№ას-407-385-2013 27 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. შ-ემ მოპასუხე ა. კ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 145976 ლარის დაკისრება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით რ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 31 მარტს ჩატარდა სს ,,ს-ის”აქციონერთა კრება N2. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე რ. შ-ეს კუთვნილი აქციების სანაცვლოდ ნატურით გადაეცა გარკვეული ქონება.
2005 წლის 1 აპრილს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სს ,,ს-ის” დირექტორმა დ. კ-ამ, ზემომითითებული კრების ოქმის საფუძველზე, რ. შ-ეს გადასცა სს ,,ს-ის” რუსთავის ყოფილი ხის გადამამუშავებელი კომბინატის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების შენობა-ნაგებობები (აქტის დანართი N1) – 24 586 ლარის ღირებულების (მთავარი საწარმოო კორპუსის ნაწილი 1/3 არასაცხოვრებელი ფართობი, დაახლოებით 4600კვ.მ.), აგრეთვე, დაზგა დანადგარები და მოწყობილობა (აქტის დანართი N2) 3662 ლარის ღირებულების, ჯამში 28248 ლარი.
რ. შ-ეს სს ,,ს-ან” აქციების სანაცვლოდ გადაეცა სადავო, რუსთავში, მდებარე 220/110/10 კვ. ქვესადგურში არსებული N43 ფიდერის, ელექტროგადამცემი ხაზის – სიგრძით 1882 მეტრი, ძალოვანი ტრანსფორმატორის, სიმძლავრით 630 კვ. და ელექტროგამანაწილებელი სადგურის 1/3 ნაწილი.
2006 წლის 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით სს ,,ს-ის” გენერალურმა დირექტორმა დ. კ-ამ შპს ,,დ-ას” (დირექტორი ა. კ-ა) მიყიდა ქ.რუსთავში მდებარე 220/110/10 კვ. ქვესადგურში მდებარე N43 ფიდერი და ელექტროგადამცემი ხაზის 2/3 სიგრძით 1882 მეტრი, ასევე ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და ძალოვანი ტრანსფორმატორი, სიმძლავრით 630 კვ.
2008 წლის 5 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს ,,დ-ამ”, რომლის დირექტორია ა. კ-ა, 220/10/10 კვ. ქვესადგურში მდებარე N43 ფიდერი, ელექტროგადამცემი ხაზი – სიგრძით, 1882 მეტრი, ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; ძალოვანი ტრანსფორმატორი – სიმძლავრით 630 კვ, 72000 ლარად მიყიდა შპს ,,რ-ს”.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა. კ-ას ბრალი დაედო შემდეგში: ა. კ-ას და რ. შ-ეს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ ქ.რუსთავში მდებარე 220/110/10 კვ. ქვესადგურში არსებული ფიდერი N43, 1882 მეტრი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, 630 კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორი და ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი. მითითებული ქონების 2/3 წარმოადგენდა ა. კ-ას საკუთრებას, ხოლო 1/3 იყო რ. შ-ის საკუთრება. მიუხედავად იმისა, რომ ა. კ-ა ფლობდა მითითებული ქონების მხოლოდ ნაწილს, მან 2008 წლის 5 მარტს ქონება მთლიანად მიყიდა შპს ,,რ-ს”, რითაც რ. შ-ეს მიადგა 43383 ლარის ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდიდა რ. შ-ის დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას და მოთხოვნის დასაბუთების მიზნით ემყარებოდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის – შპს ,,ვ-ის“ 2012 წლის 8 აგვისტოს დასკვნას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო შინაგანი რწმენის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი იყო სამი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. მათგან ერთი ჩატარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქართლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (2012 წლის 27 აპრილის დასკვნა) და ორი დასკვნა ჩატარდა თავად მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში (შპს ,,ვ-ის“ 2012 წლის 25 ივნისის და 2012 წლის 8 აგვისტოს დასკვნები).
სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 27 აპრილის დასკვნის თანახმად, 1882მ. ელექტროგადამცემი ხაზის, N43 ფიდერის (კპყ-ტიპის; ქარხნული N500081, 630კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორისა და ელექტრო გამანაწილებელი სადგურის საბაზრო ღირებულება 2008 წლის 5 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 130149 ლარს.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის – შპს ,,ვ-ის“ 2012 წლის 25 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.რუსთავში მდებარე 220/110/10კვ. ქვესადგურში არსებული კპყ ტიპის ფიდერის, 630 კვტ. სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორის, 440 გრძივი მეტრი მაღალი ძაბვის კაბელის, 4552 გრძივი მეტრი ელექტრო სადენისა და მათი ტრანსპორტირების, მონტაჟისა და ექსპლოატაციაში გაშვების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 568077.4 ლარს.
იმავე ექსპერტიზის ბიუროდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2012 წლის 8 აგვისტოს დასკვნის მიხედვით ქ.რუსთავში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1882მ. ელექტროგადამცემი ხაზის, N43 ფიდერის – ქარხნული N500081, 630კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორისა და ელექტრო გამანაწილებელი სადგურის საბაზრო ღირებულება დღვანდელი დღისათვის შეადგენს 93203.2 ლარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნები 1882მ. ელექტროგადამცემი ხაზის, N43 ფიდერის - ქარხნული N500081, 630კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორისა და ელექტრო გამანაწილებელი სადგურის საბაზრო ღირებულების შესახებ შეიცავდა პარაქტიკულად ერთი და იმავე დასკვნას. აღნიშნულ დასკვნებში მოცემულ ღირებულებებს შორის სხვაობა განპირობებული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთ შემთხვევაში, ექსპერტს შესაფასებელ აგრეგატებთან და მასალებთან (1882მ. ელექტროგადამცემი ხაზის, N43 ფიდერის – ქარხნული N500081, 630კვ. ძალოვანი ტრანსფორმატორისა და ელექტრო გამანაწილებელი სადგურის) ერთად დაანგარიშებული ჰქონდა მათი მონტაჟისათვის (ექსპლუატაციაში მიღებისათვის) აუცილებელი საბაზრო ღირებულება. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში, ექსპერტი პასუხობდა იმაზე, თუ რას შეადგენდა ელექტროგადამცემი ხაზის ანალოგიური ახალი ხაზის აშენებისათვის საჭირო ღირებულება 2012 წლის ფასების გათვალისწინებით. მეორე შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მხედეველობაში ჰქონდა 2012 წლის 8 აგვისტოს დასკვნა, ექსპერტი კითხვას პასუხს სცემდა კონკრეტულად და ადგენდა სადავო აგრეგატების და მასალების საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნები განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ასევე სრულად და ყოველმხრივ განიხილა მხარეების და ექსპერტის მოსაზრებები და მიიღო დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის და მისი შემადგენელი ნაწილების საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით არ აღემატება 130149 ლარს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის საფუძველზე მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები და თვითონვე წარმოადგენენ მტკიცებულებებს ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისთვის. სასამართლო შებოჭილია არა მარტო სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი), არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორედ მოსარჩელის მიერ დასახელებული მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება სადავო მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულების თაობაზე და დაეყრდნო მის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან აუნაზღაურდა ზიანი 43383 ლარის ოდენობით. მართალია ზიანის აღნიშნული ოდენობით ანაზღაურებას რ. შ-ე არ ეთანხმებოდა და აღნიშნავდა, რომ ზიანი ბევრად მეტი იყო, თუმცა ხსენებული გარემოება საქმის მასალებით არ დასატურდებოდა. უფრო მეტიც, საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებით – 2008 წლის 5 მარტის მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ერთი მხრივ შპს ,,…“ და მეორეს მხრივ, შპს ,,რ-ის“ შორის (220/110/10კვ. ქვესადგურში მდებარე N43 ფიდერი; ელექტროგადამცემი ხაზი სიგრძით 1882მ; ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; ძალოვანი ტრანსფორმატორი სიმძლავრით 630კვ.), ირკვეოდა, რომ სადავო მოძრავი ნივთების ნასყიდობის სრული ღირებულება შეადგენდა 72000 ლარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დააადასტურა მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო წესით საქმის განმხილველმა სასამართლომ შეცვალა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილად ჩათვალა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. შეუძლებელია სასამართლოს ჩამოუყალიბდეს სწორი შინაგანი რწმენა, თუ იგი ვერ ადგენს, რომელი ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება უდევს სარჩელს, რომელი მტკიცებულება რომელმა მხარემ წარადგინა;
საქმეში არსებული მტკიცებულებების რეალურად შესწავლის შედეგად, თუ სასამართლო დაასკვნიდა, რომ წარდგენილი საექსპერტო დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ან ისინი დაუსაბუთებელია, მას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე, 173-ე მუხლები და დაენიშნა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა;
კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა ემყარება შპს „ვ-ის“ 2012 წლის 25 ივნისის დასკვნას. აღნიშნული შპს-ს 2012 წლის 8 აგვისტოს დასკვნა არ არის შედგენილი მათი მიმართვის საფუძველზე, იგი მათ არ წარუდგენიათ და მასზე არც მიუთითებიათ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად;
სააპელაციო სასამართლო მსჯელობისას მიუთითებს სადავო ნივთებზე, რაც პრინციპულად არასწორია. სადავო ნივთი არის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზი (1/3 ნაწილი), როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, სპეციალური დანიშნულების მქონე ნივთი და არა მეორადი გამოყენების „კაბელებისა“ და სხვა მსგავსი ნივთების ერთობლიობა;
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საკმარის მტკიცებულად 2008 წლის 5 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ის ხელშეკრულებაა, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის მიმართ გამოტანილი 2012 წლის 3 ივლისის განაჩენის თანახმად მოხდა სადავო ქონების გასხვისება. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გამყიდველი მხარის შპს „დ-ას“ 100%-იანი დამფუძნებელი არის მოპასუხე ა.კ-ა, ხოლო მყიდველი – შპს „რ-ის“ 50%-იანი პარტნიორია ასევე ა.კ-ა;
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით განსაზღვრულია მეორადი გამოყენების მავთულის (კაბელის) და ფოლადის კუთხოვანას საბაზრო ღირებულება. მოსარჩელის კითხვაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტმა დაადასტურა, რომ მან შეფასება მოახდინა სწორედ ასეთი ფორმით და კვლევის დროს არანაირი მსგავსი ტრანზაქცია შედარებისათვის არ გამოყენებულა;
რ. შ-ეს ზიანის სახით აუნაზღაურდა 43383 ლარი. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია შეიძინოს სადავო ელექტროგადამცემი ხაზის 1/3-ის შინაარსის მეორადი გამოყენების (ფაქტობრივად ჯართის ტოლფასი) მავთული (კაბელი) და „უგოლნიკი“. ეს იმას ნიშნავს, რომ რ. შ-ეს მოპასუხემ აღუდგინა ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით არ აქვს ელექტროგადამცემი ხაზი, იგი ვერ სარგებლობს ელექტროენერგიის ტარიფის შეღავათიანი ფასით და არ მიუღია შესაბამისი ზიანის ანაზღაურება, რომ აღიდგინოს საწყისი მდგომარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე