№ას-1545-1448-2012 10 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. რ-ს მ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2012 წლის 28 ოქტომბერს, რადგან 28 ოქტომბერი იყო კვირა დღე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გააჩნდა მომედვნო სამუშაო დღეს, რა დროსაც მან ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება და ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია 2012 წლის 24 ოქტომბერი, ხოლო ამ ვადის დასრულების დღედ – 2012 წლის 28 ოქტომბერი.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპროცესო ვადის გამოთვლისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 28 ოქტომბერი იყო უქმე დღე – კვირა. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დასრულების დღედ 2012 წლის 29 ოქტომბერი უნდა მიეჩნია.
საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის დასახელებულ არგუმენტს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ, თუ ვადის უკანასკნელი დღეს ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 28 ოქტომბერი იყო კვირა დღე და, შესაბამისად – უქმე დღე. აქედან გამომდინარე, ვადის დამთავრების დღედ უნდა ჩაითვალოს მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 29 ოქტომბერი (ორშაბათი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების შესახებ განცხადება ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 29 ოქტომბერს, ე.ი. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში (ტომი 1, ს.ფ. 96-106), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ამ განცხადების განხილვის გარეშე განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ზ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია