№ას-1578-1481-2012 10 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – იბა „ო. ვ-ი“, ზ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) ზ. რ-ს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 64500 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 43500 აშშ დოლარის გადახდა; ბ) სარჩელი ზიანის სახით 22000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ) სარჩელი იბა „ო. ვ-თვის“ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს იბა „ო. ვ-მა“ და ზ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული იბა „ო. ვ-ის“ სააპელციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ზ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
ამავე სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზ. რ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს იბა „ო. ვ-მა“ და ზ. რ-მა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ მათ დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, დაავალა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამის შემდგომ, მათ სასამართლოში შეიტანეს განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გადავადებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა გააგრძელა 5 დღით. კერძო საჩივრის თანახმად, იბა „ო. ვ-სა“ და მის დამფუძნებელ წევრებს, მათ შორის, ზ. რ-ს, აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა – ისინი დაფიქსირებულნი არიან მოვალეთა რეესტრში, მათ მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე იძულებითი აღსრულების წარმოება. აქედან გამომდინარე, იბა „ო. ვ-ი“ და მისი დამფუძნებელი წევრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათი ძირითადი საქმიანობიდან მიიღონ რაიმე შემოსავალი. ამასთან, გარდა მითითებულისა, მათ სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა დადგენილ ვადაში სასამართლოში გააგზავნეს განცხადება, სადაც კვლავ ითხოვეს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება კიდევ 3 დღით, სასამართლომ მათი თხოვნა არ გაიზიარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად უნდა იქნეს განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო, ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს კერძო საჩივრის სუბიექტებს, ანუ იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა. ეს პირები არიან: ა) მხარეები, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება და ბ) პირები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, იბა „ო. ვ-ი“ კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება არ არის გამოტანილი იბა „ო. ვ-ის“ მიმართ და უშუალოდ არ ეხება მას, შესაბამისად, მისი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 374-ე, 187.2 მუხლები).
რაც შეეხება ზ. რ-ის კერძო საჩივარს იგი დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ზ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით. ამავე სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზ. რ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს აპელანტის გადახდისუუნარობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩვრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს აპელანტისათვის უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს, მისივე თხოვნით, ერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო, მეორედ ვადის გაგრძელება აღარ მიიჩნია მიზანშეწონილად. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს უსასრულოდ გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ზ. რ-ის კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ზ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია