Facebook Twitter

Nას-359-341-2013 7 მაისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ქ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი, ზ. კ-ი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. და ზ. კ-ების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება გ. ქ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება გ. ქ-ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2013 წლის 15 აპრილს (იხ.ტ.II, ს.ფ.92).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 16 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 22 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

2013 წლის 29 აპრილს კასატორმა გ. ქ-ამ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, მოითხოვა გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ დასაბუთებით, რომ ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა ვერ შეძლო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე რომლითაც დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადოდ დაადასტურონ მათ მიერ შუამდგომლობასა თუ საჩივარში მითითებული გარემოებები. ამ ნორმით განსახილველი მტკიცების პროცესუალური ტვირთი შეეხება როგორც საქმის არსებითად განხილვისას სადავოდ მიჩნეულ გარემოებებს, ისე საქმის მომზადების ეტაპზე წარდგენილ მხარის მოთხოვნებს. სასამართლოს ვალდებულება, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით შემოიფარგლება წარმოდგენილი მტკიცებულების სათანადოობის შეფასებით, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედება მოთხოვნის (შუამდგომლობის) სამართლიან გადაწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა რა საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, მას მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშვრებით ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, რადგან წარმოდგენილი არ არის მხარის ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტისა და სასამართლოში დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრების წარმოდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 19.04.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი