№ას-425-401-2013 14 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. თ-ი, ნ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. ა-ეს მ. თ-ის და ნ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 734 ლარის გადახდა; აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დადგინდა მ. თ-ის და ნ. ქ-ის მფლობელობის შეწყვეტა; ქ. თბილისში, ხ-ის ქ. №6-ში მდებარე ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე (ნაგებობა ლიტ „ა“+„ვ“, 2/6 ნაწილი) და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე - ნ. ა-ეზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-მა და ნ. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით მ. თ-ის და ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. თ-მა და ნ. ქ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ისა და ნ. ქ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. თ-სა და ნ. ქ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.
სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 25 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს ნ. ქ-ეს (მ. თ-ის შვილს), რაც ითვლება გზავნილის ჩაბარებად ასევე მ. თ-ისათვის (სსკ-ის 74.1 მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 26 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 29 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ქ-ემ და მ. თ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ის და მ. თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე