Facebook Twitter

№ას-1526-1440-2012 10 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – იბა “ო. ვ-ი“, ზ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, გადახდილი თანხისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების: იბა „ო. ვ-ის“, ზ. ზ-ის, გ. ა-სა და ზ. რ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 124582 აშშ დოლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იბა „ო. ვ-მა“ და ზ. რ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით იბა „ო. ვ-ისა“ და ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება იბა „ო. ვ-მა“ და ზ. რ-მა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვეს ამ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არასწორად მიუთითებს იმაზე, რომ განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა ზ. რ-ს. სინამდვილეში, ხსენებული გზავნილი ზ. რ-ს არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა მის ერთ-ერთ თანამშრომელს, თუმცა იმის გამო, რომ ადრესატი თბილისში არ იმყოფებოდა, მისთვის განჩინების ჩაბარება ვერ მოხერხდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამდენად, ზ. რ-ისათვის გზავნილის ჩაბარებისას განჩინებაში მითითებული 2-დღიანი ვადა უკვე გასული იყო. შესაბამისად, მან ხარვეზი ვერ შეავსო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „ო. ვ-ისა“ და ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს – იბა „ო. ვ-სა“ და ზ. რ-ს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 2 დღით, კერძოდ, მათ დაევალათ მითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 25-26);

დასახელებული განჩინების ასლები აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, კ-ის ქ.№1. აპელანტების: იბა „ო. ვ-ის“ და ზ. რ-ის სახელზე გაგზავნილი სასამართლო კორესპონდენცია ჩაბარდა ზ. რ-ს, ერთ შემთხვევაში, როგორც იბა „ო. ვ-ის“ წარმომადგენელს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, პირადად მას, როგორც ერთ-ერთ აპელანტს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, სასამართლო კორესპონდენცია ზ. რ-ს ჩაბარდა 2012 წლის 19 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 35-38).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით იბა „ო. ვ-ისა“ და ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 39-41).

კერძო საჩივრის პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა არა ზ. რ-ს, არამედ მის ერთ-ერთ თანამშრომელს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლზე, რომლის მიხედვით, უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები, რომლებითაც ირკვევა, რომ სასამართლო კორესპონდენცია ზ. რ-ს ჩაბარდა 2012 წლის 19 ოქტომბერს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათებზე ამ უკანასკნელის ხელმოწერით (ტომი 2, ს.ფ. 37-38). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაამტკიცეს მათ მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან მათ სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. იბა „ო. ვ-ისა“ და ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია