Facebook Twitter

Nას-306-291-2013 27 მაისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ს-ე, შ. ც-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ს-სა და შ. ც-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა დ. ს-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით აღნიშნული ვადა კასატორის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ 5 დღით გაგრძელდა. დადგენილ ვადაში დ. ს-ემ სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 496.17 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა კასატორის მიერ გადმოცემულ მასალებს არ ერთვოდა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი. ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ისევ 5 დღით გაგრძელდა. დადგენილ ვადაში კასატორმა დ. ს-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, რადგან საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილი იყო, რომ სადავო საგნის ღირებულება შეადგენდა 6 000 აშშ დოლარს, რომლის 5% უკვე გადახდილი იყო მხარის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დავის საგნის ფასს მიუთითებდა მოსარჩელე. ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა კვლავ 5 დღით გაგრძელდა და დ. ს-ეს დაევალა სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისთვის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, დავის საგნის საბაზრო ღირებულების 5%-ის ოდენობით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი 496.17 ლარის გათვალისწინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა დ. ს-ის წარმომადგენელ ციცინო დევრისაშვილს (იხ. მინდობილობა ტ.I, ს.ფ.197) 2013 წლის 10 მაისს და პირადად ჩაიბარა ც. დევრისაშვილმა 2013 წლის 14 მაისს (იხ.ტ.II, ს.ფ.188).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 მაისს და ამოიწურა 2013 წლის 20 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვეოდა, რომ სადავო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 6 000 აშშ დოლარს, რაზეც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული საკითხი განხილული იქნა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის Nას-306-291-2013 განჩინებაში და არ იქნა გაზიარებული მხარის პოზიცია. შესაბამისად, დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის შეტანის დროისთვის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, დავის საგნის საბაზრო ღირებულების 5%-ის ოდენობით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი 496.17 ლარის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და, შესაბამისად, სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია შეამოწმოს საკასაციო საჩივარი დასაშვებია თუ არა ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით. დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, არაერთხელ საპროცესო ვადის გაგრძელება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი ვადის დარღვევას გამოიწვევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. დ. ს-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 17.04.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 496.17 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი