№ას-174-167-2013 10 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ე-ის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9600 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე, შპს „ე-ის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას გადაუხდელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მიზნით;
2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე შპს „ე-ის“ იურისტის თანამდებობაზე მუშაობისას გადაუხდელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მიზნით;
3. შპს „ე-ას“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 312 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მ. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს „ე-ას“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 20 აგვისტოდან ყოველდღიურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით დაკისრებული 800 ლარის ანაზღაურებამდე, 0.56 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს როგორც ძირითად, ისე დამატებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ე-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ე-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის საფუძველი:
აპელანტმა დანიშნულ ვადაში შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, მან 2012 წლის 21 დეკემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 448 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით. ამდენად, შესაბამის ანგარიშზე ბაჟის გადახდა მოხდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არ მომხდარა ხსენებული ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, რეალურად ხარვეზი გამოსწორებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაშია გადახდილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში: ა. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 448 ლარის ოდენობით; ბ. წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში. ამავდროულად, აპელანტს განემარტა მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის პროცესუალური შედეგი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა (ს.ფ. 220-222).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი დგება, ამიტომ სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება, ხოლო, მხარე ვალდებულია დროულად შეასრულოს მისთვის დავალებული ყველა მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი პროცესუალური შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, აპელანტ შპს „ე-ას“ ამომწურავად განესაზღვრა მის მიერ შესასრულებელი საპროცესო მოქმედებები: ა. 10 დღის ვადაში 448 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა; ბ. ამავე ვადაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით, მართალია, დგინდება, რომ შპს „ე-ამ“ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 231), მაგრამ ასევე დგინდება, რომ აპელანტს გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ დროში არ ჩაუბარებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დაკისრებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე