Facebook Twitter

№ას-277-264-2013 7 მაისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ.-ყ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ყ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ზ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) „ლ. 2007-ის“ შესახებ 2007 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების მოშლილად აღიარების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 4 ივლისს ნ. ბ-ყ-სა და ფ. გ-ს შორის გაფორმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) „ლ. 2007-ის“ შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნ. ბ.-ყ-ის კუთვნილი 578 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ამხანაგობას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ბ.-ყ-ი არის მესაკუთრე, ფ. გ-ი - ინვესტორი, რომელიც საკუთარი ან მოზიდული სახსრებით უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის აშენებას. ფ. გ-ის უფლებამონაცვლეა ა. ზ-ი. ხელშეკრულების მე-17 მუხლის თანხმად, შესატანის უკან დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მიზანი არ იქნა მიღწეული. ხოლო 43-ე მუხლის მიხედვით, ამხანაგობის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულების მოშლა. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყება. 2011 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს ვალდებულების შესრულებისათვის სპეციალური ვადა განუსაზღვრა. მოპასუხეს კი, მშენებლობა დღემდე არ დაუწყია.

მოსარჩელის მითითებით, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე. იმისათვის, რომ ნაკვეთი კვლავ ნ. ბ-ის სახელზე აღირიცხოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლიდან გამომდინარე, აუცილებლია, სასამართლოს გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც დაადასტურებს უფლების დამდგენი დოკუმენტის (ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების) ძალადაკარგულობას. სწორედ აღნიშნული გარემოებაა აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ს ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენასთან ერთად, დაევალა აღიარებითი სარჩელის აღძვრის კონკრეტული იურიდიული ინტერესის მითითება, ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ თუ შესაძლებელია მოსარჩელის ინტერესების დაცვა მიკუთვნებითი სარჩელით, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია.

განჩინების საპასუხოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას სურს საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის ძალადაკარგულად ცნობა, რომლითაც მიწის ნაკვეთი ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობა „ლ. 2007-ის“ სახელზე აღირიცხა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მოშლა არ იქნება აღიარებული და დადასტურებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნ. ბ-ი საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას ვერ მიაღწევს. რაც შეეხება მიკუთვნებით სარჩელს, ამ შემთხვევაში საუბარია განკარგვის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებაზე, კუთვნილების პრობლემა კი, საერთოდ არ დგას, შესაბამისად, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შეუძლებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოშლილად იქნა აღიარებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) „ლ. 2007-ის“ შესახებ 2007 წლის 4 ივლისის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ.-ყ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეებს ახალი ვალდებულება წარმოეშობათ: მათ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის) ძალით ხორციელდება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის გაუქმება. თავისი სამართლებრივი ბუნებით იგი მიღებასავალდებულო ცალმხრივი გარიგებაა, ე.ი. მისი სამართლებრივი ძალისათვის საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა, თუმცა, საჭიროა, რომ ხელშეკრულებიდან გამსვლელი ხელშეკრულების მხარის გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს. ხელშეკრულებიდან გასვლა (ხელშეკრულებაზე უარი) არის ე.წ. სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის უფლება, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებიდან გამსვლელ მხარეს შეუძლია დამოუკიდებლად, სხვა პირის მონაწილეობისა თუ თანხმობის გარეშე, მოახდინოს ზემოქმედება ხელშეკრულებით არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე; ამრიგად, ხელშეკრულებიდან გასვლა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცალმხრივი აქტია (ნების გამოვლენა), რომელსაც სამართლებრივი შედეგი მოყვება და მას სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურება არ ესაჭიროება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესია საჯარო რეესტრში არსებული იმ ჩანაწერის ძალადაკარგულად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ამხანაგობა „ლ. 2007“ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოშლილ იქნა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით.

პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩებოდა უცვლელად და იგი შევიდოდა კანონიერ ძალაში, მოსარჩელე იმ სამართლებრივ შედეგს ვერ მიაღწევდა რის გამოც სარჩელი იყო აღძრული. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ აღსრულება პირდაპირ, ყოველგვარი დამატებითი განმარტების და ინტერპრეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუკი სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, ზუსტად იმეორებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) 2007 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, შესაბამისად, საჯარო რეესტრი გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკვეთს ნ. ბ-ის სახელზე არ აღრიცხავს, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილში ამგვარი მითითება არ იქნება. ამ შედეგის მისაღწევად, მოსარჩელეს ვინდიკაციური სარჩელი უნდა აღეძრა.

სააპელაციო სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ბ-ს წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ იურიდიული ინტერესის არსებობა დაუკავშირა საჯარო რეესტრში არსებულ იმ ჩანაწერის ძალადაკარგულად ცნობას, რომლის მიხედვითაც, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ამხანაგობა „ლ. 2007“. ასეთი დასკვნა სწორია, თუმცა არ არის ზუსტი. ხელშეკრულების მოშლის მიმართ, გარდა ზემოაღნიშნული შედეგის მიღწევისა, ის ინტერესიც არსებობს, რომ დადასტურებულიყო სადავო უფლება მისი უდავოდ გარდაქმნის გზით და სამართლებრივ ურთიერთობებში შეტანილი ყოფილიყო განსაზღვრულობა. სასამართლომ ხელშეკრულების მოშლასთან მიმართებაში მხარის იურიდიული ინტერესი მთლიანად დაუკავშირა ქონების რესტიტუციას, რაც მცდარი შეხედულებაა. იურიდიულ ინტერესს განაპირობებს არა მხოლოდ ქონების მიღება, არამედ ყველაფერი ის, რაც სამართლებრივი შედეგის მომტანია მხარისთვის. მხარის იურიდიული ინტერესი ყოველთვის არსებობს, როდესაც დავა შეეხება მის სადავოდ გამხდარ უფლებას ან იმ სადავო სამართალურთიერთობის დადასტურებას, რომელშიც ის მონაწილეობს. შეხედულება, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურების მიმართ მხარეს იურიდიული ინტერესი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ამის შედეგად ქონებას მიიღებს - არასწორია. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე თვლის, რომ ხელშეკრულება მოშლილია, ა. ზ-ი კი - არა.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოშლილი ხელშეკრულება წყვეტს არსებობას. იგი ძალადაკარგულია. ამდენად, სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მოშლის დადასტურება და გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის სამსახურისათვის წარდგენა გამოიწვევს იმ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომლითაც უძრავი ქონება ამხანაგობის სახელზეა აღრიცხული. ხელშეკრულების მოლა და რესტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე განსხვავებულ შედეგებს წარმოშობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნ. ბ-ს არ გააჩნდა აღირებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელის შეტანისას მხარემ უნდა მიუთითოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, ხოლო 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს განსახილველად, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აღიარებით სარჩელზე იურიდიული ინტერესის მიუთითებლობა ან არარსებობა სარჩელზე ხარვეზის დადგენის საფუძველი კი არ არის, არამედ მის მიღებაზე უარის თქმას იწვევს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი; ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. სარჩელის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის ფორმაში შესაბამისი გრაფა შევსებული იყოს, არამედ მხარის მიერ მითითებული ინტერესის ნამდვილობაც. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს წარმოადგენს შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავლაში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ დავის სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი. (იხ. სუსგ №ას-1790-1767-2011, №ას-150-143-2013).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სასამართლო წესით ხელშეკრულების მოშლილად აღიარებას მოითხოვდა, ხოლო ამგვარი აღიარების ინტერესად იმ გარემოებას მიუთითებდა, რომ სურდა, საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე არსებული ჩანაწერის გაუქმება და ქონების კვლავ ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა. სხვა კონკრეტული იურიდული ინტერესი მხარეს არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი არ არის ნამდვილი, ანუ ხელშეკრულების მოშლილად აღიარებით ის შედეგი ვერ დადგება, რასაც მხარე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ხელშეკრულების მოშლას სასამართლოს მიერ დადასტურება არ სჭირდება.

ხელშეკრულების მოშლა არის გრძელვადიანი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ფორმა, რომლის წინაპირობები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით. თავისი არსით, ხელშეკრულების მოშლა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შემდეგადაც, იგი იურიდიულ ძალას იძენს, დამატებით სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ დადასტურება კი, საჭირო არ არის. ხელშეკრულების მოშლილად აღიარება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ამგვარი აღიარება კანონის საფუძველზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად ესაჭიროება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ი ხელშეკრულების მოშლილად აღიარების გზით მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე აღრიცხვას ვერ მოახერხებს.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლზე და ამტკიცებს, რომ რეესტრში ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, გაუქმდება ამხანაგობის სახელზე არსებული რეგისტრაცია, ნაკვეთის მესაკუთრედ კი, კვლავ მოსარჩელე აღირიცხება.

საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თუნდაც გაუქმდეს ამხანაგობის სახელზე არსებული რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, უძრავი ქონება კვლავ ნ. ბ-ის სახელზე რომ დაარეგისტრიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შეუძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, არამედ აუცილებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, რის შესახებაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს ხარვეზის განჩინებაში მიუთითა. მოსარჩელემ კი, განცხადებაში იურიდიულ ინტერესად იგივე გარემოებები მიუთითა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და დააკმაყოფილა, რითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე და 180-ე მუხლები დაარღვია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულების ფარგლებში ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე შეუძლიათ. ნ. ბ-ს სარჩელი სწორედ ამგვარი მოთხოვნით უნდა აღეძრა, რაც მან არ შეასრულა, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ.-ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე