Facebook Twitter

№ას-1542-1445-2012 2 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი, კ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას სარჩელი მოპასუხეების: გ. მ-ისა და კ. ჩ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ლ. ჯ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

კერძო საჩივრის თანახმად, 2012 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 11.30 საათზე, აპელანტი და მისი წარმომადგენელი მ.კ-ი ნათესავის ავტომანქანით 09.20 საათზე გამოემგზავრნენ ქ.ხონიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სოფელ გუბის შესასვლელთან, დაუსახლებელ ადგილას, მათ დაუზიანდათ საბურავი, რის გამოც მოუხდათ სხდომაზე დაგვიანება. დანიშნული დროის ნაცვლად, ისინი სასამართლოში გამოცხადდნენ 12.15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მათ ტელეფონის მეშვეობით მოახსენეს მოსამართლის თანაშემწე მ.ს-ეს. ამ უკანასკნელმა აპელანტსა და მის წარმომადგენელს განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც მათ შეეძლოთ შეეტანათ კერძო საჩივარი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მითითებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

გასაჩივრებული განჩინებით ლ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის, აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორ ლ. ჯ-ას) გამოუცხადებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მისი და მისი წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, სხდომაზე დასასწრებად ისინი ქუთაისში ავტომანქანით გამოემგზავრნენ ქ.ხონიდან, დილის 09.20 საათზე, თუმცა გზაში ავტომანქანა დაზიანდა, რის გამოც პროცესზე გამოცხადდნენ დაგვიანებით - 12.15 საათზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე