№ა-1337-ა-5-2013 10 მაისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - გ. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი. ა-ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილება
დავის საგანი - ფარული ნაკლის აღმოფხვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ფ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი. ა-ოს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა შეძენილი ავტომობილის ფარული ნაკლის აღმოფხვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2012 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ი. ა-ოს“ დაეკისრა გ. ფ-ის მიერ შეძენილი ავტომანქანისთვის „Wolkswagen PassaT CC“, შასის ნომრით ..., გადაცემათა კოლოფის გამოცვლის გზით ფარული ნაკლის აღმოფხვრა.
სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება შპს „ი. ა-ომ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ი. ა-ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2013 წლის 16 აპრილს გ. ფ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა. განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დამოკიდებელ ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორში“ შესაძლებელი იყო სიჩქარეთა კოლოფის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა. 2013 წლის 4 აპრილის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევი ავტომობილის, „Wolkswagen PassaT CC“-ის, შასის ნომრით ..., 7 სიჩქარიანი ე.წ. „DSG“ სიჩქარის კოლოფი ტექნიკურად გაუმართავია. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის განცხადება უსაფუძვლოა.
განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ 2013 წლის 4 აპრილს მან ჩაუტარა ავტომანქანას ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც ტექნიკურ გაუმართაობას ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ფ-ის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება ან გარემოება, რომლის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებობს, მაგრამ მხარეს ობიექტური მიზეზით არ შეუძლია ამ მტკიცებულების წარდგენა ან ახალ გარემოებაზე მითითება: მათი არსებობის შესახებ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ინფორმირებული არ არის. ნებისმიერი წერილობითი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადდა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ახლად აღმოჩენილად ვერ შეფასდება და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 28 იანვარსაა მიღებული, ექსპერტიზის დასკვნა კი, იმავე წლის 4 აპრილსაა მომზადებული, ამდენად, გ. ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ვინაიდან კერძო სამართალი კონკრეტული პირების ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესების დაცვისაკენ მიმართული სამართლის დარგია, თითოეული მხარე თავად უნდა იყოს დაინტერესებული სასამართლოს წესით მისთვის სასურველი შედეგის დადგომით და ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად თავად უნდა უზრუნველყოს მისთვის ხელსაყრელი ყველა შესაძლო მტკიცებულების წარდგენა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება. თუ რომელიმე მხარე მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს სათანადოდ ვერ გასწევს, საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახალი მტკიცებულებების მომზადება ან მოპოვება საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე