№ ას-10-8-2013 2 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ი, ლ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-სა და ლ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: რ. კ-ის აწ გარდაცვლილი შ. კ-ის კომლის უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა; საჯარო რეესტრში ლ. კ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე რ. კ-ის თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა; აწ გარდაცვლილი ი. კ-ის კომლის უძრავ ქონებაზე რ. კ-ის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა; რ. კ-ის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი მდებარე უძრავი ქონების – 4997 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 61 კვ.მ სახლის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა; რ. კ-ის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი მდებარე უძრავი ქონების – 1499 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 191 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე რ. კ-ს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ვალი გადახდა. გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, ვინაიდან რ. კ-ი თანხის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, საჯარო რეესტრში არ არეგისტრირებს ქონებას, რომელზეც მას გააჩნია საკუთრების უფლება, რომლის რეგისტრაციის გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია.
მოპასუხე რ. კ-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, იგი დაეთანხმა აწ გარდაცვლილი შ. კ-ის კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას და საჯარო რეესტრში მის მესაკუთრედ აღრიცხვას. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მისი მშობლების – ი. და ლ. კ-ის ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა ძმამ ლ. კ-მა და წარმოადგენს მის საკუთრებას, ამიტომ მან თავისი ქონებით პასუხი არ უნდა აგოს ძმის ვალდებულებებზე.
მოპასუხე ლ. კ-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. კ-ი ცნობილ იქნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. (შ.ა) კ-ის კომლის უძრავი ქონების- 1.25 ჰა მიწის ნაკვეთის და 20 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ და განხორციელდა საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვა, რ. კ-ი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ლ. კ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით ... თანამესაკუთრედ 1/2 ნაწილში და განხორციელდა საჯარო რეესტრში მისი თანამესაკუთრედ აღრიცხვა, მოსარჩელეს დანარჩენ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვტეილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 10.07.2008წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე რ. კ-ს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 14 447 ლარის გადახდა (ტ.I, ს.ფ. 13,14). ამავე სასამართლოს 04.07.2010წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 7 150 ლარის და შემდგომ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ დღე 10 ლარის გადახდა (ტ.I, ს.ფ. 15,16).
მხარეები არ დავობენ და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებები აღსრულებულია ნაწილობრივ. კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარე: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ბ-ი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 3 774 კვ.მ., მეორე უშედეგო იძულებითი საჯარო აუქციონის შემდგომ ნატურით გადაეცა კრედიტორ გ. გ-ას და საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე (ტ.I, ს.ფ.36, 37). სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების სრულად გადახდევინება ვერ ხორციელდება რ. კ-ის სახელზე სხვა ქონების აღურიცხავობის გამო, რომელზეც შესაძლებელი იქნოდა გადახდევინების მიქცევა (ტ.I, ს.ფ. 23-25, 36-43).
გ. გ-ა აღძრული სარჩელის საფუძველად უთითებს სწორედ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე რ. კ-ი თავს არიდებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხების გადახდას, იძულებითი აღსრულება კი ვერ ხორციელდება, რამეთუ საჯარო რეესტრში არ არის აღრიცხული რ. კ-ის, როგორც მემკვიდრის უფლებები ბებიის - შ. (შ.ა) კ-ის და მშობლების - ლ. და ი. კ-ის სამკვიდრო ქონებაზე. ამ ქონების საჯარო რეესტრში იძულებით აღრიცხვა წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალის გადახდის საშუალებას.
სარჩელის დაკამაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ტ.III, ს.ფ. 179).
პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 28.02.2012წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ გაიზიარა რ. კ-ის განმარტება მასზე, რომ ტექბიუროს საარქივო დოკუმენტებში და საკომლო წიგნებში მითითებული იყო ერთი და იგივე უძრავი ქონება და საკომლო წიგნებში აღრიცხული ქონების გარდა მის მშობლებს და ბებიას სხვა უძრავი ქონება არ გააჩნდათ. სასამართლომ განმარტა, რომ ტექბიუროში აღრიცხულ უძრავ ქონებაზე რ. კ-ის მესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც მიუთითებდა - სად მდებარეობს ტექბიუროში აღრიცხული სადავო ქონება, ვის ეკუთვნის იგი, ფლობს და განკარგავს თუ არა ამ ქონებას მოპასუხე რ. კ-ი (ტ.II, ს.ფ.27-32).
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივარის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უნდა დადგენილიყო: მოსარჩელის მიერ მითითებული 5 ნივთიდან თითოეული არის ცალკე ობიექტი, თუ სახეზეა სხვადასხვა საარქივო მონაცემებში ერთიდაიგივე ობიექტების მითითება სხვადასხვა რეკვიზიტით.
ზემოაღნიშნულ საკითხთა გამორკვევის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 06.11.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოდან მოწვეული სპეციალისტი ბ. ბ-ე.
მოსარჩელე ითხოვს (მე-4 სასარჩელო მოთხოვნა) რ. კ-ის სახელზე აღრიცხოს: იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემულ ცნობაში შ. კ-ის სახელზე რიცხულ ქონებად მითითებული, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ბ-ი მდებარე 4997 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა საერთო ფართით 61 კვ.მ. (ტ. I, ს.ფ.185, 186).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოდან მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნებში მეოთხე ნომრად მითითებული უძრავი ქონება - ლაგოდეხის რაიონის სოფ. ბ-ი, 4997 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა საერთო ფართით 61 კვ.მ და გადაწყვეტილებით მიკუთვნებული (პირველი სასარჩელო მოთხოვნა) უძრავი ქონება - ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. (შ.) კ-ის კომლის უძრავი ქონება - 1,25ჰა მიწის ნაკვეთი და 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ნივთს. სპეციალისტის განმარტებით, ერთი და იგივე კომლის ქონებაზეა საუბარი ( თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2012წ. სხდომის ოქმი ჩD დისკზე, 16:16:20 – 16:16:45).
მოსარჩელე ასევე ითხოვს (მე-3 და მე-5 მოთხოვნები) მოპასუხე რ. კ-ის საკუთრებად იქნეს ცნობილი და მის სახელზე აღირიცხოს:
- ი. კ-ის კომლის უძრავი ქონება - ლაგოდეხის რაიონი სოფ. ბ-ი 1,25ჰა მიწის ფართობი და 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი;
- უძრავი ქონება - ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი, ს-ის ქუჩა - 1499კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი.
საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ლაგოდეხის არქივის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, საარქივო დოკუმენტებში ი. კ-ი აღრიცხულია ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად და მასზე დარიცხულია 1,25ჰა მიწის ფართობის და 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ტ. I, ს.ფ. 33).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი, 1499კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი ირიცხება ლ. ი. ძე კ-ის (მოპასუხეთა მამა) სახელზე (ტ.I, ს.ფ.137,138).
სპეციალისტის განმარტებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ის ქონება, რაც მოპასუხე ლ. კ-მა, როგორც ი. კ-ის (მოპასუხეთა დედა) მემკვიდრემ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავდაპირველად ირიცხებოდა ლ. ი. ძე კ-ის (მოპასუხეთა მამა) სახელზე, შემდგომში კი, უკვე როგორც ი. კ-ის სამკვიდრო, გადავიდა მის შვილზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:11:08-16:46:39).
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა რ. კ-ის ძმის ლ. კ-ის უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) თანამესაკუთრედ ცნობაზე დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის მსჯელობას, რომ ი. კ-ის კომლის სახელზე რიცხული ქონებიდან ლ. კ-ზე, როგორც ი. კ-ის მემკვიდრეზე მემკვიდრეობით გადასული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... წარმოადგენს ი. კ-ის კომლის ქონების მხოლოდ ნაწილს და დანარჩენი უძრავი ქონება რეგისტრირდება ლ. კ-ის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2012წ. სხდომის ოქმი ჩD დისკზე, 16:52:23-16:53:10; 17:08:28-17:10:52), აღნიშნული ვერ გახდება სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რესტრიდან, საიდანაც დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ლაგოდეხის რაიონი სოფელი ბ-ი, დაზუსტებული ფართობი 3068.00, საკადასტრო კოდი ... საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. კ-ის სახელზე სოფელ ბ-ის საკრებულოს 14.03.1997წ. №27 ოქმის საფუძველზე (ტ.II, ს.ფ.76). უძრავი ქონება, მდებარე ლაგოდეხის რაიონი სოფელი ბ-ი, დაზუსტებული ფართობი 3772.00, საკადასტრო კოდი ... საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ლ. კ-ის სახელზე ირიცხება სოფელ ბ-ის საკრებულოს 14.03.1997წ. №27 ოქმის საფუძველზე (ტ.II, ს.ფ.77).
ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ლაგოდეხის რაიონი სოფელი ბ-ი მდებარე ორი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ... და ...) ლ. ლ. ძე კ-ის სახელზე ირიცხება სოფელ ბ-ის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე და აღნიშნული უძრავი ნივთები მათი რეგისტრაციის საფუძვლის შედავების გარეშე ამჟამად ვერ იქნება განხილული ლ. ი. ძე კ-ის და ი.ა კ-ს სამკვიდროში შემავალ აქტივებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების ფაქტობრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე, 125-ე (1964 წლის რედაქცია), სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1334-1336-ე, 1421-ე და 1433-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომ რ. კ-ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი მდებარე უძრავი ქონების 4997 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთის და 61 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ, რის შესაბამისად მოხდეს საჯარო რეესტრში მისი მესაკუთრედ აღრიცხვა. სასამართლო პროცესზე რ. კ-მა ახსნა-განმარტებაში დაადასტურა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ აწ გარდაცვლილი შ. კ-ის მემკვიდრე არის რ. კ-ი, ხოლო სასამართლომ მესაკუთრედ ცნო მხოლოდ შ. კ-ის სამკვიდრო ქონების ნაწილში და არ ცნო მესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული და აღრიცხული შ. კ-ის სახელზე უძრავი ქონების, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი 4997 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთის და 61 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ, რითიც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლის სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა, რომ ნაწილი მემკივდრეობის მიღება ნიშნავს მთლიანად მამკივდრებლის სახელზე მთელ დანაშთ სამკვიდრო ქონების მიღებას და მესაკუთრედ ცნობას. სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომ რ. კ-ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ მამის ლ. (ლ.) კ-ის სამკვიდრო ქონების მდებარე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ი 1499 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთის და 102 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის 1/2½ წილის მესაკუთრედ, სასამართლო მიუთითებს, რომ რ. და ლ. კ-ის მამის – ლ. (ლ.) კ-ის კომლის წევრები იყვნენ თვითონ ლ. (ლ.) კ-ი და მისი მეუღლე ი. კ-ი. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა ი. კ-ს, რომელმაც არ აღრიცხა აღნიშნული ქონება თავის სახელზე, ხოლო ი. კ-ის გარადცვალების შემდეგ მამის ქონება თანაბარ წილად ეკუთვნის ორივე ძმას, კერძოდ ½-½ წილი რ. კ-ს. სასამართლო არ იყენებს მიწის ნაკვეთის ჩამოთვლის დროს მათ საკადასტო ნომერს, როცა მათ ის გააჩნია, რაც იწვევს გაუგებრობას, სასამართლომ აღიარა გადაწყვეტილების №1 პუნქტში, რომ რ. კ-ი ფლობს აწ გარდაცვლილი შ. (შ.) კ-ის კომლის უძრავი ქონების 1,25 ჰა მიწის ნაკვეთს და 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართს და უნდა მოხდეს საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვა, მაგრამ მოსამართლემ გამოტოვა მიწის ნაკვეთი და ბებიის ძველი შენობა, რომელსაც 2009 წლის 9 ივლისს თვითონ დაადო ყადაღა ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ, შემდგომში კი, მოპასუხე რ.კ-მა თავის საჩივარში (ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წ. 9 ივლისის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) დაასახელა ეს მიწის ნაკვეთი 3656 კვ.მ. საკადასტრო კოდი ... და მასზე მდგარი ძველი სახლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გ. გ-ა, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე