№ას-483-459-2013 10 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ-ი (მოსარჩელე)
არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. ჯ-ის მიმართ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2013 წლის 12 აპრილს მოწინააღმდეგე მხარემ - თ. ჯ-ემ განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით თ. ჯ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნების თაობაზე არ დაკმყოფილდა.
აღნიშნული განჩინება თ. ჯ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვა სხდომის ოქმთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გაზიარებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ. აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სხდომის ოქმთან დაკავშირებით მხარის მიერ წარმოდგენილ შენიშვნების შესახებ მიღებული განჩინების კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ვინაიდან თ. ჯ-ის კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი