Facebook Twitter
№ას-473-447-2012 2012 წელი,

საქმე №ას-473-447-2012 13 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ა-ის (ს. ხ-ის უფლებამონაცვლე) უფლებამონაცვლე პ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავ ნივთზე უფლებადაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. დ-ის მიმართ მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული წყალტუბოში, თ-ის ქუჩა №1/5-ში მდებარე 2-ოთახიანი კომუნალური ბინის ფართზე მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1964 წლიდან ს. ხ-ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. დ-ან, რომელიც განქორწინებული იყო პირველ მეუღლესთან და ჰყავდა სამი შვილი.

ვ.დ-ან დაქორწინების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა იმერეთის საყრდენ პუნქტში, სადაც ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ მისი მეუღლის შვილები.

მოპასუხე ქ. დ-ი ცხოვრობდა მოსარჩელესთან და ზრუნავდა მასზე, როგორც საკუთარ შვილზე.

ვ.დ-ან დაქორწინების დროს მოსარჩელეს ჰყავდა შვილი – ... წელს დაბადებული შ. ა-ი, რომელიც ცხოვრობდა მის პირველ მეუღლესთან.

1981 წელს მოსარჩელის ოჯახმა მიიღო ქ. წყალტუბოში თ-ის ქ. №1/5-ში მდებარე ბინა, რის სანაცვლოდაც მათ დატოვეს იმერეთის საყრდენ პუნქტში დაკავებული საცხოვრებელი ფართი. წყალტუბოს აღმასკომმა მოსარჩელესა და მის მეუღლეს გადასცა კომუნალური ბინის ორდერი 3 სულზე, მაგრამ დაინტერესებულმა პირებმა შემდგომში აღნიშნული ორდერი არაერთხელ გაააყალბეს და საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ორდერში ს. ხ-ან ერთად უნდა მიეთითოს ქ. დ-ი.

ქ. დ-ი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში, ხოლო გათხოვების – 1985 წლის შემდგომ ბინიდან ამოწერისთანავე წაერთვა ბინის ფლობისა და სარგებლობის უფლება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

საბინაო წიგნიდან და ორდერიდან ამოწერის ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს პირის მხრიდან ბინაზე სარგებლობის უფლების დაკარგვის ფაქტს. ასევე, ქ. დ-ის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა არ შეიძლება, განიხილებოდეს მის მიერ საქართველოს მოქალაქეობასა და საქართველოში დარჩენილ ქონებაზე უარის თქმად. სადავო ორდერში მოპასუხე ჩაწერილია 1981 წლიდან, მისი მიღების დღიდანვე და აღნიშნული ბინის ფართი გაიცა თავად ქ. დ-ის გათვალისწინებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას, ს. ხ-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება შ. ა-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის უფლებამონაცვლე შ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. დ-ი ცნობილ იქნა წყალტუბოში, თ-ის ქ.№1/5-ში მდებარე ფართზე უფლებადაკარგულად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

1964 წლიდან ს. ხ-ი ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. დ-ან, რომელიც განქორწინებული იყო პირველ მეუღლესთან და ჰყავდა სამი შვილი.

ვ. დ-ან დაქორწინების შემდეგ ს. ხ-ი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ იმერეთის საყრდენ პუნქტში, სადაც ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ მისი მეუღლის შვილები.

ვ. დ-ის პირველი მეუღლე გათხოვდა (კერძოდ, იგი არის ზ.გ-ის მეუღლე, ცხოვრობს ცაგერის რაიონი სოფელ ო-ი და შედის კომლის შემადგენლობაში), რის გამოც უმცროსი გოგონა – ქ. დ-ი რჩებოდა მამასთან. მასზე აპელანტი გათხოვებამდე და მას შემდეგაც ზრუნავდა როგორც საკუთარ შვილზე, ეხმარებოდა მატერიალურადაც, უვლიდა და პატრონობდა.

აპელანტს ვ. დ-ან დაქორწინების დროს ჰყავდა შვილი – ... წელს დაბადებული შ. ა-ი, რომელიც პატრონობს და ცხოვრობს მის ოჯახთან ერთად.

1981 წელს ს. ხ-მა და მისმა არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა მეუღლე ვ. დ-მა მიიღეს ოროთახიანი ბინა ქ. წყალტუბოში, თ-ის ქ. 1/5-ში, რის გამოც იმერეთის საყრდენ პუნქტში დაკავებული ფართი დატოვეს.

წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1981 წლის 30 ივნისის №285 გადაწყვეტილებით ვ. დ-ს ქ. წყალტუბოში, თ-ის ქუჩაზე საცხოვრებლად გამოეყო 26 კვ.მ ოროთახიანი ბინა სამ სულზე და გამოიცა ორდერი. ზემოაღნიშნული ორდერი დაიკარგა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2008 წლის 5 დეკემბრის ბრძანებასა და მის საფუძველზე 2008 წლის 8 დეკემბერს გამოცემულ ორდერში ს. ხ-ან ერთად მიეთითა ქ. დ-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 17 აგვისტოს №153 ბრძანებით ქ. წყალტუბოში, თ-ის ქ. 1/5-ში მდებარე „ბინის განმეორებითი ორდერის გაცემის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 5 დეკემბრის №698 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მოქალაქე ს. ხ-სა და ქ. დ-ზე გაიცა განმეორებითი ორდერი ქალაქ წყალტუბოში თ-ის ქ. №1/5-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე“. ანალოგიური ცვლილება განხორციელდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 8 დეკემბერს გაცემულ №3 ორდერში.

ქ. დ-ი წყალტუბოში, თ-ის ქ. №1/5-ში მდებარე ბინაში რეგისტრირებული იყო 1981 წლის 13 აგვისტოდან 1985 წლის 17 სექტემბრამდე.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქ. დ-მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ 1985 წლიდან იგი სადავო ფართიდან ამოწერილია და იქ აღარ ცხოვრობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების – მ. ჩ-სა და დ. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მათ არასდროს სადავო სახლში ქ. დ-ი არ უნახავთ და იქ ყოველთვის ცხოვრობდა ს. ხ-ი მის შვილთან – შ. ა-ან და რძალთან – ლ. ა-ან ერთად. ისინი უვლიდნენ მას. იმავეს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორი თ. ნ-ა.

ქ. დ-ს, აზერბაიჯანის მოქალაქეს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 სექტემბრის №439 ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მის მიმართ 2008 წლის 14 ნოემბერს გაიცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

ქ. დ-ის პირადობის მოწმობაში მის მისამართად მითითებულია წყალტუბო მისამართის გარეშე.

უდავოა, რომ წყალტუბოში, თ-ის ქ.№1/5 ირიცხება სახელმწიფო საკუთრებად.

აპელანტ ს. ხ-ის იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ ისაა, რომ მას სურს, მოახდინოს სადავო საცხოვრებელი ფართის პრივატიზება და აღრიცხოს საკუთრებად საჯარო რეეტრში, რასაც ამჟამად ვერ ახერხებს.

2011 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა აპელანტი ს. ხ-ი.

2011 წლის 24 ნოემბერს ს. ხ-ის მემკვიდრის – შ. ა-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ს. ხ-ის დანაშთ ქონებაზე.

შ. ა-ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ს. ხ-ის უფლებამონაცვლედ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი იძლევა საფუძველს, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ იქნეს ძველი საბინაო კოდექსი (მიღებული 1983 წლის 4 ივნისს) და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით განსაზღვრულია „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული ბინების მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის“ წესი. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოსარგებლე არის პირი ვინც რეალურად ფლობს საპრივატიზაციო ფართს და კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით“. ამავე ბრძანებულების მე-4 მუხლის თანახმად, „პრივატიზაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ კანონიერი მოსარგებლეობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

საბინაო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1981 წლის 30 ივნისის №285 გადაწყვეტილებით ვ. დ-ს ქ. წყალტუბოში, თ-ის ქუჩაზე საცხოვრებლად გამოეყო 26 კვ.მ ოროთახიანი ბინა სამ სულზე და გამოიცა ორდერი. ორდერში მითითებული იყო ვ. დ-ან ერთად მისი მეუღლე – ს. ხ-ი და შვილი – ქ. დ-ი.

საბინაო კოდექსის 62-ე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა უფლება-მოვალეობებიც, რომლებიც დამქირავებელთან ერთად ცხოვრობენ. ისინი სარგებლობენ ყველა უფლებითა და მოვალეობით, რაც დამქირავებელს ეკისრება.

საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომი, დროებით სხვაგან მყოფ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს უნარჩუნდება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ხანგრძლივი ვადით ყოფნის დროს, სამხედრო სამსახურში ყოფნისას 5 წლის მანძილზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენასი სასამართლოს რეკომენდაციებზე აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პირის რეგისტრაცია ადრე მოქმედი ჩაწერის ინსტიტუტიდან განსხვავებით თავისთავად არ წარმოადგენს ფართზე უფლების მომპოვებელ გარემოებას. ბინის პრივატიზაციის უფლება უკავშირდება ბინის მართლზომიერი სარგებლობის უფლებას. რეგისტრაცია პირის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოშობს და არც აუქმებს. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება არსებობდეს რეგისტრაციის გარეშეც და პირიქით. რეგისტრაციის არარსებობა თავისთავად არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართზე უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრები უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, საცხოვრებელი ადგილი სავალდებულოდ არ უკავშირდება რეგისტრაციის ადგილს.

რეგისტრაცია წარმოადგენს საცხოვრებელ ფართზე პირის მიერ ბინის პრივატიზების მხოლოდ ერთ-ერთ საფუძველს და არა ერთადერთ ფაქტორს, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ მინიშნების როლი შეასრულოს. რეგისტრაცია და რეგისტრაციის პირობა არის ფართში ფაქტობრივი ცხოვრება. სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად აირჩევა ადგილი, რომელსაც მოქალაქე ირჩევს. საცხოვრებელი ადგილის არჩევა არის პირის ნება, რომელიც ნებისმიერ აქტზე მაღლა დგას. ე.ი. ბინის პრივატიზაციის უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა იმის დადგენა, მიატოვა თუ არა მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელ ფართი, დადებით შემთხვევაში – რა პერიოდიდან, საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლას ჰქონდა მუდმივი თუ დროებითი ხასიათი, შეწყვიტა თუ არა მოდავე მხარემ სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი, რა ინტენსივობით იყენებდა სადავო საცხოვრებელს. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან გადასვლის შემთხვევაში მოშლილად უნდა ჩაითვალოს და ასეთ შემთხვევაში პირი ავტომატურად კარგავს გადასვლის დღიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობასა და, შესაბამისად, ფართის პრივატიზაციის უფლებას.

სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ქ. დ-ი არ არის დღევანდელი საპრივატიზაციო ბინის მოსარგებლე და მართლზომიერი მფლობელი 1985 წლიდან, მან ნებით დატოვა სადავო ფართი, გათხოვდა და ამოეწერა ამ ფართიდან ოფიციალურად, ხოლო ფაქტობრივად იგი 1983 წლიდან სადავო ფართში აღარ ცხოვრობს (აღნიშნული მან დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე). იგი იძულებული არ გამხდარა, დაეტოვებინა ფართი.

უდავოა, რომ ქ. დ-ი, საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ფართზე უფლებადაკარგული პირია, ვინაიდან მან ფართი მიატოვა ნებით და არა იძულებით, ათეული წლების მანძილზე ის სადავო ფართში არ გამოჩენილა, არ გადაუხდია კომუნალური გადასახადები. ამ პოზიციის საწინააღმდეგო დოკუმენტაცია ქ. დ-ს არ წარმოუდგენია.

სასამართლოს მოსაზრებით, უდავოა, რომ ს. ხ-ი 1964 წლიდან ფლობს და სარგებლობს ფართით. ამ ფართში იგი ეწეოდა მეურნეობას მეუღლესთან ერთად, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 102-ე, მე-4, 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ფართი ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებად, რომელსაც რაიმე პრეტენზია ს. ხ-ან და ან მის უფლებამონაცვლე შ. ა-ან არ აქვს.

ამასთან, ს. ხ-ი (მისი უფლებამონაცვლე შ. ა-ი) სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია, იგი მას ფლობს და სარგებლობს სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. მას აღნიშნული ფართი არ მიუტოვებია და გარდაცვალებამდე იქ ცხოვრობდა, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მას აქვს კანონიერი საფუძველი, ჩაითვალოს ამ ფართის კანონიერ მოსარგებლედ და მფლობელად, რომლის იურიდიული ინტერესია მომავალში ამ ფართზე პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება მესაკუთრესთან, ანუ სახელმწიფოსთან და შემდეგ ამ ფართის საჯარო რეესტრში საკუთრებად დარეგისტრირება.

პალატამ განმარტა, რომ ქ. დ-ი არ არის სადავო ფართზე უფლების მქონე პირად და უნდა ჩაითვალოს, რომ მან აღნიშნულ ფართზე უფლება დაკარგა, რადგან მან კანონის (ძველი საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის) საფუძველზე დაკარგა ამ ფართით სარგებლობის უფლება საკუთარი ნებით (მან დატოვა ფართი 1985 წლიდან).

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ქ. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანების შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო კანონდარღვევით.

დადასტურებულია ფაქტი, რომ წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა აღმასკომის 1981 წლის 30 ივნისს №285 გადაწყვეტილებით ქ.დ-ის მამამ – ვ. დ-მა მიიღო ოროთახიანი ბინა ქ.წყალტუბოში, თ-ის ქ.№1/5-ში. ორდერში ძირითად დამქირავებლებად მითითებულ იყვნენ ვ. დ-ი, მეუღლე და ქ.დ-ი. ამ პერიოდისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის გაცემა ხდებოდა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის მიერ, რის შედეგად გაიცემოდა ორდერი.

მართალია, ქ. დ-ი ამოეწერა ბინიდან, თუმცა ორდერიდან არ ამოწერილა. მას არც ფართზე უთქვამს უარი და წარმოადგენს მის დამქირავებელსა და კანონიერ მოსარგებლეს.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ქ. დ-ი არ სარგებლობდა ფართით.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აპელანტ ს. ხ-ს პრეტენზია ჰქონდა გერებთან 1983 წლიდან, რის გამოც განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიაღმასკომს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, ს. ხ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. დ-ი წარმოადგენს კანონიერ მფლობელს, რადგან არსებობს წყალტუბოს რაიაღმასკომის გადაწყვეტილება და ბინის ორდერი, რომელიც ადასტურებს ქ. დ-ის კანონიერ მფლობელობას ბინაზე.

სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლისა და 156-ე მუხლის შესაბამისად, ქ. დ-ს არ მიუტოვებია ბინა სამუდამოდ. საბინაო წიგნიდან და არა ორდერიდან ამოწერა არ განაპირობებს პირის ბინაზე სარგებლობის უფლების დაკარგვას.

ქ. დ-ის მიერ საცხოვრებლად სხვა რესპუბლიკაში გადასვლა არ ადასტურებს ქ. დ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობასა და საქართველოში დარჩენილ ქონებაზე უარის თქმას, მასთან ქირავნობის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

საქმის მასალებით (მინდობილობითა და საქართველოს პირადობის მოწმობით) დასტურდება ქ. დ-ის ქ. წყალტუბოში ჩასვლის ფაქტები, ხოლო სადავო ბინაში ცხოვრების უფლება აღეკვეთა აპელანტის მიერ.

მხარეებს შორის სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმება არ დადებულა, ამიტომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, ხოლო 1507-ე მუხლი სასამრთლომ არასწორად განმარტა.

ამდენად, სასამართლომ მოუსპო ქ.დ-ს სახელმწიფო მიერ კანონიერად მისთვის მინიჭებული ფართის პრივატიზაციის უფლება და პრივატიზაციის უფლების მქონედ ჩათვალა პირი, რომელიც ვ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის გერია, მას არანაირი შეხება სადავო ბინასთან არ ჰქონია და სახელმწიფოს ვ. დ-ის ფართი მისი გათვალისწინებით არ მიუცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს კასატორის ქონებრივ უფლებებს, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლიდან გამომდინარე, სადავო ფართი პრივატიზაციის შემდეგ ქ.დ-ის საკუთრებად დარეგისტრირდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა, შ. ა-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და შ. ა-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო პ. ა-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ. დ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 11 აპრილს ქ. დ-სა და ნ. რ-ის მიერ №4 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2012 წლის 10 მაისს ნ. ფ-ს მიერ №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ქ. დ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 11 აპრილს ქ. დ-სა და ნ. რ-ის მიერ №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2012 წლის 10 მაისს ნ. ფ-ის მიერ №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ 500 ლარის 70% – 350 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე