Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-311-296-2013 13 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ლ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ-ის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის სახით 10 000-10 000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით:

მხარეები არიან მეზობლები და სისტემატურად აქვთ უსიამოვნება. მოპასუხემ შეადგინა ყალბი საბუთები, რათა მოსარჩელე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინა. აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობისას ა. ლ-ას მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურება ნ. ფ-ს უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ნ. ფ-ის კავშირი მის საავადმყოფოში მოთავსებასთან ვერ დაასაბუთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 8 თებერვალს ა. ლ-ამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელისათვის გასაგებ რუსულ ენაზე ნათარგმნი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ა. ლ-ას ხუთჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე ქ.თბილისში, წ-ის გამზირ №12-ის №12 ბინაში. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების პირველ სამ ბარათზე ჩაუბარებლობის მიზეზად ფოსტის მუშაკის მიერ მითითებულია, რომ დატოვა შეტყობინება, მაგრამ არავინ გამოეხმაურა, ხოლო მეოთხედ და მეხუთედ ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ადრესატის მიერ მისამართის შეცვლა და რუსეთში წასვლა. ის გარემოება, რომ საქმის წარმოების დროს ა. ლ-ამ შეიცვალა მისამართი და გაემგზავრა რუსეთში, დასტურდება ამ უკანასკნელის 2013 წლის 15 იანვრის განცხადებითაც.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ა. ლ-ას მისამართის შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2008 წლის 4 სექტემბერს ანუ იმ დღეს, როდესაც კურიერმა ჩაუბარებლობის მიზეზად მიუთითა მოსარჩელის რუსეთში გამგზავრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის დაცვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე, 63-ე მუხლების, ასევე 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2008 წლის 5 სექტემბერს და დამთავრდა 2008 წლის 18 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი კი ა. ლ-ამ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 8 თებერვალს.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, რაც შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, მხარემ ამ უფლების რეალიზება მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ა. ლ-ამ აღნიშნული უფლების რეალიზება კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ლ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

ა. ლ-ა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგან, დის ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო რუსეთში. მისი და მალევე გარდაიცვალა, რაც საჭიროებდა დაკრძალვის პროცედურის მოგვარებასა და სამკვიდროს მიღების საკითხების გადაწყვეტას. აღნიშნულს დაერთო თავად მოსარჩელის ავადმყოფობა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, რის გამოც მხარემ 2013 წლის დასაწყისამდე ვერ მოახერხა საქართველოში დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ლ-ამ ჩაიბარა 2013 წლის 30 იანვარს, რის შემდეგაც სააპელაციო საჩივარი შეიტანა ამავე წლის 8 თებერვალს, კანონით დადგენილ ვადაში.

სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და არ უნდა მიეჩნია, რომ მხარემ მისამართი შეიცვალა. მოსარჩელეს ფაქტობრივად მისამართი არ შეუცვლია, იგი დროებითი აუცილებლობის გამო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო საქართველოდან.

სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, მოსარჩელეს სახაზინო წესით ადვოკატი არ დაენიშნა, რის გამოც დარჩა დაცვის გარეშე და მოკლებულ იქნა შესაძლებლობას, სცოდნოდა კანონი და შეესრულებინა მისი დანაწესი.

კერძო საჩივარს ერთვის მტკიცებულებები ა. ლ-ასა და მისი დის ავადმყოფობის, მოსარჩელის საემიგრაციო სამსახურში აღრიცხვის, მისი დის დაკრძალვისა და სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის დროულად საქართველოში დაბრუნების შეუძლებლობას. ამდენად, მითითებული უნდა ჩაითვალოს ფორსმაჟორულ გარემოებად და არა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალა 2008 წლის 4 სექტემბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც კურიერმა ხსენებული გადაწყვეტილების რუსულ ენაზე ნათარგმნი ასლის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზად მიუთითა მოსარჩელის რუსეთში გამგზავრება (ს.ფ. 209).

სააპელაციო პალატამ დაადგინა და ა. ლ-ას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2013 წლის 8 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას და ამ ვადის გამოთვლის წესს. აღნიშნული წესის ზედმიწევნით დაცვა მნიშვნელოვანია, რათა აპელანტს არ შეელახოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სწორად განისაზღვროს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენის დაწყების მომენტი. ამასთან, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვადის იმპერატიულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება გამოიწვია საპატიო, ობიექტურმა ფაქტორებმა თუ მხარის დაუდევრობამ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ ა. ლ-ას მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი არასწორად გამოიყენა. მითითებული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

ამდენად, 76-ე მუხლის დანაწესი ითვალისწინებს მოდავე მხარისა და მისი წარმომადგენლის ვალდებულებას, მათი მონაწილეობით დავის მიმდინარეობისას შეატყობინონ სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ. მოცემული ნორმის მიზნებისთვის, იგულისხმება ის მისამართი, რომელიც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიუთითა სარჩელსა თუ შესაგებელში და რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო უწყების ჩაბარებისას. ფიზიკური პირის შემთხვევაში, მისამართის შეცვლად უნდა განვიხილოთ ისეთი გარემოებები, როდესაც პირმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და ა.შ. მისამართის შეცვლად არ უნდა მივიჩნიოთ ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, სამსახურებრივი მივლინება და ა.შ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ ა. ლ-ა ქ.თბილისში, წ-ის გამზირ №12-ში მდებარე №12 ბინიდან საცხოვრებლად გადავიდა სხვა ადგილას. პირიქით, თავად მხარის განმარტებითა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დგინდება, რომ ა.ლ-ა მხოლოდ დროებით გაემგზავრა რუსეთში. შემდგომ კი კვლავ დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შემადგენლობა.

მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორად გამოყენებისა, საკასაციო პალატის შეფასებით, კერძო საჩივრის არგუმენტები უსაფუძვლოა, რაც მდგომარეობს შემდეგში:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ა. ლ-ასათვის სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლი ითვალისწინებდა სასამართლო უწყების ჩაბარების შემდეგ წესს: სასამართლო უწყება ადრესატს უნდა ჩაბარებოდა მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით (71-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდებოდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა (71-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მნიშვნელოვანია იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის დებულება _ „თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.“. ამდენად, საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილებისა და 73-ე მუხლის 11 ნაწილის ურთიერთმიმართებაში განმარტების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადრესატითვის უწყების ორჯერ უშედეგოდ გაგზავნის შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო მხარის მიმართ შესაბამისი საპროცესო შედეგი დაედგინა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ა. ლ-ას მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ხუთჯერ (ს.ფ. 206-210), თუმცა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა მისთვის გზავნილის ჩაბარება. ამასთან, ფოსტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეორე ვიზიტი ა. ლ-ას მისამართზე ფიქსირდება 2008 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 207). მართალია პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო შეზღუდული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის ფარგლებში გზავნილი ადრესატისათვის გაეგზავნა ორზე მეტჯერ, თუმცა, ბოლო (მეხუთე) ვიზიტისას შედგენილი აქტიც (შედგენილია 2008 წლის 21 ნოემბერს) რომ მივიჩნიოთ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დასაწყისად, აშკარად დარღვეულია მხარის მიერ გასაჩივრების ვადა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს იმის შესახებ, რომ არსებობდა საპროცესო ვადის დარღვევის საპატიო, ფორსმაჟორული გარემოება, რადგან სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის ან გაგრძელების შესაძლებლობას თუნდაც რაიმე ობიექტური მიზეზის არსებობის დადასტურებისას კანონი არ უშვებს.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, თითქოს სასამართლომ იგი არ უზრუნველყო სახაზინო ადვოკატით, რა შემთხვევაშიც გარანტირებული იქნებოდა გასაჩივრების ვადის დაცვა. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა ა. ლ-ას შუამდგომლობა და მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა, იმ მიზეზით, რომ სასამართლოს დადგენილება არ იქნა აღსრულებული, იმავე სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე და სურვილი გამოთქვა თავად დაეცვა საკუთარი უფლებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება კანონიერია მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო მის დასაბუთებას სრულად არ დაეთანხმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე