Facebook Twitter
#bs-675-643(ks-07) 23 ivlisi, 2007w

№ას-174-167-2013 17 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ე-ის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9600 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე, შპს „ე-ის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას გადაუხდელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მიზნით;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე შპს „ე-ის“ იურისტის თანამდებობაზე მუშაობისას გადაუხდელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მიზნით;

3. შპს „ე-ას“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 312 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მ. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს „ე-ას“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 20 აგვისტოდან ყოველდღიურად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით დაკისრებული 800 ლარის ანაზღაურებამდე, 0.56 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს როგორც ძირითად, ისე დამატებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ე-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ე-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის საფუძველი:

აპელანტმა დანიშნულ ვადაში შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, მან 2012 წლის 21 დეკემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 448 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით. ამდენად, შესაბამის ანგარიშზე ბაჟის გადახდა მოხდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არ მომხდარა ხსენებული ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, რეალურად ხარვეზი გამოსწორებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაშია გადახდილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით და სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ შპს „ე-ამ“ სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 448 ლარი, რომელიც მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმეზე №ას-174-167-2013, შპს „ე-ის“ კერძო საჩივრისა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებაზე, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 10 მაისს გამოტანილია განჩინება, მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;

2. შპს „ე-ას“ დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 448 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 21 დეკემბერი, საგადახდო დავალება №...);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე