Facebook Twitter

№ას-530-504-2013 24 მაისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს “ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა. და ნ. ა-ების მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა. და ნ. ა-ებს სს “ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 2068,7 ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხეებს დაევალათ მათ კუთვნილ ფართში არსებული იმ წყალგაყვანილობის მილების დაზიანებების შეკეთება და დაზიანებათა აღმოფხვრა, საიდანაც მოსარჩელის ქონებაში ხდებოდა წყლის ჩადინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ა. და ნ. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. და ნ. ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი ტ.I, ს.ფ.257).

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, ა. ა-ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2013 წლის 20 მარტს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 9 აპრილი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 19 აპრილი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ა-მა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 17 აპრილს (იხ.ტ.I, ს.ფ.281). შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 18 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 8 მაისს, საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 10 მაისს (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.I, ს.ფ.282), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2013 წლის 10 მაისი (იხ.ტ.I, ს.ფ.290) რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან ა. ა-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის საკასაციო მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი