Facebook Twitter

№ას-319-304-2013 10 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ნ. ნ-სა და ბ. გ-ეს შორის 2011 წლის 2 აგვისტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და ამ ქორწინების შესახებ სააქტო ჩანაწერი გაუქმდა;

2. ბ. გ-ეს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული მ. გ-ის სარჩენად, ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2012 წლის 7 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის 50 ლარით განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 360 (30x12=360) ლარს, რადგან აპელანტი ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაკისრებული თანხიდან – 80 ლარიდან სადავოდ ხდიდა 30 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, ამიტომ არსებობდა ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, შემდეგი საფუძვლით:

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი იმ მიზეზით იქნა შედგენილი, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ არ შეისწავლა აპელანტის მიერ წარდგენილი ცნობები. მათი მეშვეობით ირკვევა, რომ აპელანტი არის უმუშევარი, სტიქიისგან 100%-ით დაზარალებული, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია. სასამართლომ ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მოპასუხე არსად მუშაობს, თუმცა არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პირი, აქვს საკარმიდამო ნაკვეთი და ეწევა სოფლის მეურნეობას, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა სასამართლოში წარადგინა ცნობა, რომ 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის შედეგად მას მიენიჭა პირველი კატეგორია;

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, რატომ არის სახელმწიფოსათვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის 30 ლარის მიცემა კანონიერი, ხოლო, მის მიერ გასაჩივრებული 30 ლარი კი, მიუღებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მხოლოდ ერთ პირობას - მის ღირებულებას. სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა (სარჩელის საგანი), გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და სააპელაციო საჩივრით. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

მოსარჩელე მოითხოვდა: ა) მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტას; ბ) მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას თვეში 250 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 4);

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა) შეწყდა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინება; ბ) მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2012 წლის 7 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (ტომი 1, ს.ფ. 57-65).

მოპასუხე სააპელაციო საჩივრით მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის ალიმენტის დაკისრებას 50 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 68).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 360 ლარს (30 X 12). ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე და 374-ე მუხლებით და სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

კერძო საჩივრის დასაბუთება ძირითადად იმას ეფუძნება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განისაზღვრა ალიმენტის ოდენობა. მითითებული საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.

არასწორია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე აპელირება (რომელიც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას), ვინაიდან კანონი აწესებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კანონით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე