№ას-332-316-2013 20 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ჯ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლისა და 20 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ჯ. ჯ-ემ მოპასუხე ე. ზ-ის მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ე. ზ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე – ქუთაისში, გ-ის ქუჩის მე-3 შესახვევის №9-ში მდებარე უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში. განსახილველი განცხადება, მართალია, შეიცავდა მითითებას გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ ამავდროულად არ შეიცავდა მითითებას, ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი შემთხვევის არსებობის თაობაზე. მოცემული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-192-ე მუხლებით.
დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით ჯ. ჯ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ე. ზ-ეს აეკრძალა ქუთაისში, გ-ის ქუჩის მესამე შესახვევის №9-ში მდებარე უძრავი ნივთის გასხვისება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოპასუხის მიმართ შემდეგ პრეტენზიას აცხადებდა: მას მოპასუხისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია; განმცხადებლის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო მოხდა იპოთეკით დატვირთული მისი ქონების რეალიზაცია და მოპასუხის საკუთრებაში გადასვლა; განმცხადებელი აპირებდა სარჩელის აღძვრას როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც სადავო ქონება უკანონოდ გადავიდა ე. ზ-ის საკუთრებაში; მოპასუხე განმცხადებელს ემუქრებოდა ბინის გასხვისებით და იქედან გამოსახლებით; შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ე. ზ-ის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში (რაც ამ უკანასკნელმა უკანონოდ მიისაკუთრა), იგი გადავიდოდა ახალი კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, ჯ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა, რადგან სადავო უძრავი ნივთი აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას შემდეგნაირად ასაბუთებდა: მოპასუხე გაასხვისებდა უძრავ ნივთს, რა შემთხვევაშიც განმცხადებლის (იგივე საჩივრის ავტორის) სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვეღარ აღსრულდებოდა სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან უძრავი ნივთი მოპასუხის საკუთრებაში აღარ იქნებოდა. ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს დაემატა შემდეგი შინაარსის ოთხი პუნქტი:
1. საჩივრის ავტორ ჯ. ჯ-ეს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ე. ზ-ის წინააღმდეგ 2009 წლის 25 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარდგენა;
2. მას ასევე დაევალა სარჩელის აღძვრიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა;
3. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სარჩელის შეუტანლობისა და შესაბამისი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ;
4. მასვე განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგებოდა იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და გადაწყვეტილება შევიდოდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა მეორე მხარისათვის აენაზღაურებინა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიების შედეგად მიყენებული ზარალი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ჯ. ჯ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
2013 წლის 25 თებერვალს ე. ზ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
განცხადების მიხედვით, სასამართლომ ჯ. ჯ-ეს დაავალა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეეტანა სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, აგრეთვე, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ეს პირობა ჯ. ჯ-ეს არ შეუსრულებია. მან სარჩელი წარადგინა მხოლოდ 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. განმცხადებლის მოსაზრებით, მითითებული გარემოება წარმოადგენდა მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინება, რომლითაც ე. ზ-ეს აეკრძალა ქუთაისში, გ-ის ქუჩის მესამე შესახვევის №9-ში მდებარე უძრავი ნივთის გასხვისება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე; ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აძღრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ჯ-ეს ე. ზ-ის წინააღმდეგ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მას სააპელაციო სასამართლოსათვის ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია. ამის გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო მის მიერ 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე. ზ-ეს აეკრძალა ქუთაისში, გ-ის ქუჩის მესამე შესახვევის №9-ში მდებარე უძრავი ნივთის გასხვისება.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 16 იანვრის განჩინებით მას არ განემარტა, რომ ვალდებული იყო „სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეეტანა სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასეთ პირობებში, მისთვის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების კონკრეტულ ვადაში შესრულების მოთხოვნა, არასწორია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 16 იანვრის განჩინების გამოტანის შემდეგ ჯ. ჯ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, რაც წარმოებაში არ იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს – 2013 წლის 5 თებერვალს ჯ. ჯ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც მიღებულია წარმოებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ჯ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ის განცხადებაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის მიხედვით, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სარჩელის მიღების წინაპირობები, ხოლო, თუ სასამართლო უარს იტყვის სარჩელის მიღებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, მაშინ იგი ვალდებულია უარი თქვას ამ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზეც. მაგალითად, თუ მოსარჩელე ითხოვს იმ სარჩელის უზრუნველყოფას, რომლის დავის საგანზეც მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ ეს დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს და ეს იმთავითვე აშკარაა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს ამ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, ვინაიდან თავად ეს სარჩელი ვერ გახდება მისი განხილვის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვამდე, სასამართლო ყოველთვის ამოწმებს, არსებობს თუ არა სარჩელის მიღების წინაპირობები. არსებითად იგივე წესები ვრცელდება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიმართაც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 5000 ევრო 3 თვის ვადით ყოველთვიური 8% სარგებლით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდებოდა მოპალაპარაკების გზით, ხოლო, ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავდა ქ.ქუთაისში განთავსებული საარბიტრაჟო სასამართლო (იხ. ს.ფ. 14-17).
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით (სადავო გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით), პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეთანხმება არბიტრაჟის განსახილველად დავის გადაცემის შესახებ (საარბიტრაჟო შეთანხმება) იდება წერილობით.
მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონი (ამოქმედდა 2010 წლის 1-ლი იანვრიდან). კერძოდ, მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელის და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებულ მხარეთა შეთანხმებას, დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, აქვს იურიდიული ძალა, რომელიც ავალდებულებს შეთანხმების მხარეებს, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია.
დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს სარჩელი იმ დავაზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ხოლო, თუ რომელიმე მხარე მაინც მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მაშინ სასამართლო ვალდებულია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება. სასამართლოს ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე და 272-ე მუხლებიდან, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-9 მუხლიდან, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს, ხოლო, „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება იმ დავაზე შეტანილ სარჩელზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოითხოვს ამ სარჩელის უზრუნველყოფას, მაშინ მისი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ასევე არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად ან უნდა შეწყდეს საქმის წარმოება განცხადებაზე. ამასთან, სასამართლოს ამ საპროცესო მოქმედებების შესრულება შეუძლია თავისი ინიციატივითაც, თუ გამოარკვევს, რომ არსებობს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან საქმის წარმოების შეწყვეტის ზემოხსენებული საფუძველი (პალატის ეს დასკვნები შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება №ას-1022-957-2012-პრივატბანკი).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის მიხედვით, სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება განსახილველად გადაეცა არბიტრაჟს. ამასთან, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის განმარტებებით, ასევე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ოქმით - იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციის შესახებ, ირკვევა, რომ იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2010 წლის 22 აპრილის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ე.ზ-ის საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯ.ჯ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6200 ევროს და 570 ლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ცნობილ იქნა და აღსრულებას დაექვემდებარა ზემოხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რაზედაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2010 წლის 6 ოქტომბერს ჩატარებულ განმეორებით აუქციონზე ჯ.ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძინა ე.ზ-ემ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხემ (ჯ.ჯ-ემ) მონაწილეობა მიიღო საარბიტრაჟო განხილვაში და პრეტენზია არ გამოუთქვამს საქმის განმხილველი არბიტრაჟის კომპეტენციაზე. მოპასუხეს არც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 14-17; 20-21; 22-23; 84-94).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავისა და უთანხმოების არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე ბათილი ან ძალადაკარგული არ არის, იგი იურიდიული ძალის მქონეა, შესაბამისად, ჯ.ჯ-ის სარჩელი 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი. აქედან გამომდინარე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ამ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომელიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები, თუ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის რაიმე განსხვავებული წესი არც საკასაციო და არც სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის არაა დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის რაიმე განსხვავებულ წესს სააპელაციო და საკასაციო წარმოება არ ითვალისწინებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლოს განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ჯ. ჯ-ის განცხადებაზე სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; ამასთან, უნდა გაუქმდეს მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება ჯ. ჯ-ის განცხადებაზე სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინება, რომლითაც ე. ზ-ეს აეკრძალა ქ.ქუთაისში, გ-ის ქუჩის მესამე შესახვევის №9-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: #...) გასხვისება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე