№ ა-1220-შ-26-2013 14 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ვ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი (გადაწყვეტილება)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენით (გადაწყვეტილებით) გაუქმდა 2006 წლის 1 ივლისს ქ.ქუთაისის მმაჩის ბიუროში ლ. ს-სა და ო. ვ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომერი 0072042).
ლ. ს-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი (გადაწყვეტილება) არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე და მოთხოვნის დააზუსტება, კერძოდ, გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვს, თუ აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლ. ს-ეს ჩაბარდა 2013 წლის 2 მაისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ლ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენი (გადაწყვეტილება) არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე და მოთხოვნის დააზუსტება, კერძოდ, გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვს, თუ აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ. ქ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 2 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 3 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 7 მაისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია