გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-589-175(კ-05) 25 იანვარი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 ოქტომბერს ნ. კ-მა სარჩელი აღძრა ცაგერის რაიონულ სასამართლოში ცაგერის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა 2002წ. 15 ივნისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, რომლითაც გაიყიდა ქ. ცაგერში ...ისა და ...ს ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ახალი აუქციონის დანიშვნა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
აუქციონის ჩატარებითა და სადავო მიწის გაყიდვით დაირღვა მოსარჩელის, როგორც ინდმეწარმისა და როგორც მოქალაქის, უფლებები, რადგან მოსარჩელეს ქ. ცაგერში, ...ისა და ...ს ქუჩების გადაკვეთაზე ედგა სავაჭრო ჯიხური, რის გამოც სარგებლობდა პრიორიტეტით და მისთვის უნდა მიეყიდათ მიწა. მოსარჩელის მითითებით, იგი რეგისტრირებული იყო ცაგერის რაიონულ სასამართლოში ინდმეწარმედ და გადასახადის გადამხდელად _ საგადასახადო ინსპექციაში. ჯიხური განთავსებული იყო არქიტექტურული გეგმისა და ოფიციალური ნებართვის შესაბამისად და იგი ფუნქციონირებდა 1995 წლიდან. აუქციონზე კი მიწა გაიყიდა ჯიხურების იმ მფლობელებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებდა. კერძოდ, დ. კ-ზე, მ. ჩ-სა და გ. ა-ზე. გარდა აღნიშნული პირებისა, მიწა ასევე მიეყიდათ შ. ნ-ს და მ. ბ-ს.
მოსარჩელის აზრით, აუქციონის ჩატარებისას ცაგერის რაიონის გამგეობამ უხეშად დაარღვია 1999წ. 21 თებერვლის ¹2-2 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესი», ასევე მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ შ. ნ-ე, მ. ბ-ი, დ. კ-ი, მ. ჩ-ე, გ. ა-ი, ნ. ფ-ე და რ. ჩ-ი.
ნ. კ-მა განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამარლოს, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ცაგერის რაიონის გამგეობის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ბ. ყ-თან, ა. ბ-თან, დ. კ-თან, მ. ჩ-სთან და მ. ბ-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების, ასევე ცაგერის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა ქ. ცაგერში, ...ისა და ...ს ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის შესახებ აუქციონის შედეგები.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცაგერის რაიონის გამგეობას დაევალა ქ. ცაგერში, ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე ახლად აშენებული მაღაზიებისა და განათლების განყოფილების შენობას შორის ნ. კ-ის სახელზე კანონით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ხოლო მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობის, აუქციონის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობების გაუქმებისა და ახალი აუქციონის დანიშვნის შესახებ ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩართული შ. ნ-ე, მ. ბ-ი, დ. კ-ი, მ. ჩ-ე, გ. ა-ი, ნ. ფ-ე და რ. ჩ-ი საქმეში ჩაებნენ მოპასუხეებად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ცაგერში, ...ისა და ...ს ქუჩების გადაკვეთაზე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონი, რომლის შედეგები დამტკიცდა ცაგერის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილებით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ცაგერში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც შედიოდა 2002წ. 19 ივლისის ¹1 ოქმით სავაჭრო ჯიხურების ასაშენებლად შერჩეულ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთში. აღნიშნული მიწა გასხვისდა აუქციონზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდნენ მოპასუხეები და თითოეულს სავაჭრო ჯიხურის მშენებლობისათვის მიეყიდა 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ცაგერის რაიონის გამგეობას და არსებობს მხოლოდ ოქმი მიწის შერჩევის შესახებ. გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემა ხდება მხოლოდ კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით.
სააპელაციო პალატამ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის» 5.4 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად, აუქციონის ან კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში ან გაზეთ «.. ..», დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული წესის დაცვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. 2002წ. 15 ივლისის ოქმის თანახმად, ინფორმაცია აუქციონის შესახებ გამოქვეყნდა ადგილობრივი ტელევიზიით, კანონი კი ინფორმაციის ამ ფორმით გამოქვეყნებას არ იცნობს. შესაბამისად, დაირღვა ინფორმაციის გამოქვეყნების წესი, რაც სააპელაციო პალატამ საკმარის საფუძვლად მიიჩნია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ცაგერის რაიონის გამგეობამ ვერ წარმოადგინა აუქციონში მონაწილეობის მსურველთა მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტებით, რისი წარდგენაც მას ევალებოდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის» მე-13 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ გამგეობამ მითითებული მოთხოვნა დაარღვია და კომისიას არ მიუღია აუქციონში მონაწილე პირთა განცხადებები.
სააპელაციო პალატამ აუქციონით მიწის გასხვისების წესები დარღვეულად მიიჩნია იმ თვალსაზრისითაც, რომ გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი შეირჩა 2002წ. 19 ივლისს, აუქციონში გამარჯვებულები კი გამოვლინდნენ 2002წ. 15 ივნისს. ამასთან, აუქციონის ოქმი შედგენილია 2002წ. 15 ივნისს, გამგეობამ ოქმი დაამტკიცა 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილებით, რითაც დაირღვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის» 6.1 პუნქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რადგან დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, რომლის ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესახებ. პალატა ასევე არ დაეთანხმა მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ნ. კ-ის სარჩელის აღძვრაზე არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლოს აზრით, ნ. კ-ს მისი საცხოვრებელი ადგილისა და იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ჯიხური განთავსებული, ჰქონდა საკუთრების შეძენის უფლება (ს.ფ. 250-260).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მ, მ. ბ-მა, გ. ა-მა, მ. ბ-მა, შ. ნ-მ და დ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კასატორთა მითითებით, მოსარჩელეს არ დაუყენებია აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილების ბათილად ცნობის საკითხი და არც სასამართლოს უცვნია იგი ბათილად. ამასთან, გარდა ნასყიდობის ხელშეკრულებებისა, სადავოდ გამხდარი დოკუმენტები არ წარმოადგენენ არც ადმინისტრაციულ აქტს და არც ადმინისტრაციულ გარიგებას.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იუსტიციის მინისტრის 2000წ. 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული «აუქციონის ჩატარების წესი «. აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ აღნიშნული წესის შესაბამისად მიღებული ¹140 დადგენილება არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ აქტს და არც ადმინისტრაციულ გარიგებას და მისი ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი და გამგეობისათვის უნდა დაებრუნებინა მითითებულ გარემოებათა გამოკვლევა-შესწავლისათვის და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის, რადგან ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს აუქციონის ან კონკურსის შედეგების დამტკიცება, ¹140 დადგენილება კი ძალაშია და მხოლოდ მისი ბათილად ცნობის შემთხვევაშია შესაძლებელი მის საფუძველზე მიღებული ყველა აქტისა თუ ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა.
მოწინააღმდეგე მხარემ ნ. კ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით იხელმძღვანელა საქართველოს კანონით «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” და გააუქმა ცაგერის რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული აუქციონი და აუქციონის შედეგების დამამტკიცებელი დადგენილება ¹140.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფიზიკური პირების მ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ა-ის, მ. ბ-ის, შ. ნ-ის, დ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2. და 394. «ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის საგანს, როცა აუქციონი მიიჩნია ადმინისტრაციულ გარიგებად და არამართლზომიერად შეაფასა რაიონული სასამართლოს მიერ ადმინის-ტრაციული აქტის ხანდაზმულობის მომწესრიგებელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელა მხოლოდ აუქციონის შედეგების კანონიერებაზე, მაშინ როცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ცაგერის რაიონულ სასამართლოში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონის შედეგების, ნოტარიულად დამოწმებული მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების, აგრეთვე ცაგერის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილების ბათილად ცნობა და ცაგერის რაიონის გამგეობისათვის ახალი აუქციონის ჩატარების დავალება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად არის დარღვეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ისევე, როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აუქციონის შედეგები და არ იმსჯელა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, ცაგერის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 დეკემბრის ¹140-ე დადგენილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებაზე, ასევე არ იმსჯელა დავის საგანზე - 2002წ. 3 აპრილს ¹1-117, 1-118, 1-119, 1-120, 1-121 სანოტარო აქტებით დამოწმებული სადავო მიწის ნაკვეთზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების კანონიერებაზე, შესაბამისად, ზემო- მითითებულ დავის საგანზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაუდგენია, რის გამოც ამ ნაწილში სსსკ 394 «ე” მუხლის თანახმად, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2002წ. 15 ივნისის არასასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით დადგინდა აუქციონში გამარჯვებულ პირთა ვინაობა, ამავე კომისიის მიერ 2002წ. 19 ივლისს დადგინდა ქ. ცაგერში, ...ის, ...ს და ...ის ქუჩების მიმართულებით 250 მ2 შერჩეული მიწის ნაკვეთი /ორ ნაკვეთად/ კომერციული ჯიხურების მშენებლობისათვის; საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის 3.4. მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მიწა საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება განხორციელდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და 2000წ. 10 მაისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ¹65 დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესით” დადგენილი პროცედურების დარღვევით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი შეირჩა 2002წ. 19 ივლისს, მაშინ, როდესაც 2002წ. 15 ივნისს, ანუ 34 დღით ადრე სადავო მიწის ნაკვეთზე გამოვლენილი იქნა გამარჯვებულ პირთა ვინაობა. ამასათან, ცაგერის რაიონის გამგეობას «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება სახელმწიფო მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ რეალურად არ მიუღია, ასევე საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთი გასხვისებული იქნა აუქციონის ფორმით, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება 2000წ. 10 მაისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 პუნქტის პირველი ნაწილის მიხედვით, აუქციონში ან კონკურსში გამარჯვებულის განსაზღვრიდან 10 დღის განმავლობაში კომისია აუქციონის ჩატარების შესახებ სხდომის ოქმს წარუდგენს დასამტკიცებლად ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, რომელიც ამტკიცებს მას მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შეუძლია არ დაამტკიცოს აუქციონის შედეგები მხოლოდ მიწის განკარგვის შესახებ წესებისა და პირობების უხეში დარღვევის შემთხვევაში. ამავე წესის მე-5-ე პუნქტის მე-19-ე ნაწილის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირი აფორმებს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების ხელშეკრულებას.
მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის წესით გაყიდვა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, შესაბამისად, სხდომის ოქმი ასახავს აუქციონის ჩატარების ფაქტს, რომელიც როგორც ფორმით, ასევე მატერიალური თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს; სხდომის ოქმი ექვემდებარება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებას სწორედ სხდომის ოქმის კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს /დამტკიცების პირობებში/ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამ აქტის საფუძველზე ქონების შეძენასთან დაკავშირებით ფორმდება ხელშეკრულება, რომლის სადავოობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სამოქალაქო კოდექსით სამოქალაქო გარიგების მომწესრიგებელი ნორმები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების (აუქციონის) ბათილად ცნობა, რომლის მიმართ ხანდაზმულობის ვადები გამოითვლება სამოქალაქო კოდექსით გარიგებათა ბათილობისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადების მიხედვით და იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა სადავო აუქციონზე, როგორც ადმინისტრაციულ გარიგებაზე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ზ” ქვეპუნქტის (კანონის 2000წ. რედაქცია) საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, ხოლო სკ-ის 50-ე მუხლით მოცემული დეფინიციის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია, ამასთან, სამოქალაქო სამართალი იმ თვალსაზრისს ემყარება, რომ პირებმა ურთიერთობა ერთმანეთს შორის თავად უნდა მოაწესრიგონ. ამ პრინციპს კერძო ავტონომია ეწოდება, რომლის განხორციელების ყველაზე თვალსაჩინო და გავრცელებულ საშუალებას სამოქალაქო სამართალში წარმოადგენს გარიგება. გარიგებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ამასთან, ნების არა ყოველგვარი გამოვლენა წარმოადგენს გარიგებას. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი, კერძოდ, მიწის მართვისა და განკარგვის /საკონკურსო/ კომისიის 2002 წ. 15 ივნისის ¹2 სხდომის ოქმი, რომელიც დამტკიცდა ცაგერის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 დეკემბრის ¹140 დადგენილებით, ისევე, როგორც მითითებული დადგენილება, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2. «დ‚‚ პუნქტით დეფინირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ამავე დროს კონკრეტული პროცედურული მოქმედების შესრულების მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც წყვეტს სახელმწიფოს საკუთრების უფლებას სადაო მიწაზე და ადასტურებს პირის /შემძენის/ უფლებას შეძენილ ქონებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ამ აქტების, როგორც ფორმალურ, ასევე, მატერიალურ კანონიერებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო ადმინისტრაციული აქტების მიღებისას იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სპეციალური კანონით დადგენილი მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის (კანონის 2000წ. რედაქცია) მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების /დადოს ადმინისტრაციული გარიგება/ გამოყენება, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცებისას (2002წ. 5 დეკემბრის დადგენილებით) ცაგერის რაიონის გამგეობის ნების გამოვლენა გამომდინარეობს არა გარიგების დადების სურვილიდან, არამედ, კანონისმიერი ვალდებულებიდან _ დაადასტუროს აუქციონის შედეგების კანონიერება და ამ მმართველობითი ფუნქციის შესრულებისას იგი ნების გამოვლენას ახორციელებს არა ხელშეკრულების ფორმით, არამედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მის სამართლებრივ ბუნებას, არამედ, მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ ფორმას და სამართლის იმ ნორმის ხასიათს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედების უფლებამოსილებით აღჭურავს და არა იმას, სამართლის რომელ სფეროში იჩენს თავს სამართლებრივი შედეგი. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში ცალმხრივი ნების გამოვლენის ფორმაა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412.1. მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს დავის საგანს და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 411-ე 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფიზიკური პირების მ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ა-ის, მ. ბ-ის, შ. ნ-ის, დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
4. საკასაციო სასმართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.