Facebook Twitter

№ას-1635-1534-2012 2 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ტ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „რ.ც,ს-ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 1 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ტ. ლ-მა მოპასუხე რ.ც,ს-ოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 100000 ლარის დაკისრება მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2012 წლის 1 ნოემბერს ტ. ლ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ქ.რ.ც,ს-ოს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლის მოთხოვნა ატარებდა ზოგად ხასიათს და მოკლებული იყო კონკრეტიკას. განმცხადებელი არ უთითებდა კონკრეტულად რომელი საბანკო ანგარიშის დაყადაღებას ითხოვდა იგი. აქედან გამომდინარე, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ტ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ტ. ლ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფუს ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია. სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ პერსპექტიულობას, თუმცა თავისთავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას არ აწესებს.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა და ამიტომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინების ასლი ტ. ლ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2012 წლის 18 დეკემბერს (ტომი 2, ს.ფ. 118-119). კანონით დადგენილ ვადაში მას საკასაციო საჩივარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დამდგარი საპროცესო შედეგი თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან იმ სარჩელის იურიდიული ბედი, რომლის უზრუნველყოფასაც განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) მოითხოვს – გადაწყვეტილია, კერძოდ, ტ. ლ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე