Facebook Twitter

საქმე №ას-61-57-2013 7 მაისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ე (მოპასუხე)

მესამე პირი - ნოტარიუსი ნ. თვალმიხელაშვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ისა და მესამე პირის - ნოტარიუს ნ. თ-ის მიმართ აწ გარდაცვლილი ბებიის, ნ.-ნ. ო-ის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ 2010 წლის 5 ივლისს გ. ო-ის სახელზე გაცემული №100660367 სამკვიდრო მოწმობის 1/4 ნაწილში ბათილად ცნობის, მამკვიდრებელ ნ.-ნ. ო-ის სამკვიდროს 1/4 ნაწილში გ. ო-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და აღნიშნული სამკვიდროს 1/4 ნაწილზე ნ. ღ-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე დაიბადა და ცხოვრობდა ქ.გურჯაანში, ...ქ№1-ში. მისი მამა გ. ო-ე გარდაიცვალა 1984 წლის 10 ივნისს, ხოლო ბებია, მამის დედა - ნ.-ნ. ო-ე გარდაიცვალა 1984 წლის 25 ივნისს. ბებიის გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე დაუფლებული იყო ნ.-ნ. ო-ის დანაშთ ქონებასა და მოძრავ ნივთებს. ნ. ღ-ის ძმას - გ. ო-ეს გ. ო-ემ სიცოცხლეშივე აუშენა სახლი სოფელ გურჯაანში. გ. ო-ე მამისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მალევე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში ორწლიან სამსახურში. 1985 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელემ იქორწინა ლ. ღ-ე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც ქალაქ გურჯაანში, ...ქ№1-ში აწ გარდაცვლილი დედის, მ. ო-ის სახლში აღიზარდნენ. გ. ო-ემ 2010 წლის 11 ივნისს გასცა მინდობილობა მეუღლე მ. ო-ის სახელზე აწ გარდაცვლილი ბებიის, ნ.-ნ. ო-ის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სამკვიდრო საქმის საწარმოებლად. 2010 წლის 5 ივლისს ნოტარიუსმა ნ. თ-მა გ. ო-ის სახელზე გასცა №100660367 სამკვიდრო მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ გ. ო-ე არის მამკვიდრებელ ნ. ო-ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილიშვილი. თუმცა არ არის გათვალისწინებული მემკვიდრის მამის დაბადების მოწობა, სადაც უ. ო-ის დედად მითითებულია ნ. ო-ე და არა ნ. ო-ე. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში სამკვიდრო ქონების 2/4-ის მესაკუთრედ აღრიცხულია გ. ო-ე. 2011 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა მოსარჩელის ძმა გ. ო-ე. მოსარჩელემ მიუთთა საქმეში წარმოდგენილ N482 ცნობაზე, რომლითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ძმასთან ერთად დაუფლებულია ბებიის დანაშთ ქონებას.

მ. ო-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ნ. ღ-მა და ლ. ღ-მა იქორწინეს 1984 წლის ივნისში, მამის გარდაცვალებიდან ორიოდე კვირაში, ხოლო ქორწინება რეგისტრაციაში გატარდა 1985 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც შეეძინათ პირველი შვილი. ნ. ღ-ი ქ.გურჯაანში, ...ქ№1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის გზით არ დაუფლებია. იგი ლ. ღ-ს ცოლად გაჰყვა მამის გარდაცვალებისთანავე, რაც ოჯახის შეურაცხყოფა იყო და მას ოჯახის წევრები წლების განმავლობაში არ შერიგებიან. მოსარჩელე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას მოითხოვს 28 წლის შემდეგ, მაგრამ არ უთითებს, რა საპატიო მიზეზი გააჩნდა მას 28 წლის განმავლობაში, რომ ვერ მიიღო სამკვიდრო ქონება. მას თითქმის სამჯერ აქვს გაშვებული მოქმედი სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მაქსიმალური 10-წლიანი ვადა. მოპასუხის მეუღლე გ. ო-ე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ბებიის, ნ. ო-ის გარდაცვალებიდან 10 თვის შემდეგ, 1985 წლის 22 აპრილს. გ. ო-ის სახელზე ირიცხება სოფელ გურჯაანში მდებარე სამი ოთახისაგან შემდგარი გაუმართავი, მიწისპირა სათავსი და სამოსახლო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული სათავსი არ არის საცხოვრებელი და ფარდულის მოვალეობას ასრულებდა. ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც გ. ო-ის ოჯახი ცხოვრობდა, არის ქალაქ გურჯაანში, ...ქ№1-ში მდებარე ბინა, რომელიც ირიცხებოდა ნ. ო-ის სახელზე. გ. ო-ეს ბებიის სამკვიდრო მიღებული აქვს კანონიერად და არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.

სარჩელი ასევე არ ცნო მესამე პირმა - ნოტარიუსმა ნ. თ-მა იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობა კანონმდებლობის სრული დაცვითაა გაცემული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების: შ. ო-ის, ვ. ბ-ის, ზ. ღ-ისა და თ. შ-ის ჩვენებებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ღ-ი გათხოვდა არა 1985 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც ქორწინება რეგისტრაციაში გაატარეს, არამედ 1984 წლის შემოდგომაზე, მამისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ. გათხოვების შემდეგ მოსარჩელე პერიოდულად მიდიოდა დედასთან და ძმასთან, ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე ბებიის, ნ.-ნ. ო-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლში, მაგრამ, მან კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა ძმასთან, გ. ო-ესთან ერთად ბებიის, აწ გარდაცვლილი ნ.-ნ. ო-ის დანაშთი ქონების, ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. მ. ო-ის მეუღლე გ. ო-ე დაბადებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში, ბებიის, ნ.-ნ. ო-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ნ.-ნ. ო-ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას ფლობდა და განკარგავდა როგორც საკუთარს მისი შვილიშვილი, აწ გარდაცვლილი გ. ო-ე, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ო-ეს ბებიის, ნ.-ნ. ო-ის კუთვნილი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ.გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 12 მარტს გაცემული N482 ცნობა (სადაც აღნიშნული იყო, რომ ნ. ღ-ი ძმასთან ერთად ნამდვილად დაეუფლა ნ.-ნ. ო-ის საცხოვრებელ სახლს) სადავო სამკვიდო ქონების ფლობის ფაქტის დამადასტურებლად არ იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 25 აპრილის N395 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ეს მტკიცებულება, ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ღ-ის განმარტება, რომ ძმასთან, გ. ო-ესთან ერთად დაუფლებული იყო ბებიის, აწ გარდაცვლილი ნ.-ნ. ო-ის დანაშთ ქონებას, რადგან, ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები მხარეს არ წარუდგენია.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლით, 556-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სამკვიდროს ფლობაში ან მართვაში იგულისხმებოდა მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც მიუთითებდა სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდებოდა მემკვიდრის ნება, გამხდარიყო სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სასამართლოს მოსაზრებით, მემკვიდრე შეიძლება არ ფლობდეს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებიდან (მართავს ამ ქონებას, იხდის კომუნალურ გადასახადებს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ) უნდა ირკვეოდეს, რომ სამკვიდრო ქონებას იგი თავისად მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა აწ გარდაცვლილი ბებიის - ნ.-ნ. ო-ის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-მა, მოითხოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, აწ გარდაცვლილი ბებიის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/4-ის მესაკუთრედ ნ. ღ-ის ცნობა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ გ. ო-ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და სამკვიდრო ქონების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერებში შემდეგი საფუძვლებით:

რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაამყარა 2010 წლის 18 ივნისს გაცემულ N456 ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ ბებიის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას ფლობდა და განკარგავდა მისი შვილი - უ. ო-ე, ხოლო მოგვიანებით, ამ მისამართზე ცხოვრობდა ნ. ო-ის შვილიშვილი გ. ო-ე, რაც არასწორია, რადგანაც უ. ო-ეს დედის სამკვიდრო არ მიუღია, ის დედაზე ადრე გარდაიცვალა, ხოლო გ. ო-ე ნ. ო-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობას ვერ მიიღებდა, რადგანაც უ. ო-ის დაბადების მოწმობაში დედად მითითებულია ნ. ო-ე და არა ნ. ო-ე. საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციო მონაცემებში სამკვიდრო ქონებაზე ნ. ი-ის ასული ო-ის საკუთრება არაა აღრიცხული, არამედ, ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ. ი-ის ასული ო-ის სახელზე. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუსმა პირთა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის გარეშე გასცა სამკვიდრო მოწმობა. რაც შეეხება მოწმეების: შ. ო-ისა და ვ. ბ-ის ჩვენებებს, მათ ვერ დაადასტურეს კასატორის დედის გარდაცვალების დრო, შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ 1984 წელს არსებული მდგომარეობა გადმოეცათ. სასამართლოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ კასატორის დედა - მ. ო-ე გარდაიცვალა 2003 წელს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ ნ. ღ-ი ცხოვრობდა ...ქN1-ში, რაც დაადასტურეს მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა: ზ. ღ-მა და თ. შ-მა. ნ. ღ-ი ფლობს ბებიის დან.ვარ ნივთებს, მონაწილეობდა ადგილმამულების დამუშავებაში და ძმასთან ერთად ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს. ეს გარემოებები დადასტურებულია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში არსებული N482 ცნობით. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ 1984 წლიდან 1992 წლამდე ნ.ღ-ი ცხოვრობდა ბებიის სახლში და აქვე გაზარდა შვილები. სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს 2010 წლის 5 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე სანოტარო ორგანოდან მასალების გამოთხოვაზე.

კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ნოტარიუს ნ.თ-ის სანოტარო ბიუროდან N100660367 საქმის გამოთხოვის თაობაზე, ამასთან, საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები 17 ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აპრილი განჩინებით ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, ნ. ღ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, რომ ქალაქ გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ეზოს 2/4 აწ გარდაცვლილ ნ.-ნ. ო-ის საკუთრებას წარმოადგენდა.

ნ.-ნ. ო-ე გარდაიცვალა 1984 წლის 25 ივნისს.

ნ. ო-ის შვილი უ. ო-ე გარდაიცვალა 1984 წლის 10 ივნისს.

2012 წლის 5 ივლისს ნოტარიუსის ნ. თ-ის მიერ გაცემული N100660367 სამკვიდრო მოწმობით, ნ.-ნ. ო-ის დანაშთი ქონება - ქალაქ გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ეზოს 2/4 ნაწილი, აგრეთვე, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის შვილიშვილმა გ. ო-ემ.

მ. ო-ის მეუღლე, აწ გარდაცვლილი გ. ო-ე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1985 წლის 22 აპრილს, საიდანაც გათავისუფლებულია თადარიგში 1987 წლის 28 მაისს. გ. ო-ე გარდაიცვალა 2011 წლის 14 სექტემბერს.

ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ეზოს 2/4 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია აწ გარდაცვლილ გ. ო-ის სახელზე, ხოლო 2/4 ნაწილი რეგისტრირებულია ვ. ბ-ის სახელზე.

ქ.გურჯაანში, ...ქ.N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შვილთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე.

ნ. ღ-ი 1985 წლის 29 ოქტომბერიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ლ. ღ-თან და 1985 წლის 13 აგვისტოს შეეძინათ შვილი, ლ. ღ-ი.

აღნიშნულ გარემოებებს საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა უ. ო-ის დაბადების მოწმობაში მითითებული ნ. ო-ისა და ნ. ო-ის იდენტურობის ფაქტი და ამის შემდეგ განეხილა საქმე, რადგანაც დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილმა ძმამ, გ. ო-ემ მემკვიდრეობით მიიღო ქ.გურჯაანში, ...ქN1-ში მდებარე ბებიის - ნ.-ნ. ო-ის კუთვნილი სამკვიდრო და სწორედ ამ ქონებაზე აცხადებს მოსარჩელე პრეტენზიას, შესაბამისად, ამ ნაწილში მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

განსახილველი საკასაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს ნ. ღ-ის მიერ ბებიის - ნ.-ნ. ო-ის სამკვიდროს მიღება-არმიღების ფაქტი.

ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნ. ღ-ის პრეტენზიაზე, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ბებიის სამკვიდროს ძმასთან ერთად დაუფლების ფაქტს კასატორი ამყარებს იმ გარემოებას, რომ ნ. ღ-ი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა დანაშთ ქონებაში, ამასთანავე მიიღო და დღესაც მის მფლობელობაშია ბებიის კუთვნილი ნივთების ნაწილი. ეს გარემოებები მოსარჩელემ, ერთი მხრივ, დაამყარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის 12 მარტს გაცემულ N482 ცნობას და, მეორე მხრივ, მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობას, რომლის თანახმადაც N482 ცნობა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული, მიუხედავად მტკიცებულებაში არსებული მითითებისა, რომ ნ. ღ-ი ძმასთან ერთად ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს, რადგანაც საქმის მასალებით დადგენილია და კასატორს ამ გარემოების თაობაზე პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 25 აპრილის N395-ე ბრძანებით მითითებული ცნობა ბათილად იქნა ცნობილი.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება ნ.ღ-ის მოსაზრებას სასამართლოს მიერ ამ ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, არასწორი შეფასების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ (სსსკ 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები), სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

საყურადღებოა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს რა სადავო გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალურ წესს, კანონმდებელი განსაზღვრავს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სადავო გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარე სადავოდ მიჩნეულ გარემოებებს ამყარებს რომელიმე დასაშვებ მტკიცებულებას, სასამართლოს როლი ამ მტკიცებულების სწორი და ყოველმხრივი შეფასების გზით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით შემოიფარგლება.

განსახილველ შემთხვევაში, ნ.-ნ. ო-ის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის განმავლობაში ნ. ღ-ის სამკვიდრო სახლში ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეები, რაც სასამართლოს სათანადოდ არ შეუსწავლია. მოწმე შ. ო-ის განმარტებით, ნ. ღ-ი მამის გარდაცვალებიდან 4-5 თვის შემდეგ გათხოვდა, მოწმე ვ. ბ-ის განმარტება ასევე მიანიშნებს ნ. ო-ის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კასატორის გათხოვების ფაქტზე, მოწმედ დაკითხულმა ზ. ღ-მა ნ. ღ-ის გათხოვების დროდ მიუთითა 1984 წლის დეკემბერი, არსებითად იმავე გარემოებაზე მიუთითებს მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმე თ. შანშიაშვილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ.

სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც მხარე მიუთითებს გ. ო-ის უარყოფით დამოკიდებულებაზე ორმოცამდე დის გათხოვებისა და სახლიდან ნივთების წაღების ფაქტის გამო. სხდომის ოქმში მითითებული ეს მსჯელობა სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არ შეუფასებია მათ შორის არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ღ-ი 1984 წლის შემოდგომაზე გათხოვდა, თუმცა მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღის გაუთვალისწინებლობით, სასამართლომ, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს ძმასთან ერთად მიღების ფაქტი ვერ დაადასტურა, რასაც საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული საფუძვლების გამო ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით საჭიროა საქმეში არსებული მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე დავაზე, შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის გზით უნდა დაადგინოს გარემოება იმის შესახებ, მამკვიდრებელ ნ.-ნ. ო-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა ნ. ღ-ი სამკვიდროს, სწორედ ამ საკითხის დადგენის შემდეგ უნდა შეაფასოს სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნულს, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია და თავად კასატორიც მიუთითებს, რომ ეს შუამდგომლობა მას ქვემდგომ სასამართლოშიც ჰქონდა დაყენებული, ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივრის შესწავლით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეს მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლი მე-2 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, რაც საკასაციო პალატას მისცემდა შესაძლებლობას, შეეფასებინა ამ განჩინების მართებულობის საკითხი, ხოლო ამავე ნორმის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს გარემოებებზე, რომელთა თაობაზეც საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული, ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ამ ინსტანციაში მტკიცებულებათა წარმოდგენა თუ მათი საქმისათვის დართვა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება (სსსკ 407.1), სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ღ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.73-89).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. ნ. ღ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4, კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.73-89).

5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე