№ას-284-270-2013 20 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ე (წარმომადგენელი მ. ა-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი მოპასუხე თ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1132 ლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 1500 ლარის გადახდა. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების დასახელებულ ნაწილში გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ემ (წარმომადგენელი მ. ა-ი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ეს დღე წარმოადგენს ათვლის წერტილს და იგი მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც, თუკი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ეს დღე სათვალავში არ უნდა შევიდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, თ. გ-ის მიმართ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 19 იანვრიდან და ვინაიდან ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა უქმე დღეს, მხარემ საჩივარი წარადგინა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხე (აპელანტი) თ. გ-ე და მისი წარმომადგენელი მ. ა-ი (ს.ფ. 55-59). ასეთ შემთხვევაში მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 18 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მ. ა-მა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2013 წლის 31 იანვარს (ს.ფ. 74), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 18 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 31 იანვარს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 4 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 75-83). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კერძო საჩივრის ავტორისეულ განმარტებას, რადგან ამ ნორმის დისპოზიცია სრულიად გარკვევით მიუთითებს გასაჩივრების მსურველი მხარის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულებაზე – გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა. ამასთან, მოცემული მუხლით ასევე მკაფიოდაა დადგენილი მხარის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი – ასეთ დროს გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რაც კანონის იმპერატიული დანაწესია და მისი სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, ანუ გასაჩივრების ვადის 19 იანვრიდან დაწყების შემთხვევაში, 14 დღიანი ვადა იწურებოდა 2013 წლის 1-ელ თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი და არა უქმე დღე, როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ შემთხვევაშიც განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე