Facebook Twitter

№ას-1455-1373-2012 2 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო. ა. ჯ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ე. დ-ის, ვ. დ-სა და ი. ვ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ. ო. ა. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ე. დ-სა და ი. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდა ე. დ-ი, აგრეთვე, მისი და ი. ვ-ის წარმომადგენელი დ. ა-ე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დასახელებული აპელანტებისათვის დაიწყო 2012 წლის 29 ივლისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს). რამდენადაც აპელანტები არ გამოცხადებულან გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მისი გამოტანიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, სააპელაციო სასამართლომ მოხმობილი მუხლისა და ამავე კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 13 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე გამოარკვია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2012 წლის 23 აგვისტოს – კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. არსებულ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. დ-მა. მისი მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების თაობაზე, რადგან გადაწყვეტილება ჩაიბარა წარმომადგენლის – ვ. დ-ის მეშვეობით, რომლის რწმუნებულებაც საქმეშია წარმოდგენილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება და ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მან გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, ამიტომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის თავლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2012 წლის 29 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 13 აგვისტოს, ხოლო, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 23 აგვისტოს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ გაუშვია, ვინაიდან, კანონით დადგენილ ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა - ვ. დ-მა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა მისი სახელით სასამართლოში საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, რაც უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის 1-ელ ნაწილის მიხედვით კი, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

აღნიშნული საპროცესო ნორმებით, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ თანამონაწილეებმა საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, რაც უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. თუ თანამონაწილეებმა გამოიყენეს ეს უფლება და საქმის წარმოება დადგენილი წესით მიანდეს ერთ-ერთ თანამონაწილეს, მაშინ, ამ უკანასკნელისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. ეს წესი ვრცელდება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზეც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ე. დ-ი (ტომი 1, ს.ფ. 255-2621). აქედან გამომდინარე, მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში უნდა გმოცხადებულიყო არა უადრეს 19 და არა უგვიანეს 29 ივლისისა. საქმეში წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ 2012 წლის 19 ივლისს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა ვ.დ-ი (ტომი 1, ს.ფ. 271), რომელიც მოცემულ საქმეზე, ე. დ-ან ერთად, წარმოადგენს თანამოსარჩელეს (თანამონაწილეს) და მას ე. დ-ის სახელით მინდობილი აქვს სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 144).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპალაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ე. დ-ი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი თანამონაწილის (ვ.დ-ის) გამოცხადება გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ნიშნავს იმ თანამონაწილის (ე. დ-ის) გამოცხადებასაც, რომელმაც სასამართლოში საქმის წარმოება მიანდო გამოცხადებულ თანამონაწილეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაიწყო გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის მომენტი, განსახილველ შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს მოსარჩელის წარმომადგენლისათვის (თანამონაწილისათვის) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ვინაიდან მოსარჩელემ დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, რითაც მან შეასრულა კანონის მოთხოვნა, ხოლო, სასამართლომ გადაწყვეტილების ასლი მხარეს ჩააბარა 2012 წლის 15 აგვისტოს (ტომი 1, ს.ფ. 272). მითითებული თარიღიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გასული არაა (სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 23 აგვისტოს - იხ. ს.ფ. 273-283).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ე. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე