Facebook Twitter

საქმე №ას-320-305-2013 1 მაისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ. ცემენტ ჯორჯია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ. ც. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ოს“ მიმართ და მოითხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 99 672 ლარის დაკისრება, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ.ო-ის ქუჩა №9-ში მდებარე 14-სართულიან მშენებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული დანიშნულების 80.10 კვ.მ-ს, 80.10 კვ.მ-სა და 70.00 კვ.მ-ს (საკადასტრო კოდი №...; №...; №...) აუქციონზე რეალიზაცია შემდეგი საფუძვლით:

2009 წლის 20 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია – ცემენტი, მოპასუხე კი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება.

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთები.

მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისმა დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 99672 ლარი, რის თაობაზეც 2012 წლის 15 თებერვალს მხარეებმა შეადგინეს ანგარიშების ურთიერთშედარების შესახებ აქტი, რომლითაც მოპასუხემ სადავო ვალდებულების არსებობა აღიარა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, 2012 წლის 15 თებერვალს შედგენილი აქტი ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, რადგან მხარეები საამისოდ გათვალისწინებულ ყველა არსებით პირობაზე არ შეთანხმებულან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ოს“ დაეკისრა 99672 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ზემოხსენებული უძრავი ნივთები.

საქალაქო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს-ომ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად, 37500 ლარის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი 62172 ლარის დაკისრების ნაწილში, დაუშვებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საუძველზე პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3986.88 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ს-ოს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 31 იანვარს სასამართლოს მიმართა შპს „ს-ოს“ წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება.

სააპელაციო პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „ს-ოს“ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა: ა) ნათლად და გარკვევით მითითება, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კონკრეტულად რა ნაწილში ითხოვდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩენილი სხვაობის – 2486.88 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.

2013 წლის 18 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ს-ოს“ წარმომადგენელმა, რომელმაც ითხოვა სააპელაციო საჩივრის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად წარმოებაში მიღება, ხოლო გადასახდელად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის კვლავ 5 დღით გაგრძელება.

სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 37500 ლარის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად) დაკისრების ნაწილში გაუქმების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ამავე კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 62172 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმებას თაობაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე შპს „ს-ომ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა აპელანტს, კანონით დადგენილი წესით დაეცვა სასამართლოში საკუთარი კანონიერი უფლებები. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ უმსჯელია მხარის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და ისე განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3986,88 ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

შპს „ს-ომ“ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მოითხოვა გადახდილი თანხის პროპორციულად მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და ხარვეზის სახით დარჩენილი დავალიანების დასაფარად ვადის გაგრძელება.

სააპელაციო პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით საზოგადოებას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად, ხოლო ამავე წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1500 ლარის პროპორციულად – 37500 ლარის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება შპს „ს-ოს“ მოსაზრებას, რომ მის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისას და აღნიშნული ხარვეზის არასრულად შევსების გამო სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისას სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შპს „ს-ოს“ შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს შეეზღუდა თავისი უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.

ამდენად, მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებები ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ შპს „ს-ოს“ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტს ხარვეზი სრული მოცულობით დროულად არ გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ზემოხსენებულ არგუმენტებს, დაუსაბუთებელია მხარის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებულ განჩინებაში საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შპს „ს-ოს“ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით შპს „ს-ომ“ სააპელაციო სასამართლოს მიმართა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანისას, რაზეც 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით გაეცა დასაბუთებული პასუხი (ტომი 2, ს.ფ. 1-3). აღნიშნულის შემდეგ აპელანტს მითითებული შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე აღარ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებულ საკითხზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობის ვალდებულება არ გააჩნდა.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით კი, იკვეთება სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საჭიროება.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, შპს „ს-ოსათვის“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებითა და საქმის სხვა მასალებით მხარის ზემოხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების წანამძღვრების არსებობა სარწმუნოდ არ დასტურდება.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, შპს „ს-ოსათვის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მხარის კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლების შეზღუდვის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივრის სადავო ნაწილი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე