Facebook Twitter

ბს-588-174-კ-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

განიხილა მ. ჭ-ის და ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივრები, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინებაზე

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004წ. 08 სექტემბერს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ზ. ბ-ამ, მოპასუხე შპს “მ-ე-2000-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ფოთში, ..... მდებარე სახლზე პრივატიზაციის უფლების მქონე პირად აღიარება და შპს “მ-ე-2000-ისათვის” პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალება, შემდეგი საფუძვლით:

1989წ. 17 მაისს ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ქ. ფოთში, ..... მდებარე ბინა გამოეყო მოსარჩელე ზ. ბ-ას, რომლის სახელზე გაიცა ორდერი ¹100. აღნიშნული ბინის დამქირავებლები არიან ზ. ბ-ა, მისი შვილები, კ. და ი. ბ-ები, მეუღლე ი. ბ-ა. მითითებული სადავო ბინა მოგვიანებით მოსარჩელემ დროებით საცხოვრებლად აფხაზეთიდან დევნილებს დაუთმო.

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა 2004წ. 04 ივლისს შპს “მ-ე-2000-ს” და მოითხოვა სადავო ბინაზე პრივატიზაციის განხორციელება, რაზეც მოპასუხემ უარი განუცხადა, რაც მოსარჩელის აზრით, კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც რესპუბლიკის მთავრობის ¹825 დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მათი დამქირავებლები ან დამქირავებლების ოჯახის წევრები არიან, უფლება აქვთ, განახორციელონ პრივატიზაცია.

მოპასუხე შპს “მ-ე _ 2000-ის' წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:მოსარჩელეს პრივატიზაციის უფლება სადავო ბინაზე არ აქვს, რამდენადაც იგი ამ ბინაში აღარ ცხოვრობს 1990 წლიდან, რის გამოც სარჩელის აღძვრის დროისათვის ბინის ფაქტიური მფლობელები არიან დევნილები, რომლებსაც მოსარჩელემ დაუთმო ბინა საცხოვრებლად. ამასთან, გადასახადების გადამხდელად ქვითარზე ფიქსირდება არა ორდერის მფლობელის ზ. ბ-ას გვარი და სახელი, არამედ, ბინის ფაქტიური მფლობელის მინჯორიას ხელმოწერა, ხოლო პრივატიზაციაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხანდაზმულობის გამო ზ. ბ-ას უარი ეთქვა დევნილთა გამოსახლებაზე სადავო ბინიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა ..... მდებარე ბინაზე პრივატიზაციის უფლების მქონე პირად, ხოლო მოპასუხე შპს “მ-ე-2000-ს” დაევალა პრივატიზაციის ხელშეკრულების მომზადება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ზ. ბ-ა წარმოადგენს ბინის ძირითად დამქირავებელს წარმოდგენილი ორდერის საფუძველზე, რადგან ორდერის გაცემის დღიდან 1წ. განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ბინაში, ხოლო მოპასუხე ორგანიზაციას სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მფლობელობის უფლება სადავო ბინაზე, ასევე სადავოდ არ გაუხდია ორდერის არსებობის კანონიერება, რის გამოც “საქართველოს რესპუბლიკაში მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია, რამდენადაც საბინაო კოდექსის თანახამად, ბინით სარგებლობის უფლების ჩამორთმევაზე და ორდერის გაუქმებაზე ვრცელდებოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც მოპასუხეს გაშვებული აქვს, რაც ზ. ბ-ას სახელზე გაცემული ორდერის კანონიერებაზე მიუთითებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რამდენადაც იგი, როგორც სადავო ბინაში 1990 წლიდან მცხოვრები, სასამართლოს საქმის განხილვისას არ მოუწვევია, რითაც დაირღვა მისი ფუნდამენტალური უფლება მონაწილეობა მიეღო იმ საქმის განხილვაში, რომელიც პირდაპირ შეეხება მის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე აპელანტის აზრით, დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები, სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპები, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა.

აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ზ. ბ-ას, როგორც სადავო ბინის ორდერის მფლობელს და დამქირავებელს უფლება აქვს განახორციელოს პრივატიზაცია, რამდენადაც აპელანტი თვლის, რომ “აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის შესახებ” 57-ე პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომი ორდერის გაცემიდან ორი კვირის ვადაში არ იქნება დაკავებული პირის მიერ, ორდერის მოქმედება წყდება, ხოლო ორდერის ბათილად ცნობა სასამართლო წესით ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის.

აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ა რეგულარულად სადავო ბინის დამქირავებელს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, მას ბინის ქირა და კომუნალური მომსახურების გადასახადი არ გადაუხდია, შესაბამისად არც სადავო ბინის დამქირავებელი არასოდეს ყოფილა, რის გამოც, ზ. ბ-ას არ აქვს უფლება განახორციელოს პრივატიზაცია.

მოწინააღმდეგე მხარემ ზ. ბ-ამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მ. ჭ-ეს არ ჰქონდა, რამდენადაც იგი მოცემულ საქმეში არც მხარე იყო და არც მესამე პირი, ამასთან მ. ჭ-ეს გადაწყვეტილება არ შეეხება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 1 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განსახილველად გადაუგზავნა განსჯადობის წესის შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2005წ. 4 მარტის საოქმო განჩინებით ზ. ბ-ას წარმომადგენლის მ. დ-ისAშუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვაში მოპასუხედ ჩაბმული იქნა ქალაქ ფოთის მთავრობა.

2005წ. 22 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის ზ. ბ-ას წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ჭ-ე არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა სააპელაციო წესით ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან იგი არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არც მოპასუხეს და არც მესამე პირს და ასეთი სტატუსით იგი არც სასამართლოს ჩაურთავს საქმის განხილვაში, რადგან სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “მ. ჭ-ე სააპელაციო საჩივარმა აქცია მხარედ”, ხოლო სააპელაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ, რამდენადაც, აღმასკომის მიერ ზ. ბ-ას სახელზე გაცემული ორდერი ¹100-ის მოქმედება არ შეწყვეტილა, კერძოდ მის გამცემ ორგანოს არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება სადავო ბინის სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ, თავის მხრივ საბინაო სამმართველო იღებდა რა ქირას ზ. ბ-ას სახელით, ადასტურებდა სამართლებრივ ურთიერთობას, როგორც ბინის დამქირავებელთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ “საბინაო აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის” 67-ე პუნქტის თანახმად, საცხოვრებელ სადგომში შესახლება ზ. ბ-ას მიერ არ განხორციელებულა დადგენილი ვადის, 20 დღის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ზ. ბ-ა წარმოადგენს ქ. ფოთში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის დამქირავებელს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ბინის პრივატიზაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების I და მე-5-ე პუნქტები. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. ბ-ას ბინაში ერთი დღეც არ უცხოვრია და ფლობს ..... მდებარე ბინას.

კასატორმა მ. ჭ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა სკ-ის 162-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერი მფლობელისგან ნივთის უკან გამოთხოვა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ქირის გადახდის ქვითრები, რომლებშიც გადამხდელად მითითებულია მინჯორია და შპს “მ-ე-2000”-ის მიერ 2003წ. 28 ივლისს ¹261 და 2004წ. 9 ნოემბერს გაცემული ცნობები, რომელთა შინაარსი წინააღმდეგობრივია. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი ¹261 ცნობიდან ირკვევა, რომ სადავო ბინაში ზ. ბ-ა არ ცხოვრობს, ხოლო 2004 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, ზ. ბ-ა ჩაწერილია სადავო საცხოვრებელ ბინაში.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ სადაო ბინა ირიცხება შპს “მ-ე-2000-ის' ბალანსზე, მაშინ როდესაც რეალურად საცხოვრებელი ბინა ირიცხება ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბალანსზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინება ასევე, საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ფოთის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების I და მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, ასევე “საბინაო აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესების” 57-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ორდერის მოქმედების შეწყვეტისას, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა, ქ. ფოთის მთავრობა უფლებამოსილია, განკარგოს საცხოვრებელი სადგომი თავისი შეხედულებისამებრ და ორდერის ბათილად ცნობა სასამართლოს წესით სავალდებულო არ არის.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ის გარემოება, რომ ზ. ბ-ამ ... მდებარე ბინა (საიდანაც გამოსახლებული იქნა იგი) არ გაანთავისუფლა და არ გადასახლდა სადავო ბინაში, რის გამოც მასთან ქირავნობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ვერც გაფორმდებოდა, სანამ არ ჩააბარებდა იმ ბინას, რომელშიც ის ცხოვრობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჭ-ის და ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებელია და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ქ. ფოთის მთავრობის და მ. ჭ-ის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, რამდენადაც მითითებული დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი სახლი უსასაყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები არიან.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ას სახელზე 1989წ. 18 მაისს გაცემული იქნა ბინის ორდერი ¹100, ამასვე ადასტურებს საქმის ფურცელ 9-ზე არსებული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1989წ. 6 მაისის სდომის ოქმი ¹7-ის ამონაწერი, რომლის თანახმად, ქალაქ ფოთში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში ბინების კენჭისყრით განაწილების შესახებ უწყებათა მიერ წარმოდგენილი ოქმები დამტკიცდა, კერძოდ საქალაქო საბჭოს აღმასკომის კუთვნილი 38 ბინა გაუნაწილდა საქალაქო აღმასკომის საბინაო პირობებ გასაუმჯობესებელ მოქალაქეთა საერთო და შეღავათიან აღრიცხვაზე მყოფ პირებს, ასევე, რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ... საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან გამოსახლებულ მოქალაქეთა ოჯახებს, მათ შორის მოსარჩელე ზ. ბ-ას.

საკასაციო სასამართლო საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა, ამასთან, ორდერი წარმოადგენს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის ადმინისტრაციულ აქტს, წერილობით განკარგულებას მასში მითითებულ პირთათვის სარგებლობაში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს ორდერის მიმღებ მოქალაქეებსა და საბინაო-საექსპლუატაციო ორგანოთა შორის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ. ბ-ასა და საბინაო-საექსპლუატაციო ორგანოთა შორის ამგვარი უფლება-მოვალეობების წარმოშობის ფაქტი დასტურდება საქმის ფურცელ 128-133-ზე არსებული 2001წ. 31 ივლისის და 2002წ. 24 მარტის ბინის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლით, სადაც ცალსახად არის მითითებული რომ სადავო სახლის დამქირავებელს წარმოადგენს მოსარჩელე ზ. ბ-ა, ხოლო გადამხდელად მითითებულია მინჯორია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქირის გადასახადის გადახდის ფაქტი გადამხდელისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში მინჯორიას მეუღლის მ. ჭ-ისათვის არ წარმოშობს ბინაზე რაიმე სახის უფლებას, მით უფრო მისი პრივატიზების უფლებას, რამდენადაც პრივატიზების განხორცილების უფლება გააჩნიათ მხოლოდ ბინის დამქირავებლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ქალაქ ფოთის მთავრობის და მ. ჭ-ის მოტივს, რომ “საბინაო აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესების 57-ე მუხლის შესაბამისად ზ. ბ-ას შეუწყდა ორდერის მოქმედება და აღმასკომს უფლება აქვს, განკარგოს ეს საცხოვრებელი სადგომი თავის შეხედულებისამებრ, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ზ. ბ-ასა და აღმასკომს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ფაქტის დადასტურება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ის, ფაქტი, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ას მიერ არ იქნა განთავისუფლებული ..... მდებარე ბინა, არ შეიძლება მიჩნეული იქნას ორდერის ბათილად ცნობის ან თუნდაც ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად, რადგან საბინაო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საცხოვრებელ სადგომზე ორდერის მიღების შემდეგ მოქალაქე ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაათავისუფლოს დაკავებული სადგომი სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კოოპერაციული საბინაო ფონდის სახლში. უარის შემთხვევაში, ორდერში აღნიშნული მოქალაქენი სასამართლო წესით უნდა იქნენ გადასახლებული მიცემულ საცხოვრებელ ბინაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად მითითებული მოტივით სადავო საცხოვრებელ ფართზე გაცემული ორდერის ბათილობის ფაქტი, ისევე როგორც ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი რეალურად არ არსებობს, უფრო მეტიც, 1989 წლიდან აღმასკომს სადავო საცხოვრებელი სახლი არ განუკარგავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ “უსაფუძვლოა ქ. ფოთის მთავრობის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ა არ შესახლებულა ორდერით გადაცემულ ბინაში 20 დღის განმავლობაში, რის გამოც ორდერი ბათილად უნდა იქნას ცნობილი, “ მისი კანონშესაბამისობის გამო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სწორად გამოიყენა კანონი, სწორად შეუფარდა იგი სადავო სამართალურთიერთობას და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მ. ჭ-ის და ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც არსებითად სწორი, ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი მ. ჭ-ე სსსკ-ის 47.1. მუხლის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო კასატორ ქ. ფოთის მთავრობას სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 47.1. 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ფოთის მთავრობის და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინება.

3. მ. ჭ-ე გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან

4. ქ. ფოთის მთავრობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება