Facebook Twitter

№ას-1631-1531-2012 2 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გ.რამიშვილის №20 საჯარო სკოლა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და დამატებით შესრულებელი სამუშაოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ გ.რამიშვილის სახელობის №20 საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დამატებით შესრულებელი სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის ის მოთხოვნები, რომლებიც შეეხებოდა სამუშაოზე აღდგენასა და ბრძანების ბათილად ცნობას, დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ სოციალურ უფლებას. დასაქმებულს უფლება აქვს ინფორმირებული იყოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ და ამ საფუძვლის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლო წესით. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნებზე: სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი. ყველა ეს მოთხოვნა ექცევა ხსენებული მუხლის იმ დანაწესის რეგულირების ფარგლებში, სადაც საუბარია შრომის ანაზღაურების თაობაზე აღძრულ სხვა ისეთ მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამდენად, აპელანტი მ. რ-ა უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მითუმეტეს რომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ის ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც მას გაუჭირდა დამატებითი თანხის გაღება. გარდა ამისა, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით დამკვიდრებულია პრაქტიკა, სამივე ინსტანციის სასამართლო მხარეს ავალდებულებს მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის იმგვარად დადგენა, როგორაც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინება და მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ:

მ. გ-ას სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. სსიპ გ.რამიშვილის სახელობის №20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №147 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. სამუშაოზე აღდგენა; 3. იძულებითი განაცდურისა და დამატებით შესრულებელი სამუშაოს ანაზღაურება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, თითოეულ მოთხოვნაზე აპელანტს 5 დღის ვადაში უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, მთლიანობაში 300 ლარი;

2012 წლის 29 ოქტომბერს მ. გ-ამ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც თან დაურთო 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნებზე 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება მისი ვარაუდით გამოწვეულია შეცდომით, რადგან სამუშაოზე აღდგენა წარმოადგენს ბრძანების ბათილობის თანმდევ შედეგს, ე.ი. დასახელებულ მოთხოვნებს შორის არსებობს უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ადასტურებს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის ის მოთხოვნები, რომლებიც შეეხებოდა სამუშაოზე აღდგენასა და ბრძანების ბათილად ცნობას, დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე იმ გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც შესაბამისი მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნები ასეთ შემთხვევათა რიგს არ განეკუთვნება. ამასთან, ისინი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში ვერ მოექცევა, რადგან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ მისი მეშვეობით კანონმდებელი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეთა გათავისუფლების შესაძლებლობას, როდესაც ისინი სადავოდ ხდიან შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის არ უნდა დაევალებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა გამომდინარეობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი ამ მოთხოვნებისათვის ცალ-ცალკე არ უნდა განესაზღვრა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის უფლება უკავშირდება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერების საკითხის დადგენას და მთლიანად გამომდინარეობს მისგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე, თითოეული მოთხოვნის მიხედვით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განახორციელა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული „სხვადახვა მოთხოვნის ქვეშ“ არ იგულისხმება მსგავსი შინაარსის მატარებელი მოთხოვნები, როგორსაც წარმოადგენს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნები. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-1265-1194-2012; ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-1127-1058-2012).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე