№ვ-396-ბ-6-2013 13 მაისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის №ას-508-480-2012 განჩინების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებისა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე კ. ბ-ის სარჩელისა გამო კ. ბ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას.
როგორც განცხადებითა და საქმის მასალებით ირკვევა, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. ბ-ს კ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 3103 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. განმცხადებელი ითხოვს როგორც წალენჯიხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების, ისე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს განჩინებების ბათილად ცნობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება,
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიზანია საქმეზე მირებული არსებითი გადაწყვეტილების გაუქმება. საქმეზე გადაწყვეტილება კი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელია განსჯადი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც თვითონ განიხილავს საკითხს მთლიანად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაგანსჯადი სასამართლოა და, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე კ. ბ-ის განცხადება, აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი უფლებამოსილია, იმავე მოთხოვნით წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს მიმართოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა წალენჯიხის რაიონული სასამართლო;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი