საქმე # ა-664-შ-8-2013 13 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. წ-ე
წარმომადგენელი – ლ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. პ-ის
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. ა. პ-მა შვილად სცნო ი. წ-ე, რომელიც დაიბადა ქ.ქუთაისში ... წლის ...აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 30 ივლისს.
ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ამ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. ა. პ-მა შვილად სცნო ი. წ-ე, რომელიც დაიბადა ქ.ქუთაისში ... წლის ... აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 30 ივლისს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (კერძო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი – საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე, ასევე მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა იმ ნაწილში, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მხარე მოითხოვს და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობას არ ერთვის ცნობა იმის თაობაზე, რომ საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული საბერძნეთის ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. ა. პ-მა შვილად სცნო ი. წ-ე, რომელიც დაიბადა ქ.ქუთაისში ... წლის ... აპრილს.
3. ი. წ-ის წარმომადგენელ ლ. ლ-ას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე