Facebook Twitter

№ას-97-92-2013 2 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი, გ. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა და გ. პ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა-სა“ და შპს „ვ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის, მათ სასარგებლოდ“ სოლიდარულად პირგასამტეხლოს - 70000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს მ. კ-სა და გ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შ. ბ-დ-სა და შპს „ა-ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3000 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელი, შპს „ვ-ის“ შ. ბ-დ-ან და შპს „ა-ან“ ერთად სოლიდარულად 70000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და გ. პ-ემ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2012 წლის 1 ნოემბერს აპელანტების წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოითხოვა მოპასუხე შპს „ა-ის“ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ თბილისი თ-ის ქუჩა N13 ში მდებარე 144.32 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე (საკადასტრო კოდი ...) და ქ თბილისი ა.ყ-ის N24გ მდებარე 1376.82 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისნ 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ. კ-სა და გ. პ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ს“ აეკრძალა, მისი კუთვნილი ქონების, ქ. თბილისში, თ-ის ქუჩა N13-ში მდებარე 144.32 კვ.მ. საცხოვრებელ ფართისა (საკადასტრო კოდი ...) და ქ. თბილისში, ა. ყ-ის N24გ მდებარე 1376.82 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართის (საკადასტრო კოდი ...) გასხვისება და შემდგომი უფლებრივი დატვირთვა შემდეგი დასაბუთებით:

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) წარმოადგენდა არასაცხოვრებელ ფართს, რომლის სხვადასხვა ნაწილებზე დადებულია რამდენიმე იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოპასუხე აღნიშნულ ქონებას იყენებს კომერციული მიზნით და ღებულობს შემოსავალს. ამასთან, როგორც აღნიშნული ქონება, ასევე საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი ...), წარმოადგენს არაერთი იპოთეკის ხელშეკრულების საგანს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ღირებულებას. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების და უფლებრივი დატვირთვის შემდგომი აკრძალვა უზრუნველყოფს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებას. რაც შეეხება ყადაღას, მისი გამოყენება მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავლის შეწყვეტის საფუძველია, რითაც დაუშვებლად შეილახება მისი უფლება, ამასთან, იგი სცილდება მოსარჩელის უფლებების დაცვის საჭიროების ფარგლებს.

2012 წლის 3 დეკემბერს შპს „ა-ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, მართალია სასამართლოს მიერ გასხვისებისა და შემდგომში უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა ეხება ფართის ნაწილს, კონკრეტულად 1376,82 კვ,მ-ს მაგრამ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ფართის რომელი ნაწილია შეზღუდვის ქვეშ. ამის გამო რეალუარდ შეზღუდვა ვრცელდება მთლიან ფართზე, ვინაიდან შეზღუდვისაგან თავისუფალი ფართის ნაწილზეც ვარ ხორციელდება უფლებრივი რეგისტრაცია თუ სხვა მოქმედება. შესაბამისად, არასაცხოვრებელი ფართის, კერძოდ, 1376.82 კვ.მ-ის გასხვისების აკრძალვის გამო ვერ ხერხდება მთლიანი ფართის (8074 კვ.მ) გამოყენება-გასხვისება ანდა უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა. რაც შეეხება ქ. თბილისში, თ-ის ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე მიღებულ გადაწყვეტილებას გასხვისებისა ან შემდგომში უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის შესახებ, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, მითითებული ფართი წარმოადგენს არაერთი იპოთეკის ხელშეკრულების საგანს, რაც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე ვერ შეასრულებს იმ იპოთეკის ხელშეკრუელბით გათვალისწინებულ პირობებს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკითაა დატვირთული აღნიშნული ბინა, იპოთეკარებმა ფართის გაყიდვით უნდა განახორციელონ უფლებების რეალიზაცია, სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტიელბის მირებით კი, არ არის გათვალისწინებული შპს „ა-ა“ და მესამე პირების – იპოთეკარებისა და მეიჯარეების ინტერესები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ა-ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მოსარჩელის ინტერესებს ემსახურება და ადგენს მყარ გარანტიას იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გაჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა უძრავ ქონებაზე (ქონება(საკადასტრო კოდი ...) წარმოადგენს 1376.82 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს, განლაგებულს 8074 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის პირველ სართულზე, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს რამდენიმე იპოთეკის საგანს, ასევე მის სხვადასხვა ნაწილზე დადებულია იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებები; როგორც ზემოაღნიშნული ქონება, ასევე საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი ...), წარმოადგენს არაერთი იპოთეკის ხელშეკრულების საგანს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ღირებულებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საჩივრის ავტორის არგუმენტის – მთლიანი ფართის 8074 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოუყენლობის თაობაზე და იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ფართის რომელი ნაწილია შეზღუდვის ქვეშ.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქ. თბილისში, თ-ის ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელ ფართი, რომელზეც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – აღნიშნული ფართის გასხვისებისა ან შემდგომში უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, საჯარო რეესტრის ამონაწერიის თანახმად, წარმოადგენს არაერთი იპოთეკის ხელშეკრულების საგანს, რაც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე ვერ შეასრულებს იმ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკითაა დატვირთული აღნიშნული ბინა, იპოთეკარებმა ფართის გაყიდვით უნდა განახორციელონ უფლებების რეალიზაცია, სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტიელბის მიღებით კი, არ არის გათვალისწინებული შპს „ა-სა“ და მესამე პირების – იპოთეკარებისა და მეიჯარეების ინტერესები. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება გარანტირებულია იმ პირთათვის, რომლის უფლების დარღვევასაც აქვს ადგილი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საჩივრის ავტორის არგუმენტი მოყვანილია იპოთეკარის უფლებებიდან გამომდინარე და ამ საფუძვლით შპს „ა-ის“ საჩივრის დაკმაყოფილება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ა-ის“ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ა-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე