Facebook Twitter

ბს-590-176(კ-05) 8 ივნისი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 30 დეკემბერს თ. კ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მამის _ ა. კ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, მამამისი _ ა. კ-ე ... წელს ონის რაიონის სოფ. ... დაიბადა. იგი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. 1945წ. 18 აგვისტოს ¹9871 დადგენილების საფუძველზე, 1946წ. აგვისტომდე გადიოდა სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმებას ქალაქ ქუთაისში, რომლის დროსაც ასრულებდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კერესელიძის განცხადება დაკმაყოფილდა. ა. კ-ე, დაბადებული .. წელს, აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმება კანონით გათვალისწინებულ რეპრესიის ფორმას არ წარმოადგენდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ე, დაბადებული .. წელს ონის რაიონის სოფ. ..., გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში. 1945წ. 18 აგვისტოს ¹9871-ს დადგენილების საფუძველზე, 1946წ. აგვისტომდე გადიოდა სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმებას ქუთაისში, რომლის დროსაც ასრულებდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოს.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, აგრეთვე კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით. სასამართლო ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც დაკავშირებული იყო დანაშულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით დასტურდებოდა, რომ ა. კ-ე ქალაქ ქუთაისში, ლიტოფონის ქარხანაში გადიოდა სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმებას, რომლის დროსაც ასრულებდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შრომაში იძულებით ჩაბმა იძულების ფორმას წარმოადგენდა, რაც მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფონდმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის პირობები პოლიტრეპრესირებულთათვის შეზღუდულია მათ მიმართ გამოყენებული რეპრესიის ფორმის მიხედვით. პენსია ენიშნებათ მხოლოდ იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან სპეციალურ დასახლებაში. სხვა ფორმების გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მიუხედავად, აღნიშნული კანონი მათთვის პენსიის დანიშვნას არ ითვალისწინებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ა. კ-ე, დაბადებული ..... წელს ონის რაიონის სოფ. ...., გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში. 1945წ. 18 აგვისტოს ¹9871-ს დადგენილების საფუძველზე, 1946წ. აგვისტომდე გადიოდა სახელმწიფო საფილტრაციო შემოწმებას ქუთაისში, რომლის დროსაც ასრულებდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიხმო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, აგრეთვე კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით. სასამართლო ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც დაკავშირებული იყო დანაშულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით დასტურდებოდა, რომ ა. კ-ე ქალაქ ქუთაისში, ლიტოფონის ქარხანაში გადიოდა სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმებას, რომლის დროსაც ასრულებდა სხვადასხვა იძულებით სამუშაოს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შრომაში იძულებით ჩაბმა იძულების ფორმას წარმოადგენს, რაც მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.