რაოდენობით ხარჯი გასწიეს მოპასუხეების ბრალეულ მოქმედებათა გამო, რა ხარჯი, როდის და რის გამო უნდა გასწიონ მომავალში.
ნაწილობრივ დასაბუთებულად იქნა მიჩნეული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს თ. ქ.-ს და ა. წ.-ს უნდა აუნაზღაურდეთ ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება იმ სულიერი ტრავმის საკომპენსაციოდ, რომელიც მათ განიცადეს დ განიცდიან სს “თ.-ის” ტრანსფორმატორების მუშაობით გამოწვეული ხმაურის გამო. მოსარჩელეების მიერ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მითითებული თანხა (500000 ლ) აშკარად შეუსაბამოდ მიიჩნია მათ მიერ განცდილ ზიანთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა თითოეულისათვის 5000 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. კოლეგიამ მიიჩნია. რომ ზიანის გამომწვევი მიზეზებია მოპასუხეების - თბილისის მერიის, გარემოს და ბუნებრივი დაცვის სამინისტროსა და სს “თ.-ის” ბრალეული ქმედებები. კოლეგიამ მიუთითა, რომ სს “თ.-ის” ყოველდღიური სამეწარმეო საქმიანობა არის იმ ზიანის უშუალო გამომწვევი მიზეზი, რომელსაც მოსარჩელეები თ. ქ.-ე და ა. წ.-ი განიცდიან. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 26.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის და “საქართველოს დედაქალაქის შესახებ” კანონის 9.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მერია ვალდებულია, გაატაროს ღონისძიებები გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს პრეზიდენტის 28.03.98წ ¹198 ბრძანებულებით დამტკიცებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-10 მუხლის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას შეადგენს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ მერიამ და სამინისტრომ ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებანი, მოსარჩელეთა არაერთი განცხადება-საჩივრის მიუხედავად არ გატარებულა კონკრეტული ღონისძიებები მათ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, რის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება, სს “თ.-თან” ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს მერიას და სამინისტროს.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამუდმებით მიედინება წყალი, დანესტიანების გამო სარდაფის დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, რის გამო ზიანის აღკვეთა დაეკისრა სს “თ.-ს”.
სამართლებრივად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ მოქმედებათა არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის არ ითვალისწინებს საურავის და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული სარჩელის მოთხოვნა ცხელი წყლით და გათბობით უფასოდ უზრუნველყოფის მოთხოვნის ნაწილში. კოლეგიამ მიუთითა, რომ ქალაქის მოსახლეობას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ მიეწოდება ცხელი წყალი და გათბობა, არც ერთი მოპასუხე ამგვარ საქმიანობას არ ეწევა. მოთხოვნა სკ-ის 319-ე მუხლის დარღვევით ფაქტიურად წარმოადგენს გარიგების დადების ვალდებულების მხარისათვის დაკისრებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ქ.-მ, ი. ჯ.-მ, ლ. ა.-მ, ო. გ.-მ, ა. წ.-მ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ “თ.-ის” საკვამურებიდან ამოფრქვეული ნივთიერებები, გენერატორების, ტრანსფორმატორებისა და ვენტილატორების უწყვეტი ხმაური ზიანის მომტანია ჯანმრთელობისათვის, რადგან ამოფრქვეული მავნე ნივთიერებების ქვეშ მოექცა მათი საცხოვრებელი კორპუსი. “თ.-ს” არ გააჩნია სანიტარულ-დამცავი ზონის ფართობი. “გარემოს დაცვის შესახებ” კანონისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, სახელწოდება “ეკოლოგიური პასპორტი” აღარ გამოიყენება, მას ეწოდა ნორმატივების პროექტი. მიუხედავად ამისა, 2000 წელს ავტორები ამ დოკუმენტს კვლავ ეკოლოგიურ პასპორტს უწოდებდნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 11.12.2000წ. ბრძანებით დამტკიცებული “ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების პროექტების შემუშავების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტის სახელწოდებაა “ზდგ” და არა ეკოლოგიური პასპორტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტი ასევე “თ.-ის” ადმინისტრაცია ხელმძღვანელობენ უკვე არარსებული აქტებით. “თ.-ის” ეკოლოგიურ პასპორტს თარიღი არ აქვს, ხოლო უთარიღო დოკუმენტით სარგებლობა და ასეთი საშიში საწარმოს ექსპლუატაცია დაუშვებელია. გარდა ამისა, “თ.-ის” პასპორტის დამტკიცება მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რითაც დაირღვა 28.08.87წ. დამტკიცებული “ზდგ ნორმატივების პროექტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 29-ე და 35-ე მუხლები. ხსენებული მუხლების თანახმად, პასპორტში მითითებული უნდა იყოს თითოეული მავნე ნივთიერება, მათი ჯამური მავნე ზემოქმედება, ზიანის სიდიდე და სხვა მაჩვენებლები, რაც “თ.-ის” პასპორტში აღნიშნული არ არის. “თ.-ის” საკვამურ მილებზე ფილტრები არ არის დაყენებული, რაც ასევე კანონის დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, “თ.-ს” არა აქვს ლიცენზია წყლის გამოსაყენებლად და წყალმზომების ნაცვლად წყალს მილის დიამეტრით ზომავენ, “თ.-ს” არ გააჩნია ნარჩენების უტილიზაციის ნებართვა, წყალგამთბობი ქვაბები 1956, 1959, 1975, 1978 წლებიდანაა ექსპლუატაციაში, ამორტიზირებულია და საჭიროებენ დემონტაჟს, ხოლო “წყლის შესახებ კანონის” თანახმად, საწარმოში გამოყენებული წყალი გაწმენდილი უნდა იქნეს ჩაშვებული მდინარეში, ნარჩენები უნდა ჩაიმარხოს. აღნიშნული საქმიანობისათვის საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადაეხადა გადასახადი, რაც Mმის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში არ ასახულა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ “თ.-ს” საერთოდ არ ჰქონდა საწარმოს ექსპლუატაციის უფლება, რადგან ლიმიტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა, კერძოდ, იგი არ შეესაბამებოდა “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონს, “გარემოს დაცვის შესახებ” კანონს და დებულება-რეკომენდაციას. ლიმიტის გაცემის თარიღად მითითებულია 11.01.01წ. მაშინ, როდესაც კანონის თანახმად, ლიმიტი დამტკიცებული და რეგისტრირებული უნდა იყოს სამეურნეო წლის დასაწყისამდე. გაფრქვევის უფლებას საწარმო მოიპოვებს მხოლოდ ლიმიტის რეგისტრაციის დღიდან. ყველა შემთხვევაში 2001 წლის 1 იანვრიდან 11 იანვრამდე ულიმიტოდ ანუ უნებართვოდ ახდენდნენ “თ.-ის” ექსპლუატაციას და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. “ატმოსფერული ჰაერის შესახებ” კანონის 37-ე და მე-60 მუხლების, გარემოს დაცვის მინისტრის 27.08.01წ. ბრძანების შესაბამისად, დგინდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინდექსი, მათი აღრიცხვა და ანგარიშგება, “თ.-ის” დოკუმენტაციას თან არ ახლავს ინდექსი და აღრიცხვა-ანგარიშგება. “თ.-ის” მუშაობა ეწინააღმდეგება “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დიდად აჭარბებს დასაშვებ ნორმას. გარემოს დაცვის შესახებ მთელი რიგი კანონები კრძალავს გარემოს, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის იმგვარ დატვირთვას, რაც ზიანს აყენებს ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს. 22.03.2000წ. შედგენილი დასკვნით დასტურდება, რომ “თ.-ის” ტერიტორიაზე ტრანსფორმატორების მუშაობით გამოწვეული ხმაურის დონე აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. იგი არის უწყვეტი და უარყოფითი ზემოქმედების ეფექტი მნიშვნელოვნადაა გადიდებული. ხმაურის წყაროა სამი ელექტროტრანსფორმატორი. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ სახლში ქიმიური ნივთიერებების, ნახშირწყალბადების და მტვრის შემცველობის კონცენტრაცია მრავალგზის აღემატება დასაშვებ ნორმებს. გარდა ამისა, მაღალია ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის სუსტი სიგნალიც კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად კასატორები უთითებენ ევროპის სასამართლოს 09.12.94წ. გადაწყვეტილებას ნ. ლოპესის სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის გამო, ესპანეთის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4.000000 პესეტის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოქმედება მიმდინარეობს სს “თ.-ის” ნორმალური სამეურნეო საქმიანობიდან, სკ-ის 175-ე მუხლის I-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად. არ არსებობდა გარემოს დაცვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ისეთ დარღვევები, რომლის თმენის ვალდებულებაც მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონი და “საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” კანონი. დაუსაბუთებელია მერიისათვის კომპენსაციის დაკისრება, თუ ზემოქმედება აღემატება დასაშვებ ფარგლებს, კასატორის აზრით, კომპენსაციის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს არა ქ. თბილისის მერიის, არამედ სს “თ.-ის” მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას თბილისის მერიისათვის თანხების მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე სს “თ.-ის” მიერ. კასატორი თვლის, რომ მას უმართებულოდ დაეკისრა სარდაფში წყლის ჩადინების აღკვეთის და კედლის აღდგენის ვალდებულება, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის მიხედვით წყლის წარმომავლობასთან დაკავშირებით ექსპერტი არ იძლევა კატეგორიულ დასკვნას. კასატორი არ ეთანხმება მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და აღნიშნავს, რომ 175.2 მუხლის თანახმად მოსარჩელეები ვალდებულნი არიან, ითმინონ ტრანსფორმატორების ხმაური, რადგან მათი ექსპლუატაცია ხორციელდება საზოგადოების ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ინტერესებში. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან თ.-ი საცხოვრებელ სახლზე უფრო ადრეა აშენებული. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შრომის დაცვის ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებას აქვს მხოლოდ ღამის საათებში, მისი მავნე ზემოქმედება მოსარჩელეებზე დადგენილი არ არის. ხმაურის პარამეტრების გაზომვისას არ არის გათვალისწინებული ფონური ხმაური. არასრულყოფილია ა. წ.-ის ბინაში ჩატარებული ხმის გაზომვების მონაცემები, ვინაიდან დასკვნის მიხედვით ა. წ.-ის ბინაში და ბინის გარეთ ზღვრული ნორმის გადაჭარბების ერთნაირი მონაცემი არის დაფიქსირებული. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა ა. ნ.-მ განმარტა, რომ ბინაში გაზომვის ჩატარების დროს ფანჯარა ოდნავ ღია იყო, ანუ დასკვნა აბსოლუტური სიზუსტით არ ასახავს ბინაში არსებულ ხმაურს ფანჯრის დახურულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ექსპერტმა ვერ დაასაბუთა თუ რატომ იქნა ჩატარებული გაზომვა ნახევრად გაღებული ფანჯრის პირობებში და ვერ მიუთითა შესაბამის ნორმატიულ საფუძველზე. კასატორი თვლის აგრეთვე, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 45.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს ექსპერტისათვის გასამრჯელოს მიცემას მხოლოდ სასამართლოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, ასეთი შეთანხმება ექსპერტებთან დადებული არ ყოფილა, გარდა ამისა ექსპერტის მიერ შესრულებული სამუშაო შედის მის სამსახურებრივ მოვალეობებში, ექსპერტის დასკვნით სს “თ.-ის” ბრალეულობა დადგენილი არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სს “თ.-ის” მიმართ და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე თ. ქ.-მ, თ. ჯ.-მა, ლ. ა.-მ, თ. გ.-მ, ა. წ.-მა, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის და სს “თ.-ის” წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა თ. ქ.-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მხარი დაუჭირა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს. პროექტის სხვა მხარეები საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრების საფუძვლების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის და სს “თ.-ის” საკასაციო საჩივრები არ უნდა დამკაყოფილდეს, ა. წ.-ის, თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ი. ჯ.-ის, ლ. ა.-ის, ო. გ.-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მავნე ნივთიერებების ამოფრქვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი. საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები ბუნებისდამცავი დოკუმენტაციის (ეკოლოგიური პასპორტის, ლიცენზიის და სხვ) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენის შესახებ არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებართვების გაუქმება, ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება, ობიექტზე გარემოსდამცავი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა თბოელექტროსადგურის საკვამურებზე ფილტრების დაყენება და სხვ. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს აგრეთვე კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე “ლოპეზ ოსტრა (LOPEძ OჩთღA) ესპანეთის წინააღმდეგ” გამოტანილი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში (09.12.94წ.) სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და დააკისრა მოპასუხე სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება იმის გათვალისწინებით, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდა და ფუნქციონირებდა განმცხადებლის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია განმცხადებლის ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საჭიროება, ახალი სახლის შესაძენად, მასში გადასასვლელად საჭირო თანხების გაღება. რაც შეეხება განსახილველ საქმეს, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ თავდაპირველად აშენდა თბოელექტროსადგური (1911წ.), 1931 წელს მას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ხოლო 1939 წელს თ.-ი შევიდა ექსპლუატაციაში. საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ..., რომელშიც ცხოვრობენ კასატორები, “თ.-ის” მოქმედების პერიოდში, 1952 წელს არის აშენებული. ამდენად შეუძლებელია თ.-ის დაპროექტებით და მშენებლობით გარემოსდამცავი კანონმდებლობის დარღვევის დადგენა. კასატორებს 2001 წლის ოქტომბრამდე არ უთხოვიათ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების გამო ზიანის ანაზღაურება, თუმცა შეგნებული ჰქონდათ მავნე ზემოქმედების საშიშროება, არ დამდგარა თ.-ის ექსპლუატაციის კანონიერების საკითხი, “საშიში ნივთიერებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ” კანონის 6.6 მუხლის მიხედვით პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მან იცოდა დაბინძურების რისკის არსებობის შესახებ და თავად ჩაიგდო თავი საფრთხეში. თბოელექტროსადგურის მეშვეობით ხდებოდა სადგურის გარშემო ტერიტორიაზე მდებარე მოსახლეობის და სხვადასხვა ობიექტების მომარაგება ცხელი წყლით და გათბობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გარკვეული ზემოქმედება გამოწვეული იყო თბოელექტროსადგურის ნორმალური სამეურნეო საქმიანობით, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებით. სკ-ის 175-ე მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. სკ-ის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თბოელექტროსადგურის მეშვეობით ხდებოდა სადგურის გარშემო ტერიტორიაზე მდებარე მოსახლეობის და სხვადასხვა ობიექტის მომარაგება ცხელი წყლით და გათბობით. თ.-ის ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული სამინისტროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით (ტ.4, ს.ფ. 50-52) თ.-ის ნორმალური მუშაობისათვის მნიშვნელობა აქვს მის განლაგებას მომხმარებელთან უშუალო სიახლოვეს, რადგან ორთქლისა და ცხელი წყლის გადაცემა ახლო მანძილზეა შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებზე გარკვეული ზემოქმედება გამოწვეული იყო თბოელექტროსადგურის ნომალური სამეურნეო საქმიანობით, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებით. თავის მხრივ, საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები ეთანხმებოდნენ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით გამოწვეულ გარკვეულ ეკოლოგიურ დისკომფორტს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები წინა პერიოდში მოითხოვდნენ არა ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებას, გარემოსდამცავი ღონისძიებების გატარებას, არამედ თ.-ის ექსპლუატაციით გამოწვეული ეკოლოგიური დისკომფორტის გამო გარკვეული შეღავათების მინიჭებას (სახლის შეუზღუდავ ფიდელზე მიერთებას, ცხელი წყლით, გათბობით, დენით უფასოდ მომარაგებას). უფრო მეტიც, კასატორების ზოგიერთი მოთხოვნა, კერძოდ სს “თ.-ისათვის” უფასოდ ცხელი წყლით კასატორების მომარაგების მოთხოვნა, ფაქტობრივად უტოლდება თ.-ის ექსპლუატაციის აღდგენის მოთხოვნას. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი სკ-ის 319-ე მუხლით აღიარებული მხარეთა ნების ავტონომიის და ხელშეკრულების დადების თავისუფლების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების ვალდებულების მხარისათვის დაკისრებას. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2001 წლის 2 თებერვლიდან შეწყვეტილია ელექტრო და თბოენერგიის გამომუშავება. ამდენად, ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების გამო, საქმის განხილვის პერიოდისათვის მოსარჩელეები არ განიცდიდნენ სს “თ.-ის” საკვამურიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა მავნე ზემოქმედებას, ამასთანავე კასატორები ვერ ასახელებენ თუ რა ზიანი მიადგა კასატორებს წინა წლებში მავნე აირების ზემოქმედებით, რაში გამოიხატა კონკრეტულად რეალური, მატერიალური ზიანის მიყენება, რა ხარჯების გაწევა მოუხდათ კასატორებს თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების შედეგად, კასატორები ვერ ასახელებენ მკურნალობაზე გაწეულ ან გასაწევ ხარჯებს, მოსარჩელეთაგან გ. გ.-მა და ლ. ა.-მ საერთოდ უარი თქვეს სამედიცინო გამოკვლევაზე. თითოეული კასატორისათვის ზიანის ოდენობის დადასტურება კასატორებმა ვერც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში შეძლეს.
ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ქმნის საკასაციო საჩივრის მითითება სს “თ.-ის” მიერ მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის დაწესებულებული გადასახადების გადაუხდელობაზე. საგადასახადო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშრებული საკითხების რეგულირებისათვის და არ ქმნის ფიზიკური პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმებლობის განმსაზღვრელი ნორმები ემსახურება გადასახადებით დაბეგვრის უზრუნველყოფას და ასევე ვერ დაედება ... მაცხოვრებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “თ.-ის” საკვამურიდან გამოფქვეულ ნივთიერებათა ზემოქმედებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. ამასთანავე, მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ სს “თ.-ის” ტერიტორიაზე გარემოსდამცავი ღონისძიებების (საკვამურებზე მავნე აირებისაგან დამცავი ფილტრების მოწყობა, ხმაურსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარება და სხვ.) გატარების დავალება მოპასუხისათვის, სკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია.
საფუძველსმოკლებულია თ. ქ.-ის, ი. ჯ.-ის, ლ. ა.-ის, ო. გ.-ის, ა. წ.-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება ელექტრომაგნიტური გამოსხივების კასატორებზე მავნე ზემოქმედების შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის მავნე ველების განყოფილების სპეციალისტების მიერ ჩატარებული ელექტრული ველის დაძაბულობის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ სს “თ.-ის” ტერიტორიაზე შემავალი მაღალი ძაბვის ხაზებიდან და იქვე განლაგებული ქვესადგურის ელექტროდანადგარებიდან, ამჟამად მოქმედ რეჟიმში, ელექტრული ველის დაძაბულობა გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებში თავის მაქსიმალურ მაჩვენებლებში არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს. სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 17.01.03წ. წერილით ირკვევა, რომ შემდგომში ჩატარებული გაზომვებით დაფიქსირდა ზოგიერთ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტება, რაც არ ადასტურებს სახელდობრ მოსარჩელეთა საცხოვრებელ ბინებში დადგენილი ნორმების დარღვევას, ამასთანავე წერილის თანახმად ჩატარებული გამოკვლევები არ იძლევა საბოლოო ჰიგიენური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, ვინაიდან უცნობია ელექტრომაგნიტური ველის წარმომქნელი წყაროს მქონე ყველა ობიექტი, საკითხი საჭიროებს შემდგომში ამ ობიექტების მფლობელი ორგანიზაციების მონაწილეობით შესაბამისი კვლევების ჩატარებას ამ ობიექტების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველის დონეების დასადგენად. ამდენად, სს “თ.-ის” ტერიტორიაზე შემავალი მაღალი ძაბვის ხაზებიდან და ელექტროდანადგარებიდან წარმოქმნილი ველის შედეგად კასატორებისათვის ზიანის მიყენება არ დასტურდება, შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ თბოელექტროსადგური არ ფუნქციონირებს სრული დატვირთვით და გენერაციის რეჟიმში, იგი კვლავინდებურად რჩება ხმაურის წყაროდ, მის ტერიტორიაზე უწყვეტად მოქმედებს ელექტროენერგიის ძაბვის მძლავრი რამოდენიმე ტრანსფორმატორი. სს “თ.-ის” ტერიტორიაზე განლაგებული ტრანსფორმატორების უწყვეტი მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ხმაური აჭარბებს ზღვრულ ნორმებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ თ. ქ.-ის საცხოვრებელ ბინაში (ქ. თბილისი, ...) ტრანსფორმატორების მუშაობით წარმოქმნილი ხმაური აჭარბებს დასაშვებ დონეს ღამის საათებში 10 დბA სიდიდით, ა. წ.-ის საცხოვრებელ ბინაში (ქ. თბილისი, ...) ხმაური 3 დბA სიდიდით აჭარბებს დასაშვებ დონეს, რის გამო არსებობს თ. ქ.-ის და ა. წ.-ის მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძველი. დანარჩენი კასატორების ი. ჯ.-ის, ო. გ.-ის და ლ. ა.-ის საცხოვრებელ ბინებში ტრანსფორმატორებიდან გავრცელებული ხმაური არ აღემატება დასაშვებ სიდიდეებს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მართებულად ეთქვა უარი ზიანის ანაზღაურებაზე ი. ჯ.-ის, თ. გ.-ის და ლ. ა.-ის სასარჩელო მოთხოვნებს დაუსაბუთებლობის გამო. ვინაიდან სს “თ.-ის” ტერიტორიაზე განლაგებული ტრანსფორმატორების უწყვეტი მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ხმაური აჭარბებს ზღვრულ ნორმებს, საკასაციო პალატა შესაძლებლად თვლის ა. წ.-ის და თ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა. წ.-ს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი - ნევროზული მდგომარეობა, ასთენიური სინდრომი, ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით, I ხარისხის სუნთქვის უკმარისობა. ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით თ. ქ.-ს დაუდგინდა ვეგეტო-ასთენიური სინდრომი, აგრეთვე ქრონიკული ჰიპერტროფიული ფარინგიტი, ორივე თვალის ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა კომისიამ დასაშვებად მიიჩნია, რომ ვეგეტო-ასთენიური და ნევრასტენიული სინდრომები, ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტებით, სუნქვის უკმარისობა გამოწვეული იყოს მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ერთობლივი ზემოქმედების შედეგად. “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანტროპოგენური ზემოქმედების ერთ-ერთი სახეობათაგანია. სანიტარული კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ბინა ხმაურის დონით უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ ნორმებს. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ფიზიკური ფაქტორების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ფიზიკური ფაქტორები) წარმოქმნასთან, ვალდებულია დაიცვას სანიტარული ნორმები, აგრეთვე განახორციელოს ღონისძიებები საწარმოო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივ შენობებსა და დასახლებული ადგილის საცხოვრებელ ტერიტორიებზე ფიზიკური ფაქტორების აღმოფხვრის ან მათი ინტენსივობის დონის ჰიგიენურ ნორმატივებამდე შემცირებისათვის. ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის I-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს. “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.01წ. ¹297/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001წ, ¹90, მუხ. 647) დამტკიცებული “ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე” ¹3 დანართით განსაზღვრულია ხმაურის მაქსიმალური დონეები საცხოვრებელი შენობების სათავსოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ტრანსფორმატორების მუშაობის შედეგად გამოწვეული ხმაური აჭარბებს ზღვრულ ნორმატივებს. ტრანსფორმატორების დანერგვა პრაქტიკულად ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში აქტუალური გახადა მისი ხმაურის შემცირების საკითხი. კანონმდებლობა იურიდიულ პირებს აკისრებს დადგენილი ნორმების დაცვას არამხოლოდ ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს, არამედ მოქმედი ობიექტის რეკონსტრუქციის, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლების პროცესში (სანიტარული კოდექსის 30.2 მუხ), მით უფრო, რომ სამრეწველო საწარმოების გარე ხმაურის წყაროებს და საცხოვრებელ სახლებს შორის დაცილების მანძილი მცირეა, რაც ქალაქის ძველ რაიონებში, სადაც არ არსებობს სამრეწველო და საცხოვრებელი ტერიტორიების მკვეთრი ზონირება, იწვევს მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილას აკუსტიკური ეკოლოგიის ნორმების დარღვევას.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორები თ. ქ.-ე და ა. წ.-ი განიცდიან სს “თ.-ის” ტრანსფორმატორების მუშაობით გამოწვეული ხმაურის უარყოფით ზეგავლენას, რადგან ამ ხმაურის დონე აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმებს. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ამ უარყოფით ზეგავლენას შედეგად მოჰყვა თ. ქ.-ის და ა. წ.-ის სხვადასხვა დაავადებები. სკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სასარჩელო განცხადება, საქმის მასალები არ შეიცავს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ხარჯი გასწიეს მოსარჩელეებმა მოპასუხეების ბრალეულ მოქმედებათა გამო, რამდენად გაიზარდა მათი ხარჯები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არის დაუსაბუთებელი. ამასთანავე, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორები თ. ქ.-ე და ა. წ.-ი ამჟამადაც განიცდიან ხმაურის ზღვრული ნორმების გადაჭარბებით გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას. სკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კასატორებს თ. ქ.-ს და ა. წ.-ს უნდა აუნაზღაურდეს ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული არაქონებრივი ზიანი. კომპენსაციის გონივრულობისა და სამართლიანობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა შესაძლებლად თვლის ანაზღაურების თანხის გაზრდას. საკასაციო პალატა აშკარად შეუსაბამოდ მიიჩნევს სასარჩელო განცხადებაში მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მითითებულ თანხას (500000 ლ) და თვლის, რომ კასატორების თ. ქ.-ის და ა. წ.-ის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. იმის გათვალისწინებით, რომ სს “თ.-ის” ტერიტორიაზე განლაგებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები მომავალშიც იმოქმედებენ, საკასაციო პალატა ნაწილობრივად დასაბუთებულად თვლის კასატორების მოთხოვნას მოპასუხეებისათის მათ სასარგებლოდ ყოველთვიური თანხის ანაზღაურების გადახდის დაკისრების შესახებ, ვინაიდან სკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს. სს “თ.-ის” ტერიტორიაზე მძლავრი ტრანსფორმატორების მოქმედება არ არის გამოწვეული ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის და სხვადასხვა ობიექტების მომარაგებით, თ.-ის ძირითადი ფონდების გამოყენებით, ტრანსფორმატორების მოქმედება გამიზნულია ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებისათვის, რაც არ შეადგენს თ.-ის საქმიანობის ძირითად დანიშნულებას. თ. ქ.-ე და ა. წ.-ი განიცდიან ტრანსფორმატორების ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ხმაურის მავნე ზემოქმედებას, რომელმაც შესაძლოა მომავალში გაზარდოს კასატორების ხარჯები. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად ყოველთვიური ანაზღაურება მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ გადაწყვეტილების გამოტანიდან, ყოველთვიური ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროთ მდგომარეობის შეცვლამდე, ანუ ხმაურის დადგენილი ზღვრული დონის გადამეტებით მავნე ზემოქმედების აღკვეთამდე. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორები თ. ქ.-ე და ა. წ.-ი არათანაბრად განიცდიან მავნე ფაქტორების ზეგავლენას, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის ტრანსფორმატორების მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ნეგატიური განცდების ინტენსიობის გარკვეულწილად ასახვას ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კომპენსაციის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს არა ქ. თბილისის მერიის, არამედ მხოლოდ სს “თ.-ის” მიმართ, რომელიც მავნე ზემოქმედების ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს. ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს პირს, რომელმაც ეს ზიანი მიაყენა სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან თუნდაც გაუფრთხილებელი მოქმედებით. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის I-ლი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარებას. “საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისში ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება ქ.თბილისის მერიის მეშვეობით. კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას განეკუთვნება. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერიამ ვერ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულება, მოპასუხის მიერ არ გატარებულა კონკრეტული ღონისძიებები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. ამდენად, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული სსკ-ის 393-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სს “თ.-ის” საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებს და თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე სს “თ.-ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, ... მდებარე სარდაფში სს “თ.-ის” მხრიდან მზიდ კედელში განუწყვეტლივ მოედინება წყალი და გაედინება შენობის წინა (მტკვრის სანაპიროს მხარეს მდებარე) კედელში მოწყობილი ხვრელიდან. არსებული ღარი ვერ ასწრებს შემოდინებული წყლის მთლიან გადინებას, რაც იწვევს სარდაფის ნაწილის დატბორვას, რის გამოც დანესტიანებულია სარდაფის კედელი პირველ სართულზე და ეს დანესტიანება იმდენად ძლიერია, რომ სარდაფის დანიშნულებისამებრ გამოყენება გართულებულია. წყლის მუდმივი დინების გამო მოსალოდნელია მზიდ კედელში ბეტონის გამოტუტვა, კედელში ავარიული ბზარების განვითარება. 25.02.03წ ექსპერტის დასკვნაში მითითებულია სარდაფში წყლის შემოდინების დროული აღკვეთის საჭიროება, დასკვნაში აღინიშნა, რომ წყალი მიედინება სარდაფის განაპირა კედლიდან, რომელიც ემიჯნება “თ.-ის” ტერიტორიას გარედან. ის გარემოება, რომ არ არის გამორიცხული სარდაფში წყლის სხვა წყაროებიდან შეღწევის შესაძლებლობა არ ადასტურებს სს “თ.-ისათვის” დაკისრებული ვალდებულების უსაფუძვლობას, ვინაიდან საექსპერტო დასკვნით კატეგორიულად დადგენილია, რომ წყალი მიედინება სარდაფის განაპირა კედლიდან, რომელიც ემიჯნება სს “თ.-ს”, სარდაფის სართულზე სს “თ.-ის” მხრიდან მუდმივად მოედინება წყალი, ამის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სს “თ.-ს” დაეკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სახელდობრ სს “თ.-ის” მრიდან, მზიდ კედელში შემავალი წყლის დინების აღკვეთა და ამ მზიდი კედლის აღდგენა. სარდაფში წყლის შეღწევის სხვა წყაროების არსებობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს სს “თ.-ის” ვალდებულებას, აღკვეთოს სს ,.თ.-ის” მხრიდან წყლის შემოდინება და მიიღოს ზომები მზიდი კედლის აღსადგენად.
საქმის მასალებით დადგენილად არის ცნობილი, რომ სს “თ.-ის” ტერიტორიაზე განლაგებული და მის მფლობელობაში არსებული ძაბვის ტრანსფორმატორების მუშაობის შედეგია დასაშვებ დონეზე მაღალი ხმაური. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე სს “თ.-ის” ყოველდღიური სამეწარმეო საქმიანობა არის იმ ზიანის უშუალო გამომწვევი მიზეზი, რომელსაც მოსარჩელეები თ. ქ.-ე და ა. წ.-ი განიცდიან. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხმაურის პარამეტრების გამოკვლევები შედარებული იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 16.08.01წ ¹297/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სანიტარულ ნორმებთან (სნ 2.2.4/2.1.8.000-00). საფუძველსმოკლებულია სს “თ.-ის” საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხმაურის პარამეტრების გაზომვის შედეგები არ არის სრული. სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საექსპერტო დასკვნის უარყოფის საფუძველი, ჩატარებულ გაზომვებში ფონური ხმაურის გაუთვალისწინებლობა არ ქმნის სს “თ.-ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან დასკვნის თანახმად გაზომვების ჩატარება განხორციელდა ღამის საათებში (2-დან 6 სთ-მდე პერიოდში), როდესაც გაზომვის ხელშემშლელი პირობები მინიმუმამდე არის დაყვანილი, დასკვნის მიხედვით გაზომვისას მოქმედებდნენ მხოლოდ ძაბვის ტრანსფორმატორები, სს “თ.-ის” ტერიტორიაზე ტრანსფორმატორები მოქმედებენ სადღე-ღამისო რეჟიმში, ხმაურის ზღვრული დონეების გადაჭარბება დაფიქსირდა ღამის საათებისათვის დადგენილი ნორმატივების მიმართ, ამდენად, ფონური ხმაურის ფაქტორს არ შეეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა გამოკვლევის შედეგებზე.
ჩატარებული გაზომვების შედეგების უარყოფის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ის გარემოება, რომ გამოკვლევის ჩატარების შედეგად ა. წ.-ის ბინაში ხმაურის ერთნაირი პარამეტრები დაფიქსირდა ბინის საცხოვრებელ ოთახში და ოთახის კედლის გარე ზედაპირთან. დასკვნაში აღინიშნა გარე და შიდა მაჩვენებლების გადაჭარბების შუალედური მაჩვენებელი, მოქმედი კანონმდებლობა (იხ. “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.01წ ¹297/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ხმაური სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე”, სანიტარული ნორმები 2.2. 4/2. 1.8.000-00, თავი VIII) ითვალისწინებს გარე წყაროების მიერ წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები დონეების დადგენას სათავსოების ნორმატიული ვენტილაციის უზრუნველყოფის პირობით.
სსკ-ის 44-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხაჯები შეადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებკლ ხარჯებს, რომლებიც სსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენენ. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები ეკისრება მოპასუხეს. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეებს - ქ. თბილისის მერიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სს “თბოელეტქტროცენტრალს” თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლო ექსპერტიზის ხარჯები 1900 ლარის ოდენობით (თითოეულისათვის 633.3 ლარი), ამდენად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის მომართვა ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ხმაურის, ელეტრომაგნიტური ველების და ქიმიურ ნივთიერებათა გამოფრქვევის გამოკვლევების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 30.04.04წ. განჩინებით ექსპერტ გ. ნ.-ს უარი ეთქვა შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, განჩინება კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა. ამდენად, არ არსებობს ექსპერტ ა. ნ.-ისათვის დამატებითი ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების საფასურის ანაზღაურების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მერიის და სს “თ.-ის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. ა. წ.-ის, თ. ქ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ი. ჯ.-ის, ლ. ა.-ის. თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ა. წ.-ის და თ. ქ.-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულისათვის 5000 ლარის გადახდა და ყოველთვიურ ანაზღაურებაზე უარი შეიცვალოს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ნაწილში ა. წ.-ის და თ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქ. თბილისის მერიას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სს “თ.-ს” სოლიდარულად დაეკისროთ ა. წ.-ის და თ. ქ.-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულისათვის 7000 ლარის გადახდა;
4. სს “თ.-ს” ყოველთვიურად კომპენსაციის სახით დაეკისროს ა. წ.-ის სასარგებლოდ 50 ლარის, ხოლო თ. ქ.-ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა გადაწყვეტილების მიღებიდან;
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. ქ. თბილისის მერიას, გარემოს დაცვლისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სს “თ.-ს” დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 186,6 ლარის ოდენობით;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.