საქმე №ას-423-399-2013 23 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. რ-ის განცხადების (კერძო საჩივრის) წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინებაზე, საქმეზე ნ. ვ-ის სარჩელის გამო, ლ. რ-ის მიმართ, თანხის დაბრუნების თაობაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ვ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. რ-ის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. რ-ს მოსარჩელის ნ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებით, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტლების 1, 1.1., 1.2 და 2 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. რ-ს ნ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ვ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებლო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2013 წლის 17 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ლ. რ-ის განცხადება საქმის მასალებთან ერთად. განცხადების თანახმად ლ. რ-მა წარმოადგინა ხელწერილი, რომლითაც აღიარა მოსარჩელესთან არსებული დავალიანების არსებობა, მის მიერ გ. ვ-ის ნაწილობრივ გადახდილი იქნა თანხა და იკისრა დარჩენილი 100 დოლარის გადახდაც. შესაბამისად მხარემ მოითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო სააღსრულებლო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, ან უნდა შეჩერებულიყო მისი აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით წინამდებარე განცხადება შეფასდა, როგორც კერძო საჩივარი, შესაბამისად, დადგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დაზუსტებული კერძო საჩივრის წარდგენა, სადაც გარკვევით მიეთითებოდა გასაჩივრებული განჩინება, მხარის მოთხოვნა, თუ რას მოითხოვდა ის საკასაციო სასამართლოსაგან, აღნიშნული კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა.
ლ. რ-მა სასამართლოს განცხადებით მომართა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით და აღნიშნა, რომ მას სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია უზენაეს სასამართლოში, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ხელწერილი, რომლითაც აღიარებდა დავალიანების არსებობას და მისთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე გადმოაგზავნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მისი განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ლ. რ-ის განცხადება, საქმის მასალები და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ნ. ვ-ის განცხადება სააღსრულებლო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებლო ფურცლის დუბლიკატი. სასამართლოს მიერ მითითებული იქნა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის წარდგენას.
სააპელაციო სასამართლოს მომართვის საფუძველზე ლ. რ-ის განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმებისას, ლ.რ-ის განცხადება შეაფასა კერძო საჩივრად და, უფლების სასამართლოს წესით დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა მისი განცხადების (საჩივრის) კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, კერძოდ, ლ. რ-ს დაევალა: ა)გასაჩივრებული განჩინების დაზუსტება; ბ) დაზუსტებული კერძო საჩივრის წარდგენის გზით მისი მოთხოვნის განსაზღვრა; გ) კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენა; დ) სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით ლ. რ-მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მას სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება არ გაუსაჩივრებია, მანვე აღნიშნა, რომ განცხადება, რომლის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრაც მხარეს საკასაციო პალატის განჩინებით დაევალა, არ წარმოადგენდა ქვემდგომი სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა შემდეგი: მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1 მუხლი).
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ, კანონის ძალით, სამოქალაქო სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარის ნებას, რომლიც თავად განსაზღვრავს რა სასამართლოსათვის მიმართვის, საქმის წარმოების დაწყებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ზემდგომი წესით გასაჩივრების საჭიროებას, სასამართლო შეზღუდულია მხარის ამ ნებით და იხილავს მხოლოდ მასში გადმოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ლეგიტიმურობას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს, ერთი მხრივ, განსახილველად აქვს გადაცემული საპროცესო დოკუმენტი, ხოლო მისი ავტორი წერილობით ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჩივარი და არ არის მიმართული ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლისაკენ, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და განიხილოს განცხადების საფუძვლიანობა. პალატის აღნიშნული განმარტება ცალსახადაა დამყარებული კანონმდებლობით გარანტირებულ უფლების სასამართლო წესით დაცვის პრონციპზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციით აღიარებული ეს დებულება ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში და დაწესებულია ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის ხელმისაწვდომობა, თუმცა, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსსკ 2.1 მუხლი).
ამდენად, ვინაიდან ლ. რ-მა აღნიშნა, რომ საკასაციო პალატისათვის განსახილველად გადაცემული განცხადება არ წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინების თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარს, უფრო მეტიც, ვინაიდან მხარემ დაადასტურა, რომ ამ განჩინების თაობაზე მას საჩივარი რაიმე ფორმით არ წარუდგენია, პალატა თვლის, რომ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს მასზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, 2013 წლის 11 აპრილის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. რ-ის 2013 წლის 11 აპრილის განცხადება დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ბ. ალავიძე