Nას-401-380-2013 14 მაისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. კ-ის (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. კ-ისს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ისს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. კ-ს შპს „...-ისს“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 1 276 ლარის გადახდა. მოპასუხე თ. კ-ს შპს „...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 282.54 ლარის გადახდა და ასევე, თ. კ-ს შპს „...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ძირითადი დავალიანების - 1 276 ლარის 0.02%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 29 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. კ-ისს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება თ. კვირიკაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ისს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება თ. კ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2013 წლის 24 აპრილს (იხ.ტ.II, ს.ფ.72).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 25 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 29 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ისს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ისს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი