Facebook Twitter

№ას-1671-1567-2012 10 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. ს. კ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1-ლი მაისის გადაწყვეტილებით შ. ქ-ის სარჩელი შპს „ბ. ს. კ-ის” მიმართ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა: შპს „ბ. ს. კ-ს” შ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 17 სექტემბრიდან 2012 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს გადახდა 1254 ლარის ოდენობით; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს ანაზღაურება ყოველთვიურად 59 ლარის ოდენობით, 2012 წლის 21 მარტიდან შ. ქ-ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ს.მა კ-მაა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების შემდგომ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ. ს. კ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა აღნიშნული სხდომის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, სააპელაციო სასამართლომ ხსენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შპს „ბ. ს. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ. ს.მა კ-მაა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა. 2012 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.ი კწარმომადგენელმა და

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსამართლის თანაშემწემ მას ტელეფონით აცნობა, რომ პროცესი დანიშნული იყო 15 ნოემბერს 15:30 საათზე, თუმცა, ამავე დღეს პროცესი ჩატარდა 14:30 საათზე. ამდენად, მოსამართლის თანაშემწემ აპელანტის წარმომადგენელს არასწორად შეატყობინა სხდომის დაწყების დრო, რის გამოც ეს უკანასკნელი სასამართლოში გამოცხადდა ერთი საათის დაგვიანებით.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შემდგომში მან შესაბამისი პრეტენზიები განუცხადა მოსამართლის თანაშემწეს და გამოცხადების დადასტურების მიზნით დაწერა შესაბამისი განცხადება, რომელიც ჩააბარა სასამართლოს კანცელარიაში. განცხადების ჩაბარების დროის მიხედვით ნათლად დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში გამოცხადდა 15:30 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა არ ყოფილა გამოწვეული არასაპატიო გარემოებით და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. ს. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ერთ-ერთი ასეთი გარემოებაა, სასამართლო სხდომაზე მხარის მოუწვევლობა კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ. ს. კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სასამართლო მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილ აქტს მხარისათვის ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, შპს „ბ. ს. კ-ის“ წარმომადგენელი დ.ჭ-ა მიწვეულ იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2012 წლის 15 ნოემბერს, 14:30 საათზე (ს.ფ. 163).

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ზემომითითებული აქტის სისწორეს და აღნიშნავს, რომ შპს „ბ. ს. კ-ის“ წარმომადგენელ დ.ჭ-ას მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სხდომის დრო ­– 2012 წლის 15 ნოემბერი, 15:30 საათი, თუმცა სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ აქტში არასწორად მიეთითა 14:30 საათი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუელაბით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილთ განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაეკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება ტელეფონის შემთხვევაში დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე დაიბაროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მათ შორის, ტელეფონის მეშვეობით. ამ დროს სავალდებულოა, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ შეადგინოს აქტი ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ. კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქტით დასტურდება ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ტელეფონით) მხარის სასამართლოში დაბარების ფაქტი. აქედან გამომდინარე, თუ საქმეში არსებობს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ აქტი, სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) დაბარების შესახებ აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი (აპელენტი) დაბარებული იყო სასამართლო სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 15 ნოემბერს, 14:30 საათზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხსენებული აქტი საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა სასამართლოსათვის, რათა აპელანტი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოწვეულად მიეჩნია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აქტში არასწორად იქნა შეტანილი აპელანტის დაბარების საათი, კერძოდ, 15:30 საათის ნაცვლად, შეცდომით მიეთითა 14:30 საათი. ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას. მხოლოდ მისი განმარტება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ აქარწყლებს ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) დაბარების შესახებ აქტში მითითებულ გარემოებას, რომ აპელანტი დაბარებული იყო სასამართლო სხდომაზე 14:30 საათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მსგავსი განცხადება დასაბუთებულად უნდა მიგვეჩნია მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, რაც მხარეთა ტელეფონით დაბარებას აზრს დაუკარგავდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ. ს. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე