Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-250-240-2013 1 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“ წევრი გ. ნ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“, მის წევრ გ. ნ-ას, შპს „ო-სა“ და ს. მ-ის მიმართ შპს „ო-სა“ და ს. მ-ისათვის 2011 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 7058226,83 ლარისა და სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი დავალიანების – 6796299,16 ლარის წლიური 16%-ის გადახდის, ასევე 2012 წლის 2 მარტის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე – 940732,56 ლარისა და სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი დავალიანების – 921504 ლარის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელემ მოითხოვა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ამხანაგობა „ე-ის“ კუთვნილი ქ.ბათუმში, მ-ის ქ.№37-ში მდებარე 633 კვ.მ უძრავი ქონების რეალიზაცია.

მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „ო-თან“ გააფორმა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები, ხოლო ს. მ-თან კი, დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 14 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ე-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს სადავო სესხის მოპასუხისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გ. ნ-ამ კი მიუთითა, რომ ამხანაგობა „ე-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით უკანონოდ დაიტვირთა, მისი, როგორც ამხანაგობის წევრის თანხმობის გარეშე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გ. ნ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა ხარვეზით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 30 დღით იმ მიზეზით, რომ არის ავსტრალიის მოქალაქე, ავსტრალიაში საბანკო ანგარიშიდან თანხის მოხსნა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს თანხის გადახდას.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს თავისივე შუამდგომლობის საფუძველზე განესაზღვრა 30 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2013 წლის 16 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება ან გადავადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე, 374-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც გამორიცხავს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან განაწილვადების თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“ წევრმა გ. ნ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სს „ს. ბ-მა“ შპს „ო-სათვის“ საკრედიტო თანხის გადაცემის ფაქტი სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა. ს. მ-ის განმარტებით, სადავო თანხა გაიტანა მესამე პირმა, რომელიც ამჟამად წასულია საქართველოდან.

სადავო საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან გ. ნ-ას მიერ „ე-ის“ თავმჯდომარისათვის გაცემულ მინდობილობას ვადა 2009 წელს გაუვიდა, გარიგება კი 2011 წელს დაიდო. შესაბამისად, დაირღვა გ. ნ-ას მესაკუთრის უფლება, რადგან ბანკიდან თანხის გამოტანის თაობაზე მისი წერილობითი თანხმობა არ არსებობს.

გ. ნ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი დროებით უმუშევარია, ამასთან, იგი დავობს მხოლოდ 633 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილთან დაკავშირებით.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტს შეეზღუდა სასამართლო წესით თავისი ინტერესების დაცვის უფლება, რაც მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

სასამართლომ მხარეს დაავალა სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გ.ნ-ა დაზარალებულია და აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა. ამისათვის მხარემ იშუამდგომლა თანხის გადახდის განაწილვადებისა და გარკვეული ვადის მიცემის შესახებ, რისი აუცილებლობაც დაასაბუთა შუამდგომლობაში.

აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილდა მისი მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“ წევრ გ. ნ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ გ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იმსჯელა გ. ნ-ას სააპელაციო საჩივარში წარდგენილ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 30 დღის ვადის მიცემის შესახებ და გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ იგი ავსტრალიის მოქალაქეა, ავსტრალიაში საბანკო ანგარიშიდან თანხის მოხსნა კი დაკავშირებულია გარკვეულ დროსა და სირთულეებთან.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განუსაზღვრა 30-დღიანი ვადა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ დ. გ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 160), რომელიც აღჭურვილი იყო მხარის სახელით შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილებით (ტომი 2, ს.ფ. 8).

2013 წლის 16 იანვარს გ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, სადაც დაადასტურა ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების ფაქტი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განაწილვადება, რადგან, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებდა თანხის შეტანას (ტომი 2, ს.ფ. 161).

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას გ. ნ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გ. ნ-ასათვის ხარვეზის დადგენისას და მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დაკისრებისას უპირობოდ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა და სრულიად საკმარისი ვადა (30 დღე) განუსაზღვრა ამ ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად. მიუხედავად ამისა, გ. ნ-ას ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება მოსაზრებას, რომ სასამართლოს გ. ნ-ასათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა ან განეწილვადებინა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს შეეზღუდა თავისი უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ უმუშევარია, მოცემულ საქმეში დაზარალებულია და მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში იმყოფება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის ზემოხსენებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ გ. ნ-ას სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.

აქვე აღსანიშნავია, რომ გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებასთან დაკავშირებით, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასეთის შესაძლებლობას საერთოდ აღარ ითვალისწინებს.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ გ. ნ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მხარეს შეეზღუდა საკუთარი კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის იმ ნაწილზე, სადაც მხარე აპელირებს დავის არსებით, მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებზე, რადგან მათი განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“ წევრ გ. ნ-ას უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ე-ის“ წევრ გ. ნ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე