Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-415-393-2013 1 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. და ლ. ს-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზურაბ ს-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტისა და 4 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზურაბ ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ., ნ. და ლ. ს-ების მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ……. 1/4 წილზე, პრივატიზაციის შედეგად დამატებით ამავე ბინის 1/4-ის 1/4 წილზე მესაკუთრედ ცნობა, გასხვისებული სამკვიდროდან შესაბამისი კომპენსაციის – 575 აშშ დოლარის ნ. ს-ასათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე ზურაბ ს-ა არის მოპასუხეების – ქ. ს-ასა და ლ. ს-ას ძმა, მოპასუხე ნ. ს-ა არის მოსარჩელის დედა, ხოლო აწ გარდაცვლილი მამია ს-ა იყო მოსარჩელის მამა.

2012 წლის აგვისტოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე იგი მოიხსნა საცხოვრებელი სადგომის რეგისტრაციიდან. მოპასუხეებმა შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა, დაეტოვებინა მამის დანაშთი ქონება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 1997 წლის 31 იანვრიდან დღემდე სადავო ქონება იმყოფება ქ. ს-ას საკუთრებაში, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. ზურაბ ს-ას კი აღნიშნული ქონებიდან არაფერი არ ეკუთვნის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ზურაბ ს-ას სარჩელი ქ. და ნ. ს-ების მიმართ დაკმაყოფილდა, ზურაბ ს-ა ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ……. ბინის (საკადასტრო კოდი - …….) 5/16 წილის მესაკუთრედ, ხოლო 11/16 წილი დარჩა ქ. ს-ას საკუთრებაში, ნ. ს-ას დაეკისრა ზურაბ ს-ას სასარგებლოდ ზიანის – 575 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო ზურაბ ს-ას სარჩელი მოპასუხე ლ. ს-ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ნ. და ქ. ს-ბმა, ისე ლ. ს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. და ქ. ს-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ კანონის მოთხოვნა სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის შესახებ იმპერატიულ. და გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა აპელანტ ქ. ს-ას და მანვე ჩაიბარა გადაწყვეტილება დედის – ნ. ს-ასათვის გადასაცემად 2013 წლის 28 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება აპელანტებს ჩაბარდა 2013 წლის 28 თებერვალს, ე.ი იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება ჩაბარდა ქ. ს-ას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 1 მარტიდან და ამოიწურა 2013 წლის 14 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტებს გააჩნდათ 2013 წლის 14 მარტის ჩათვლით.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2013 წლის 15 მარტს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელ..

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა აპელანტ ქ. ს-ას და მანვე ჩაიბარა გადაწყვეტილება დის – ლ. ს-ასათვის გადასაცემად 2013 წლის 28 თებერვალს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. და ლ. ს-ები მოცემულ დავაში წარმოადგენენ მოპასუხე მხარეებს და ერთ მისამართზე მცხოვრებ ერთი ოჯახის წევრებს (დებს). ამდენად, სასამართლომ ლ. ს-ასათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩათვალა 2013 წლის 28 თებერვალს, როცა გადაწყვეტილება ჩაბარდა მის დას – ქ. ს-ას. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა სასამართლომ დაიწყო 2013 წლის 1 მარტიდან და აღნიშნული ვადა ამოწურულად ჩათვალა 2013 წლის 14 მარტს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა აპელანტს გააჩნდა 2013 წლის 14 მარტის ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი ლ. ს-მ შეიტანა 2013 წლის 2 აპრილს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებაზე ნ. ს-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მისი გაუქმება შედმეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად აითვალა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ს-ას ქ. ს-ასაგან რეალურად გადაეცა 2013 წლის 1 მარტს. ნ. ს-ას ქ. ს-ასათვის საკუთარი სახელით სასამართლოში მისვლისა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, შესაბამისად, ამ უკანასკნელს კერძო საჩივრის ავტორის ნაცვლად სადავო საპროცესო მოქმედების განხორციელების კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა.

სააპელაციო პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-მაც, რომელმაც ასევე მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით:

ლ. ს-ას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არც პირადად და არც სასამართლოს მიერ მის მისამართზე გაგზავნის გზით არ ჩაბარებია. რაც შეეხება ქ. ს-ას მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, იგი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არ არის და მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება სასამართლომ მხარისათვისაც ჩაბარებად არასწორად ჩათვალა. ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ლ. ს-ების კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. და ლ. ს-ების სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებებით დადგენილია, რომ ნ. და ლ. ს-ების სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქ. ს-ას მიერ დედის _ ნ. ს-ასათვის და დის _ ლ. ს-ასათვის გადასაცემად ჩაბარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ადრესატებისათვის (ნ. და ლ. ს-ები) ჩაბარებულად ჩათვალა იმ მომენტიდან, როდესაც იგი ჩაიბარა გზავნილის მიტანაზე პასუხისმგებელმა პირმა, ქ. ს-მ.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებს სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებართა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი შეიცავს რამოდენიმე რეგულაციას, კერძოდ, განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას, გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილს, ადგენს ათვლის წერტილის ვარიაციათა ამომწურავ ჩამონათვალს. მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლომ არ დაუშვას შეცდომა გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილთან მიმართებაში, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

ნ. ს-ასთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ.I, ს.ფ.164-168). ნ. ს-ა არ წარმოადგენდა იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს თავად უნდა უზრუნველეყო სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით (2591 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი). შესაბამისად, ნ. ს-ას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ეკისრებოდა ვალდებულება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ლ. ს-ასთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, იგი ასევე არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები, ტ.I, ს.ფ.164-168, 171). შესაბამისად, ლ. ს-აზე არ უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, სასამართლოში გამოცხადების გზით ჩაებარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. პირიქით, იმავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება წარმოეშვა სასამართლოს.

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნ. და ლ. ს-ებისთვის გადასაცემი გადაწყვეტილება ჩაიბარა ქ. ს-მ, რომელმაც იკისრა ვალდებულება ადრესატებისათვის გადაეცა სასამართლო გადაწყვეტილება, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმის მიზანია როგორც სასამართლო ხარჯების დაზოგვა, ასევე სამართალწარმოების დაჩქარება. შესაბამისად, თუკი სასამართლო უწყების ჩაბარების ამგვარ გზას მიმართავს, ამა თუ იმ საპროცესო შედეგის დადგომამდე მან უნდა გამოარკვიოს როდის ჩაიბარა უწყება უშუალოდ ადრესატმა, მისმა წარმომადგენელმა ან საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა (70.1 მუხლი) და შეაფასოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთ შემთხვევაში, ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ ფაქტს, თუ როდის იკისრა მხარემ ადრესატითვის უწყების გადაცემის ვალდებულება.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ ქ. ს-ას არ ჰქონდა რწმუნებულება დედის _ ნ. ს-ას და დის _ ლ. ს-ას ნაცვლად ჩაებარებინა სასამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, განსახილველი შემთხვევეისთვის ვერ გამოდგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. რაც შეეხება მითითებული მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებას, საქმეში უნდა გვყავდეს ერთ მხარეზე მონაწილე 10-ზე მეტი პირი, რასაც მოცემულ საქმეზე ადგილი არ აქვს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მითითებული მუხლი არეგულირებს სასამართლო უწყების ჩაბარების წესს იმ მხარისათვის, რომელსაც სასამართლო უწყება ეგზავნება მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა, ადრესატი შესაბამის მისამართზე არ აღმოჩნდა. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნ. და ლ. ს-ებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების შესაგებელში მითითებულ მისამართზე გაგზავნა არც კი უცდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. და ლ. ს-ების სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებისა და 2591 მუხლის გამოყენებით სწორად უნდა დაადგინოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, მითითებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ლ. ს-ების კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტისა და 4 აპრილის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე