Facebook Twitter

საქმე №ას-442-418-2013 13 მაისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. ფ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ მიმართ მოსარჩლისთვის გადასაცემი არასაცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ შპს „ა-ის“ 180000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 23687 აშშ დოლარისა და სარემონტო სამუშაოების ხარჯის - 10200 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხე შპს „ა-მა“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ს“ გ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 62368 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო 151519 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ფ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება არასაცხოვრებელი ფართის ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, როლითაც შპს „ა-ს“ გ. ფ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 120000 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ფ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ანალოგიის გზით გამოყენების, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „ა-ის“, როგორც შპს „ძ. თ-ი 3-ის“, შპს „ბ კ-ა“ და შპს „ა-ის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ამ საზოგადოებაში კუთვნილი წილის აღმასრულებლისათვის სეკვესტრის (იძულებითი მართვის) სახით გადაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ. ფ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 78-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის პირველსა და მე-2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, ხოლო სეკვესტრი (იძულებითი მართვა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა, რომელსაც სასამართლო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლო ვერ გამოიყენებდა ისევე, როგორც აღსრულების სხვა სახეებს: იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციასა და იძულებით აუქციონს, რადგან ამ ღონისძიებათა გამოყენება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების მიმართ დაიშვებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 78-ე მუხლების კონტექსტში.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ.ფ-მა, მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და შპს „ძ. თ-ი 3-ში“, შპს „ბ კ-ა“ და შპს „ა-ი“ შპს „ა-ის“ კუთვნილი 100%-იანი წილის სეკვესტრით აღმასრულებლისათვის გადაცემა შემდეგი საფუძვლებით:

საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, ნივთის იძულებითი მართვა სააღსრულებო წარმოებისათვის გათვალისიწინებული აღსრულების სახეს წარმოადგენს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, ასევე 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების სახედაც შეიძლება იქნას გამოყენებული. სამეწარმეო საზოგადოებების მიერ, სადაც დამფუძნებელს შპს „ა-ი“ წარმოადგენს, კუთვნილი ქონების გასხვისებისათვის საჭიროა ასევე შპს „ა-ის“ ნებართვა (გადაწყვეტილება), ხოლო მოპასუხის მიერ კუთვნილი წილების არასათანადო მართვის შემთხვევაში მოსალოდნელია მისი კუთვნილი დივიდენდის შემცირება, რაც წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის, ხოლო მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია, ამასთან, კუთვნილი წილის არასათანადოდ მართვის შემთხვევაში, მოსალოდნელია მოპასუხის კუთვნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შემცირება, რაც, თავის მხრივ, ამ ქონების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შემთხვევაში, არ დაფარავს რეალიზაციიდან ამოსაღები თანხის ოდენობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით, ამავე პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლობის მოტივით განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, გ. ფ-ის საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი შპს „ა-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს გ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 62368 აშშ დოლარის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი და შპს „ა-ს“ დამატებით დაეკისრა 120000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემა.

უდავოა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და მის თაობაზე მიმდინარეობს საკასაციო წარმოება, ამასთანავე, გადაწყვეტილება არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და არც დავის საგანი განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით განსაზღვრულ კანონისმიერ დათქმას მისი დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ფ-ი მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს „ძ. თ-ი 3-ი“, შპს „ბ კ-ა“ და შპს „ა-ი“ მოპასუხე შპს „ა-ის“ კუთვნილი 100%-იანი წილის სეკვესტრით (იძულებითი მართვის სახით) აღმასრულებლისათვის გადაცემას.

სააპელაციო პალატამ განცხადებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაამყარა იმ გარემოებას, რომ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სეკვესტრით გადაცემა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, გათვალისწინებულია მხოლოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას, რასაც საკასაციო პალატა ცალსახად არ ეთანხმება და ამ მიმართებით სავსებით იზიარებს გ. ფ-ის მოსაზრებას, რომ ნივთის (ქონების) სეკვესტრით გადაცემა სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სახეა და სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია მისი, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმაში, მართალია, საუბარია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა ამ წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს. სასამართლოს როლი უზრუნველყოფის, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ საკითხის კვლევისას შემოიფარგლება მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებისა და მოთხოვნილი ღონისძიების მართებულობის კვლევით, აღნიშნულის დასკვნის საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში გ. ფ-ი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძვლად, მართალია, ფორმალურად მიუთითებს იმ გონივრულ რისკზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლითაა გათვალისწინებული, თუმცა ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სარჩელის პირობებში, როდესაც დადგენილია თანხის ერთობლივად დაკისრება და სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ვალდებულების პერიოდულად შესრულება, ნივთის (არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) სეკვესტრით გადაცემა, თავად იძულებითი მართვის ინსტიტუტიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის იმ გონივრულ საფუძველს, რაც საკმარისი და ლეგიტიმური წინაპირობა იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიზნებისათვის, ამდენად, მართალია სააპელაციო პალატამ, სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება, თუმცა, ვინაიდან დადგენილი სამართლებრივი შედეგი არსებითად სწორია, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გ. ფ-ის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე